
პოზიტიური ფსიქოლოგია ირწმუნება, რომ იღბლის მოზიდვა სავსებით შესაძლებელია. რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ხშირად გვიმართლებდეს? ამასთან დაკავშირებულ რჩევებს მოგვცემს ფსიქოლოგი ფილიპ გაბიიე, ავტორი წიგნისა “იღბლის ქება”.
წარმატება – ესაა ძლიერი სურვილის ობიექტიცა და განსჯის საგანიც. ითვლება, რომ იღბლიანთა ორი ტიპი არსებობს: ისინი, ვინც “აგროვებს” ხელსაყრელ შემთხვევებს მხოლოდ იმიტომ, რომ იღბლიანი ვარსკვლავის ქვეშ გაჩნდნენ, და ისინი, ვისაც ძღვენი ზეციდან ჩამოუვარდათ (ლატარეის მოგება, საბედისწერო შეხვედრა, აუხსნელი განკურნება).
ფსიქოლოგი ფილიპ გაბიიე თვლის, რომ ეს პოსტულატი შევსებას საჭიროებს, თორემ მაგიისა და ფატალიზმის ჩარჩოებში ჩავრჩებით. “მართლად, შემთხვევითი გამართლება არსებობს, თუმცა, სახეზეა იღბლის სხვა სახეობაც, რომელსაც უნდა უბიძგოთ და გამოზარდოთ, ასეთი იღბალი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.”
ეს მიდგომა შეესაბამება რიჩარდ ვაიზმანის შეხედულებას. ესაა ბრიტანელი ფსიქოლოგი ჰერტფორდშირის უნივერსიტეტიდან, “იღბლის ფაქტორის” სპეციალისტი. ასობით იღბლიანი ადამიანის შესწავლამ მას საშუალება მისცა დაედგინა, რომ არსებობს იღბლის ორი სახეობა: პასიური (ლოტოში მოგება) და ფსიქოლოგიური, რომელიც ჩნდება ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების, პირადი პოზიციის გააზრებული ფორმულირების შედეგად. მისი კიდევ ერთი აღმოჩენაა ისიც, რომ მეორე სახის იღბალს შეუძლია განახლება, ამიტომ ფსიქოლოგი მას “ხანგრძლივ იღბალს” უწოდებს.
იღბლის ორივე სახეობა ხუთი ნაწილისგან შედგება, ვაიზმანის მოსახრებით: დროული შეხვედრა (სწორი ადამიანი სწორ მომენტში), საკვანძო ინფორმაცია, რომელიც გამოსადეგი აღმოჩნდა, ცვლილებებისადმი გახსნილობა (დადებითი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა), მოულოდნელი მოთხოვნა და საბედისწერო მოვლენა, რომელიც ცხოვრების ჩვეულ დინებას არღვევს.
“წარმატების გასახანგრძლივებლად,” – აზუსტებს გაბიიე, -“საჭიროა ნიადაგის მომზადება, რომელშიც ხელსაყრელი შესაძლებლობების მარცვალი შეძლებს განვითარებასა და გაძლიერებას.” ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ შემდეგ ოთხ დებულებას აითვისებთ.
1. დაისახეთ მიზანი
–“წარმატების გენერატორი რომ აამუშავოთ, იგი დაპროგრამებული და დარეგულირებული უნდა იყოს ჩვენ მიერვე არჩეული მიმართულებით.” – ამტკიცებს ფსიქოლოგი. –“მაშინ იგი აზრს მისცემს იმ მოვლენებს, რომლებიც თავს გვხვდება, და “წარმოშობს” იღბალს: სწორედ ჩვენი მიზნები, რომლებიც აუფერულებს გენერატორის მოქმედებას, მისი აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს.”
კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა, ცნობილი თავისი თვითეფექტურობის კონცეფციით, წერდა: “ჩვენს ადამიანურ ბუნებას ნაწილობრივ მართავს პირადი ფასეულობებისა და ნორმების ის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. იმის მექანიზმები, რაშიც ჩვენ, როგორც პიროვნებები, საკუთარ ფასეულობებს ვხედავთ, ნაწილობრივ განსაზღვრავს ჩვენი შეხვედრების გავლენას ჩვენი სოციალური განვითარების მიმართულებაზე.”
ესე იგი, თუ დროულად ჩამოყალიბებული, მკაფიო განზრახვა არ გაქვთ, არც ხანგრძლივი იღბალი გექნებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროექტის დეტალური დეტალური დაგეგმვით უნდა დაიწყოთ. საუბარი უფრო იმაზეა, რომ გამოარკვიოთ თქვენი სურვილები, იგრძნოთ, რა მიმართულებით გსურთ ცხოვრების განვითარება, რა აზრი უნდა შთაბეროთ მას.
პოზიტიური ინტენცია (ზრახვა) – ესაა ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი სურვილების კვინტესენცია, მათი განსაზღვრისთვის უნდა გაიგოთ, რა განიჭებთ შინაგანი აყვავების შეგრძნებას, რა დაგეხმარებათ მთელი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად ქცევაში. “რა არის ჩემი მოწოდება? რა მჭირდება, რა მინდა?” ეს ის კითხვებია, რომლებიც იღბლისკენ მიმავალ ჩვენს გზას უდევს საფუძვლად. შემდეგ, თითოეულმა ადამიანმა უნდა დააზუსტოს თავისი მოლოდინები, ხორცი შეასხას თავის მიზნებს: დაიწყოს დღიურის წარმოება, მიიღოს განათლება, შეხვდეს მას, ვისი სურვილებიც ემთხვევა მისსას.
2. სამყაროსადმი გახსნა
ეს ნიშნავს შინაგან მზაობას ახლის შემჩნევისთვის, ჩვენ გარშემო არსებული ყველაფრის მიღებისთვის. “ეს საერთო დებულებაა ყურადღებისა და მუდმივი სიფხიზლის შესახებ, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავიჭიროთ საინტერესო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ შევნიშნოთ ახალი ნაცნობობის პერსპექტივა, მივმართოთ ენერგია გარკვეული მიმართულებით.
ამრიგად, ჩვენ მრავალჯერ ვზრდით ჩვენს შანსებს, მიუხედავად იმისა, მიგვაჩნია თუ არა თავი ამ შესაძლებლობების გამოვლინების ნაწილად.” დროდადრო პაუზის გაკეთებით, გულის გადასაყოლებლად, ჩვენს ინტუიციას ვაძლევთ მუშაობის საშუალებას და ვთავისუფლდებით იღბლის მეტოქეების ძალაუფლებისგან – რუტინისა და ავტომატური აზროვნებისგან.
3. წარუმატებლობების გამოყენება
–“ყველაზე იღბლიანებიც არ არიან დაცული ბედისწერის დარტყმისა და მოულოდნელი უსიამოვნებებისგან, თუმცა, ისინი ეფექტურად და ხანგრძლივი შედეგით “ამუშავებენ” თავიანთ წარუმატებლობებს,” – აგრძელებს ფსიქოლოგი. –“სიბრაზის, დარდისა და წყენის დამარცხებით, ისინი საკუთარ თავში ეძებენ წარუმატებლობის მიზეზებს, პოულობენ სწორ შეფასებას, ითვალისწინებენ გარემოებებს, დაბოლოს, თავიანთ ჩავარდნას “მეორეულად დასამუშავებლად” იყენებენ.”
დასაწყისისთვის, ისინი გამოყოფენ შემთხვევით ან გარდაუვალ სიტუაციებს იმისგან, რაზეც პასუხს თავად აგებენ. “მათ, აგრეთვე, შეუძლიათ პარადოქსული გზით აღმოაჩინონ თავიანთი წარუმატებლობის შუა გულში იღბლის ჩანასახები, რამდენადაც, თითქმის ყოველთვის, შესაძლოა ყველაფერი უარესად ყოფილიყო.”
დაბოლოს, ისინი სვამენ ერთადერთ (ამ სიტუაციაში) მნიშვნელოვან კითხვას: რისი სწავლა შემიძლია ამ უსიამოვნებისგან? ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ და რა სიტუაციებში შევძლებ მის დადებით მოვლენად ქცევას? როგორ უნდა მოვიქცე, რომ იგი ჩემ სასარგებლოდ შემოვაბრუნო? როგორ უნდა გამოვიყენო სიტუაცია საჭირო ადამიანებთან შესახვედრად, ახალი ინფორმაციის მისაღებად, სხვა სამყაროს გასაღებად?
“გადამუშავების” ბოლო ეტაპი იქნება შანსების გენერატორის “გადატვირთვა”, რათა ახლა ახალი კარები გააღოთ, სხვა გზები იპოვოთ. დაკავდით უჩვეულო საქმიანობით, განაახლეთ ურთიერთობა ძველ ნაცნობებთან, მიიღეთ და გაგზავნეთ მოწვევები, შეაგროვეთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო თემაზე… თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა იპოვოს გზა, შემოუშვას ახალი ქარი თავის სამყაროში და იღბალს ახალი ინგრედიენტები დაუმატოს, როგორც არ უნდა ვეძახდეთ მას – დროული შეხვედრა, საკვანძო ინფორმაცია, ახალი სამყარო, მოულოდნელი მოთხოვნა…
4. სხვებისთვის თილისმის როლის მორგება
–“იღბალი – ესაა სხვები.” – ამტკიცებს ფილიპ გაბიიე. რაც უფრო ფართოა ჩვენი პირადი კონტაქტების ქსელი, რაც უფრო მეტია ნაცნობი, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ იღბლიანი შემთხვევა მოგვეცემა. რიჩარდ ვაიზმანი ამტკიცებს: იღბლიან ადამიანებს “ახასიათებთ მოლოდინი იმისა, რომ მისი ურთიერთობები სხვებთან ნაყოფიერი იქნება.”
რაღა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ურთიერთობის დაწყებისას, ჩვენ გამოვავლენთ დიდსულოვნებას, სხვებისადმი ყურადღებას და დავეხმარებით უანგაროდ, თორემ ნაცნობობა კონტაქტების სიის შევსების ანგარებიან და ეგოისტურ შევსებად იქცევა. აი, რატომ გჭირდებათ საკუთარი თავის გაცემის ენერგია, გარდა კონტაქტებისა, თორემ ხანგრძლივი გამართლების საფუძველს ვერ ჩაასხამთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად უნდა ვიქცეთ სხვების თილისმებად, მოვუტანოთ წარმატება და იღბალი.
–“სიყვარულს, ცოდნასა და იღბალს ერთი საერთო რამ ახასიათებთ: ისინი იმისთვის შეიქმნა, რომ შეუწყვეტლად იტრიალონ საზოგადოებაში, ერთმანეთს დააკავშირონ ადამიანები და შექმნან ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები.” – ამბობს ფსიქოლოგი. –“სხვებისთვის წარმატების მოსატანად, საკმარისია მათთვის ყურადღებისა და დროის დათმობა, მოსასმენად მზადყოფნა. თანამოსაუბრისთვის მნიშვნელოვანი ცნობების მიცემით, მისთვის შესაძლებლობათა ახალი ველის გახსნით, წარუმატებლობების დროს მის გვერდით ყოფნით, თქვენ მას უკეთესობისკენ შეცვლის შანსს გაუზრდით.”
თანაგრძნობისა და სოლიდარულობის გამოვლინებით, ჩვენ არამხოლოდ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავს მომავალი იღბლის მარაგით, არამედ ვავსებთ ცხოვრებას აზრითა და სიღრმით.