
მოწიფულ ასაკში სხეულის კარგი ბალანისის შენარჩუნების უნარი, შესაძლოა იყოს ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობა.
,,ადამიანის უნარმა, შეინარჩუნოს კონტროლი საკუთარი სხეულის ბალანსზე, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, რამდენად ხანგრძლივი თუ ხანმოკლე იქნება მისი სიცოცხლე’’– განაცხადა ბრიტანელმა ექიმმა მაიკლ მოსლიმ.
მედიკოსის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად, სხეულის კარგი ბალანსის შენარჩუნება მიგვანიშნებს შინაგანი ორგანოების გამართულ მოქმედებაზე. თავის მხრივ, კუნთოვანი სისტემის გამკვრივების, კარგი ტანადობის და წონასწორობის დასაცავად მიღებული ზომები აუმჯობესებს სხეულის ბალანსის შენარჩუნებას და აგვიანებს დაბერებას.
საკუთარი სხეულის ბალანსის შესამოწმებლად ექიმი მოსლი გვთავაზობს ჩავიტაროთ შემდეგი ტესტი. ტესტის ჩასატარებლად საჭიროა დავდგეთ ცალ ფეხზე, დახუჭული თვალებით. რაც უფრო ხანგრძლივად და მყარად დგას ადამიანი, მით უფრო კარგია მისი სხეულის ბალანსი. სპეციალისტი გვაცნობს ერთერთი ვრცელი კვლევის შედეგეგს: ,,იმაზე, თუ რამდენ ხანს შეძლებენ 50 წელს გადაცილებული ქალბატონები დახუჭული თვალებით, ცალ ფეხზე დგომას, დამოკიდებულია იქნებიან თუ არა ისინი ცოცხლები 13 წლის შემდეგ”.
ექიმი ფიზიოლოგი დოუნ სკელტონი გლაზკოს უნივერსიტეტიდან, აღნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სხეულის წონასწორობაზე კონტროლის შენარჩუნების დაქვეითება ემართება ნებისმიერ ადამიანს. პროფესორმა სკელტონმა ახსნა, რომ ორგანიზმის ყველა სისტემის ინტეგრაცია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნას, იწყებს შესუსტებულ მოქმედებას 35-დან 40 წლამდე ასაკში. სკელტონი ამბობს, იმისთვის რომ სხეული იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ტვინი იყენებს ნეირონულ შეტყობინებებს შუა ყურში არსებული წონასწორობის ორგანოებიდან. ასევე იყენებს ნეირონულ შეტყობინებებს თვალებიდან, კუნთებიდან და სახსრებიდან. ნეიროსიგნალების ნაკადის ერთობლიობა საშუალებას აძლევს ტვინს, განაგოს სხეულის გადაადგილება სივრცეში. დაბერების ასაკის მოახლოებასთან ერთად, ადამიანი ხდება ფიზიკურად ნაკლებად აქტიური, კუნთები დუნდება, ტვინი კი ნაკლებად კარგად ამუშავებს სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ სენსორულ სიგნალებს.
,,ბალანსის დაქვეითება შესაძლოა იყოს ჰორმონალური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაქვეითებულად მოქმედების მარკერი. ეს ასევე კავშირშია თვალების და სხვა მგრძნობელობის ორგანოების, სახსრების და შუა ყურის მდგომარეობასთან’’,-აღნიშნა პროფესორმა სკელტონმა.
აღნიშნა რა, სხეულის ბალანსის გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მან დაადასტურა, რომ მეცნიერებისთვის ცნობილია ფაქტი, რომ სხეულის ცუდი ბალანსის მქონე ადამიანები არ ცოცხლობენ დიდ ხანს. მეცნიერის აზრით, ეს დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებასთან.