იაპონური სახის ნიღაბი, სახის კანის სწრაფი გაახალგაზრდავებისთვის

0
772

კვირაში რამდენჯერ  უვლით კანს ისე, რომ არა მხოლოდ სჭირდებოდეს, არამედ იმსახურებდეს? რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად. სწორედ ამიტომ, Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ იაპონურ სახის ნიღაბს, რომელიც სახის კანს ბზინვარებას, სინაზეს და სისუფთავეს დაუბრუნებს.

იაპონელი ქალები უნაკლო და ფაიფურის სახის ფერით ცნობილნი არიან და მათი სილამაზის ერთ–ერთი საიდუმლოა სახის ნიღაბი ავოკადოთი. უმეტესობა მათგანი ასეთ ნიღაბს ფორების გასაწმენდად და კანის დასატენიანებლად რეგულარულად იყენებს, რომ სახის კანი ძალიან სწრაფად არ დაბერდეს.

იაპონური სახის ნიღბის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • ¼ ავოკადოს პიურე
  • 1 ლიმონის წვენი
  • ½ ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ თაფლი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნიღბის წასმამდე, სუფთა სახეზე თბილ წყალში დასველებული პირსახოცი 2-3 წუთით დაიფარეთ. ასე ფორებს გახსნით. ნიღაბი 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. და ბოლოს, კანზე შრატი ან დამატენიანებელი კრემი წაისვით.

როგორ მუშაობს?

ავოკადო შეიცავს სასარგებლო მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც კანის ბევრ პრობლემას უმკლავდებიან. ავოკადოს ნატურალური ზეთი კანში ღრმად აღწევს, მას კვებავს, არბილებს და ატენიანებს. დამატენიანებელი თვისებები წვრილი ხაზების და ნაოჭების შემცირებაში დაგეხმარებათ, კანს გლუვს გახდის და სტრესის და გარემოს სხვა ფაქტორების მიმართ გამძლეობას გაზრდის. კერძოდ, ანტიოქსიდანტები, როგორიცაა E და C ვიტამინები, უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ, რაც სიბერესთან ბრძოლის ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია. ავოკადო შეიცავს ლუტეინს და კაროტინოიდს, რომლებიც კანის ელასტიურობას ხელს უწყობენ, ხოლო ოლეინის მჟავა და ქლოროფილი სიწითლეს და ანთებას ამცირებენ.

ლიმონი მოქმედებს, როგორც ამქერცლავი საშუალება და კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას და მის გაღიავებას ხელს უწყობს, ხოლო ზეითუნის ზეთი კანს ღრმად წმენდს და კვებავს. თაფლი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს, ასევე ყველაზე მგრძნობიარე კანზე დადებითად მოქმედებს. ეს ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს და ატენიანებს.