
–“ქმრის მშობლებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს. მათ ძალიან მაწყენინეს. ამის გამო, ქმართან ერთად სხვა ქვეყანაში გადავედი. დავიწყეთ ცხოვრება, მუშაობა, შევიძინეთ ბინები. თუმცა, დაფეხმძიმება დიდხანს არ შემეძლო. მათ სადღაც მოისმინეს, რომ ჩემი სისხლის ჯგუფის ქალებს ბავშვების გაჩენა არ შეეძლოთ. დაიწყეს ტელეფონში ჩემი შეურაცხყოფა, თურმე, მეორე ხარისხის ადამიანი ვარ და არავინ მომიყვანდა ცოლად ასეთს. კიდევ ბევრი რამ მითხრეს. შემდეგ, დედამთილმა დედაჩემს დაურეკა და მასაც ათასი საზიზღრობა უთხრა. ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტეთ.
დავფეხმძიმდი, ჯანმრთელი ქალიშვილი გავაჩინე. ქმრის მშობლები იმ ქვეყანაში გადმოვიდნენ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იქირავეს ბინა ჩვენსავე მოედანზე – და დაიწყო… ყოველდღე სურთ შვილიშვილის ნახვა. მე კი არ მინდა მათი დანახვა. ქმართან სკანდალების შემდეგ გადაწყდა, რომ ისინი ყოველ მეორე დღეს მოვიდოდნენ. თუმცა, მათ ვერ ვიტან. ქმარმა ეს მშვენივრად იცის. მისი მშობლების მოსვლამდე, კარგი ურთიერთობა გვქონდა: ქმარი მეხმარებოდა ბავშვის მოვლაში, საავადმყოფოში წაყვანაში, აცრებზე თავად მიჰყავდა, აფთიაქშიც ჩემთან ერთად მოდიოდა, საკმაოდ კარგ ხელფასზე მუშაობდა. ახლა იგი ყოველდღე მეჩხუბება. საქმე ლამის განქორწინებამდე მივიდა.
ბოლო დროს წონასწორობა დავკარგე – ან ჰორმონების გამო, ან უბრალოდ აღარ მომწონს ასეთი ცხოვრება.”
ირინა, 29 წლის.
ქალბატონის წერილს პასუხობს ფსიქოთერაპევტი ალექსანდრე შახოვი.
–“ირინა, ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში განქორწინება ერთადერთი გზა არაა. მესმის, რომ ახლა ძალიან გაგიჭირდებათ ქმრის მშობლებთან შერიგება, თუმცა, ეს სავსებით შესაფერისი ვარიანტია მოვლენათა განვითარებისთვის. მესმის, რომ მათ შეურაცხგყვეს, რომ მათთან რთული ურთიერთობა გაქვთ. თუმცა, არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა თავიდან ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, შემდეგ კი, არანაკლებ ნეიტრალური ურთიერთობა მაინც აქვთ.
ამიტომ, ოჯახის დანგრევის ნაცვლად, შეგიძლიათ სცადოთ პირადი საზღვრების გამოკვეთა და ურთიერთობის დალაგება. ამისთვის, გაესაუბრეთ ქმარს და ეცადეთ, მასთან ერთად იპოვოთ სიტუაციიდან გამოსავალი. შეგიძლიათ, მას პირდაპირ უთხრათ, რომ ემოციურ ჩიხში ხართ და მხოლოდ ორ ვარიანტს ხედავთ: ან განქორწინებას, ან მის მშობლებთან ურთიერთობის დალაგებას, რაშიც მან უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს. სხვა ალტერნატივები არ გაქვთ.
ასე გამოკვეთთ პირად ზღვარს, შემდეგ კი შეძლებთ ურთიერთობების განვითარების გარკვეული პირობების წამოყენებას. ალბათ, თქვენ ის მაინც გსურთ, რომ მათ ბოდიში მოგიხადონ და აღიარონ, რომ შეცდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ასე მოხდა. რამდენად გადაჭრიდა ეს თქვენს პრობლემას? შეძლებდით ამის შემდეგ მათ მიღებასა და პატიებას, თუნდაც ნაწილობრივ?
ვფიქრობ, თუ ქმარს ამ პირობას წაუყენებთ, იგი უკეთ გაიგებს საკითხის სიმწვავეს. ახლა ეს მას არ ესმის, ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა და თქვენ გადმოგაბაროთ იგი, რამდენადაც მისთვის რთულია საკუთარ მშობლებზე გავლენის მოხდენა, მას არ შეუძლია, იყოს ობიექტური. თუმცა, თუ იგი გაფასებთ თქვენ და ოჯახს, თუ მისი გადარჩენა სურს, მოუწევს შემოქმედის, შუამავლის როლის მორგება, რომელიც ორ მტრულად განწყობილ მხარეს დაეხმარება შერიგებაში.
თუ მხოლოდ თქვენ აპატიებთ, დიდი ალბათობით, სიტუაცია განმეორდება.
თქვენ შეგიძლიათ, მას ერთგვარი დიპლომატის როლი მიანდოთ, რომელიც მის მშობლებს გადასცემს თქვენს პირობებს ურთიერთობების განსავითარებლად. ვფიქრობ, დაგეხმარებოდათ იმ ნეგატიური ემოციური მუხტისგან განთავისუფლებაც, რომელიც თქვენშია დაგროვილი. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, ემოტოლოგს, ან გაიაროთ სპეციალიზებული ფსიქოლოგიური კურსი. საკუთარ თავში ძალიან დიდი რაოდენობით მიჩქმალულ ბრაზს ინახავთ, რომლისგან უნდა გათავისუფლდეთ.
თუ ამას გააკეთებთ, შეძლებთ სიტუაციის უფრო ობიექტურად შეფასებას და თუნდაც ნეიტრალური ურთიერთობის აწყობას ქმრის მშობლებთან. გამორიცხული არაა, რომ ისინი თავადაც გადახედავენ თქვენდამი დამოკიდებულებას. თქვენი ქალიშვილი კი მიიღებს ბებიასა და ბაბუას, რაც, აგრეთვე, გააძლიერებს ოჯახს და დაეხმარება გოგონას ბედნიერად განვითარებაში.
მესმის ისიც, რომ ქმარზეც ნაწყენი ხარტ. ნებისმიერ ურთიერთობაში, გარდაუვალია კამათი და შეცდომები, თუმცა, პარტნიორთა საერთო დავალებაა ამ შეცდომების აღიარება, გამოთქმა და გამოსწორება, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად პატიებაც. თუმცა, ეს ვერ მოხდება ცალმხრივად. თუ მხოლოდ თქვენ აპატიებთ, დიდი ალბათობით, სიტუაცია განმეორდება. თქვენ გჭირდებათ იმის გარანტია, რომ ასე არ მოხდება, სწორედ ამიტომ უნდა გამართოთ დიალოგი ქმართან. თუ ამას ვერ შეძლებთ, შესაძლოა, საოჯახო ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდეთ.”