
წარმოდგენაც არ მაქვს, თუ ამ მითებმა ამდენხანს როგორ გაძლო. კოსმეტოლოგებმა და დერმატოლოგებმა დიდი ხანია დაამტკიცეს: ყველა ეს მტკიცებულება ტყუილია!
მითი 1: ტონალური კრემი კანს აშრობს
თანამედროვე ტონალური საშუალება, როგორც წესი, მთელ რიგ დამატენიანებელ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ტენიანობას ინარჩუნებენ. ამ მიზნით ხშირად გამოიყენება ალოე ვერას გელი, გვირილას და გულყვითელას ექსტრაქტი, ასევე ჰიალურონის მჟავა. გაიხსენეთ BB და CC კრემები, რომლებიც კანზე ზრუნავენ და პირდაპირ ატენიანებენ. და საერთოდ, თუ მშრალი კანი გაქვთ, ამაში „ტონალურს“ ნუ ადანაშაულებთ!
მითი 2: ტონალური კრემი კანის დაბერებას აჩქარებს
კანადელმა დერმატოლოგებმა ქალების 2 ჯგუფი შეადარეს: ტონალური კრემით მოსარგებლე და არ მოსარგებლე. შედეგები გაგახარებთ: მაკიაჟის მოყვარულების კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა! ამას თავისი ახსნა აქვს.
ტონალური კრემი „ზეშესაძლებლობით“, როგორც ვუალი, კანს ქარის, მტვრის და ქალაქის ნისლისგან იცავს და თუ SPF შეიცავს, მზისგანაც იცავს! გარდა ამისა, ტონალური საშუალება ხშირად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თავისუფალი რადიკალების მოქმედებას ანეიტრალებენ და კანის დაბერებას აფერხებენ. თქვენი საყვარელი „ქილა“ შეამოწმეთ: კარგი იქნება, თუ შეიცავს E, C ვიტამინებს, სკვალენს და ზეთებს.
მითი 3: თუ პროდუქტს აწერია „მხოლოდ ნატურალური კომპონენტები“ ან „ორგანული“, ეს პროდუქტი ჰიპოალერგიულია
იცით, არყის მტვერიც ნატურალურია. ალვის ხის ბუმბულიც ბუნებრივი წარმოშობისაა. ასე რომ ფრთხილად იყავით!
მითი 4: ფორების შემავიწროებელი საშუალება არსებობს
იმედი არ გაიცრუოთ, მაგრამ კანის ფორების ზომას მემკვიდრეობა განსაზღვრავს: ყველა პრეტენზია დედასთან და მამასთან. კოსმეტიკური კომპანიები მილიარდებს გამოიმუშავებენ, რომ მომხმარებელს (თქვენ!) სთავაზობენ უამრავ შრატს, ნიღაბს და სხვა საშუალებას, რომლებსაც თითქოსდა გარკვეულ დროში „ფორების“ გაქრობა შეუძლიათ. ცდუნებას არ აჰყვეთ! ხშირად ეს ვიზუალური ეფექტია: ფორები ნაკლებად შესამჩნევი ხდება, რადგან კერატინებით, ცხიმოვანი ჯირკვლებით არის სავსე. ასე ბაქტერიები მრავლდება. ეს გინდათ? თუ ფორებზე ნერვიულობთ, კარგი ტონალური საშუალება შეარჩიეთ. ხოლო პიგმენტაციის მოშორებაში, რომელიც ფორებს ხაზს უსვამს, რეტინოლის შემცველი კრემები დაგეხმარებათ.
მითი 5: სჯობს კანს ღამით სუნთქვის საშუალება მივცეთ და ღამის კრემი არ გამოვიყენოთ
ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილია, რომ აღმდგენი პროცესები სწორედ ღამით ხდება, მათ შორის კანში. დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყის და კოსმეტიკის მოშორების შემდეგ კარგი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი თამამად წაისვით. ის ფორებს არ დაახშობს და კანის ბუნებრივ სუნთქვაში ხელს არ შეუშლის.
მითი 6: თავის მოვლის საშუალებაში შემავალი კონსერვატები კანისთვის საზიანოა
სიმართლეს თვალებში ჩახედეთ: მზად ხართ თქვენი კოსმეტიკა სპეციალურ მაცივარში (ცალკე!) შეინახოთ, ქილიდან კრემი მხოლოდ სტერილური ფითხით ამოიღოთ და დაუსრულებელი ქილა 3-4 დღეში ერთხელ გამოცვალოთ? სწორედაც. კონსერვანტები ინგრედიენტების დაშლას ხელს უშლის, ანტიბაქტერიულ ზემოქმედებას ახდენენ და არაჰერმენტულ ჭურჭელში პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებენ. მათ „მადლობა“ უთხარით და გაიხსენეთ, რომ ყველა ამ ნივთიერებამ მკაცრი დერმატოლოგიური კონტროლი გაიარეს.
მითი 7: ნებისმიერი სპირტის შემცველი საშუალება კანს აშრობს
თუ სპირტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ის აშრობს. მაგრამ ეტიკეტზე, როგორც წესი, ხედავთ სიტყვას alcohol, ასეა? სპირტულ კომპონენტებს გამოყენების უამრავი სფერო აქვთ. ალკოჰოლი შეიძლება იყოს დამატენიანებელი, გამხსნელი, ემულგატორი და ანტიოქსიდანტი. ხშირად კოსმეტიკურ ინდუსტრიაში გამოიყენება პროპილენგლიკოლი (დამატენიანებელი), ტოკოფეროლი (ანტიოქსიდანტი), ცეტილის სპირტი (გამასქელებელი), სპირტი SD40 (ცხიმოვანი ჭუჭყის დამშლელი) და სტეარილის სპირტი (დამარბილებელი, დამატენიანებელი). და ამაში არაფერია საშიში!
მითი 8: აკნეს ჭუჭყი იწვევს
დიახ, ბავშვობაში უკვე არაერთხელ მოვისმინეთ. აკნე – ჭუჭყიანი ხელებისგან და წერტილი! შავი წერტილები – ჭუჭყისგან, რომელიც ფორებს ავსებს! სინამდვილეში აკნეს ცხიმოვანი ჯირკვლების გაზრდილი წარმოება და მისი შემადგენლობის ცვლილება იწვევს. შედეგად, კანის დამცავი ფუნქცია ირღვევა და ბაქტერიების გასაზრდელად ხელსაყრელი პირობა იქმნება. სწორედ ამიტომ, პრობლემური კანისთვის სპეციალური დასაბანი საშუალება სწორად შეარჩიეთ და რეგულარულად გამოიყენეთ, უმჯობესია – დერმატოლოგთან მიხვიდეთ. მუდმივი დაბანით ლიპიდური ბარიერი იშლება, რომელიც კანს იცავს და სიტუაცია მხოლოდ უარესდება.
მითი 9: სახის ტონიკი ფულის ტყუილად ხარჯვაა
აქ, ფულის დაზოგვას არ გირჩევთ. სახის ტონიკი გაწმენდის შემდეგ საჭიროა, მნიშვნელობა არ აქვს სახე წყლით, ქაფით დაიბანეთ თუ უბრალოდ ლოსიონით გაიწმინდეთ. სახის გაწმენდა კანის PH ბალანსს ანადგურებს, ტონიკი კი სწორედ მას აღადგენს.
მითი 10: ყინულის კუბებით სახის გაწმენდა სასარგებლოა
არა ყველასთვის და არა ყოველთვის. ერთი მხრივ, პროცესი კანის განახლებას და გამხნევებას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, მსგავსი მოქმედება უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც სუსტი სისხლძარღვები აქვთ ან სისხლძარღვები კანთან ძალიან ახლოსაა: ჯანსაღი ფერის ნაცვლად სისხლძარღვების ვარსკვლავებს მიიღებთ.
მითი 11: ცელულიტი მიღებული სითხის რაოდენობას უკავშირდება
როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რჩევასთან ერთად „ცელულიტის საწინააღმდეგოდ ბევრი წყალი დალიეთ“ გავრცელებულია მტკიცებულება, რომ ჭარბი ტენიანობა ცელულიტის გაჩენის ერთ–ერთი მიზეზია. არც ერთი და არც მეორე სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ცხიმოვანი უჯრედები 10% წყალს შეიცავს, ანუ წყლის მიღება როგორც არ უნდა შეზღუდოთ ან გაზარდოთ, უჯრედებში მის რაოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენთ.
მითი 12: თუ ფრჩხილებს ლაქს მუდმივად წავისვათ, ასე მტვრევადი გახდება
თუ ფრჩხილის ლაქს სწორად წაისვამთ, ბაზაზე, რომელიც ვიტამინებით და პროტეინებით იქნება მდიდარი, ასე ფრჩხილებს გააძლიერებთ, თითქოსდა აცვამთ. ხოლო „შიშველი“, დაუცველი ფრჩხილები უფრო ადვილად ტყდება მიკროდარტყმებისგან, რომელთაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ და ვერ ვამჩნევთ (მაგალითად, კლავიატურის გამოყენების დროს). რაც შეეხება ფრჩხილების სუნთქვას – ეს ყველაზე დიდი მითია. დაფიქრდით: ფრჩხილი გარქოვანებული ფირფიტაა. რა უნდა ისუნთქოს?
მითი 13: სახის მასაჟი კანის გაწელვას და სწრაფ დაბერებას იწვევს
ზუსტად პირიქით: სახის კანის და ყელის მასაჟი ლიფტინგის ეფექტს იძლევა, ანუ კანს ჭიმავს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. ამის შესახებ ჯერ კიდევ კოკო შანელი საუბრობდა, ხოლო სხვა ფრანგმა ქალმა, ჯოელ სიოკკომ შეიმუშავა განსაკუთრებული მასაჟების კომპლექსი, რომელმაც ის მთელ მსოფლიოში ცნობილი გახადა, ხოლო მისი მასაჟი – ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის საყვარელი პროცედურა.
მითი 14: თმაზე ცივი წყლის გადავლება მას გაჯერებულ ფერს და ბზინვარებას ანიჭებს
ფილიპ კინგსლი, თმის მოვლის გურუ, თვლის, რომ ცივი წყლით გადავლება ჯანსაღი ბზინვარების მიზეზი ვერ იქნება. სიცივე სისხლძარღვების დროებით შევიწროებას იწვევს, თმის ძირებში სასარგებლო ნივთიერებების დენა წყდება, თმა შოკს განიცდის, რაც სასარგებლო არაა. თმა რომ ბზინვარებდეს, საკმარისია უბრალოდ შამპუნით კარგად დაიბანოთ და ბზინვარების ეფექტის მქონე კარგი საშუალება წაისვათ. ასევე შეგიძლიათ ლამინირება გაიკეთოთ. აქ, წყალი არაფერი შუაშია.
მითი 15: გაყოფილი ბოლოების განკურნება შეიძლება სპეციალური საშუალებით, თუ ხშირად გამოიყენებთ
სამწუხაროდ, ასე არაა. ზოგიერთი საშუალება გაყოფილ ბოლოებს აწეპებს იმის წყალობით, რომ მაღალი სიბლანტის მქონე სილიკონებს შეიცავს. თუმცა, დავარცხნის ან დაბანისთანავე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. გაყოფილი ბოლოები უნდა მოიჭრათ.
მითი 16: თმისთვის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება საზიანო არაა, რადგან თმა არ იწვება
ასეა, მაგრამ ულტრაიისფერი სხივები თმის ღერის სტრუქტურული ცილის, კერატინის სიმტკიცეს ამცირებს. სწორედ ამიტომ, მზეზე დიდხანს ყოფნისას თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. გაითვალისწინეთ, მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი შამპუნები და ბალზამები ძალიან ეფექტური არაა – ისინი უბრალოდ წყლით ირეცხება. აი, დავარცხნის საშუალებები, სპრეი და წყალგაუმტარი კონდიციონერები SPF ფილტრებით სწორედ ისაა, რაც გვჭირდება.
მითი 17: თმის ყოველდღე დაბანა არ შეიძლება
შაბათი – ბანაობის დღეა, აჰა. ჩვენი ბებიების დროს თვლიდნენ, რომ ცხიმიანი თმა 5-7 დღეში ერთხელ უნდა დაიბანოთ, ხოლო მშრალი თმა 10-12 დღეში ერთხელ. რატომ? გავიხსენოთ, თუ რით იბანდნენ თმას იმ დროს. თანამედროვე საშუალება თმას უფრო ნაზად წმენდს, თავის კანს არ აშრობს, ამიტომ ტრიქოლოგები ამ მითს არა მხოლოდ უარყოფენ, არამედ გირჩევენ, რომ თავი ყოველდღე დაიბანოთ. ბუნებრივია, თუ გჭირდებათ. მოკლედ, დაიბანეთ იმდენად ხშირად, რამდენადაც გსურთ!
მითი 18: თუ ერთსა და იმავე კოსმეტიკურ საშუალებას დიდხანს გამოიყენებთ, მას მიეჩვევით და ეფექტი არ ექნება
სრული სისულელე. არცერთი კრემი, შამპუნი ან დეზოდორანტი მიჩვევას არ იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ნარკოტიკს ან, როგორც მინიმუმ, ნიკოტინს შეადარებდნენ. უბრალოდ კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია, დაწყებული ჰორმონალური ფონით და დამთავრებული კვებით. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი კრემი ეფექტური აღარაა, გამოდის, ახლა თქვენს კანს განსხვავებული მოვლა და სხვა კომპონენტები სჭირდება.