
ცხიმიანი თმა საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა. მუდმივად თავის დაბანა გვჭირდება. ეს კი თმისთვის სტრესია და თან „ეჩვევა“, ყოველდღე დაბანას ითხოვს. Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, როგორ შეინარჩუნოთ სუფთა და მოცულობითი თმა ასეთი დამღლელი დაბანის გარეშე.
თმა კარგად დაიბანეთ
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, უმეტესობა ჩვენგანი თავს არასწორად იბანს. როგორ უნდა? შამპუნის წასმის შემდეგ თმა სუფთა წყლით კარგად უნდა ჩამოიბანოთ. საქმე იმაშია, რომ დასაბანი საშუალების ნარჩენები თმას წებოვანს ხდის. მას მტვერი ეკვრის და უფრო სწრაფად ბინძურდება. შამპუნის თხელი ფენით დაფარული თავის კანი სწრაფად ოფლიანდება, რაც გაჭუჭყიანებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, თმა გამდინარე წყალში კარგად გაივლეთ და დრო არ დაგენანოთ. ამ პროცედურას 5 წუთი დაუთმეთ.
გადასავლებად ცივი წყალი გამოიყენეთ
დროის გარდა ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არსებობს. მიჩვეული ვართ თავზე თბილი წყლის გადავლებას, არადა ამის გაკეთება ცივი წყლით სჯობს. ის კანის ფორებს ძლიერ არ ხსნის, შესაბამისად, ცხიმის გამოყოფის პროცესი ნელდება. ამასთან თბილ წყალთან კონტრასტი სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს. თმის ზრდა ჩქარდება, თმა უფრო ძლიერი და ბზინვარე ხდება.
თავი დაბინძურებისგან დაიცავით
მტვრის და ჭუჭყის წყარო საკმარისზე მეტია. განსაკუთრებით, როცა სახლს ვალაგებთ ან სამზარეულოში ვფუსფუსობთ. თმის ზედაპირი ამ ყველაფერზე რეაგირებს, ჰაერიდან დამაბინძურებელ ნივთიერებებს იწოვს. ქუჩაში გასეირნება, განსაკუთრებით, ქარიან ამინდში, უსიამოვნებას ამატებს.
სწორედ ამიტომ, თმა დაიცავით. თხელი ბამბის თავსაფარი ან სპეციალური ბადე გამოიყენეთ, თმა კონად შეიკარით ან ცხენის კუდი გაიკეთეთ. ასე დაბინძურებას შეამცირებთ.
ბალიშისპირი ხშირად გამოცვალეთ
ბუნებრივია, ბინძური თმა ბალიშსაც აჭუჭყიანებს. შემდეგ ამავე ბალიშიდან განმეორებითი დაბინძურება ხდება. ასეთი ჩაკეტილი წრეა. თუ იყენებთ სპრეის, ზეთს, სხვა სამკურნალო საშუალებას თმის გასაძლიერებლად ან ფიქსაციისთვის, ეს პროცესები დაბინძურებას უფრო აჩქარებენ. თუ ბალიშისპირს ხშირად გამოცვლით, თმა სწრაფად არ დაბინძურდება. ამასთან, სუფთა ქსოვილი „სუნთქავს“, თავს გაოფლიანების საშუალებას არ აძლევს. სისუფთავის კიდევ ერთი ბონუსი: ასეთ ბალიშზე დაწოლა უფრო მარტივია, ძილი – ღრმა. შემოწმებულია!
ლიმონის წვენი გამოიყენეთ
ლიმონი უნიკალური პროდუქტია, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მას იყენებენ გარენგულად, მათ შორის თმის გასაძლიერებლად და ბუნებრივი ბზინვარებისთვის.
ნახევარი ლიმონის წვენი 3-4 ლ წყალზე საკმარისია. ლიმონი გაწურეთ, წყალს აურიეთ და თმაზე შეისხურეთ. ასე თმა არა მხოლოდ ბზინვარე, არამედ მოცულობით გახდება. თუ ახალი ლიმონი არ გაქვთ, ლიმონმჟავას ფხვნილიც გამოგადგებათ. ოღონდ ძალიან ცოტა გამოიყენეთ – 5 ლ წყალზე პატარა მწიკვი ან დანის წვერით.