
სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად უამრავი ადამიანი იკვებება ვეგანური ან ვეგეტარიანული დიეტით. თუმცა ზოგიერთი მათგანი უშვებს შეცდომებს, რომლებმაც შეიძლება გააუვნებელყოს ამგვარი დიეტით კვების სარგებელი.
არ აგვერიოს ერთმანეთში ვეგანები და ვეგეტარიანელები. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ცხოველური საკვების მიღებაზე, ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან ვეგანებს და ვეგეტარიანელებს. ვეგეტარიანელები არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ცხოველების დახოცვით მიღებულ საკვებზე, თუმცა მათთვის მისაღებია სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. მაგალითად, რძე და რძის პროდუქტები: ყველი, იოგურტი და სხვა. ვეგანები კი უარს ამბობენ ნებისმიერ საკვებზე, რომელიც ცხოველური წარმომავლობისაა.
კალორიების უკმარისობა. ვეგანების ან ვეგეტარიანელების რაციონში შემავალი საკვები უფრო ნაკლებკალორიულია, ვიდრე ადამიანების საკვები რაციონი, რომლებიც მიირთმევენ ხორც-პროდუქტებს. ამიტომ პირველ შემთხვევში რთულდება ორგანიზმის დაკმაყოფილება კალორიების მოთხოვნაზე. კალორიები არის ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი წყარო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არ დავუშვათ მათი დეფიციტი ისევე, როგორც მათი ჭარბი რაოდენობა. სწორედ ამიტომ, ვეგანებმა და ვეგეტარიანელებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება არის თუ არა საკმარისი რაოდენობის კალორიები მათ საკვებ რაციონში.
წყლის ნაკლებობა. ვეგანები და ვეგეტარიანელები აქტიურად მოიხმარენ უჯრედისით მდიდარ საკვებს, ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ეს ხელს უწყობს უჯრედისის ადვილად გადამუშავებას, იცავს ორგანიზმს მუცლის შებერილობის და ყაბზობისგან. საკვები ბოჭკოვანას მიღება აუცილებელია ყველასთვის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს უჭირს მისი მონელება, რასაც აადვილებს წყლის დალევა.
საჭირო საკვები ნივთიერებების დეფიციტის იგნორირება. დიეტოლოგების რეკომენდაციაა ცხოველური და მცენარეული საკვების გონივრული კომბინაციით მიღება. ეს დაგვეხმარება ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიღებაში. ვეგეტაიანელები და ვეგანები ხორცს არ მიირთმევენ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ D და B12 ვიტამინების, რკინის, ომეგა3-ის და იოდის საჭირო რაოდენობით მიღებას. აუცილებელია რაციონში ისეთი მცენარეული საკვების ჩართვა, რომელიც მდიდარია ამ ნივთიერებებით. ასევე შესაძლებელია მათი მიღება საკვები დანამატების სახით.
ვეგანობა არ არის გათანაბრებული ჯანმრთელობასთან. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა ვეგანური და ვეგეტარიანული პროდუქტი ავტომატურად უფრო სასრგებლოა, ვიდრე ხორც-პროდუქტები. დიახ, ნუშის რძე სასარგებლოა, მაგრამ არ არის ძროხის რძეზე უკეთესი. ზოგიერთი ხორც-პროდუქტების შემცვლელი პროდუქტი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის მავნეც კი, რადგან შეიცავს ბევრ კალორიებსა და ნაკლებ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს. შეისწავლეთ ის პროდუქტები, რომლითაც ავსებთ თქვენს კვებით რაციონს!