
ოფლის საწინააღმდეგო შინაურულ სპრეის ძალიან იაფად რამდენიმე წუთში მოამზადებთ. შეძენილ დეოდორანტების უმეტესობაზე უკეთესი ეფექტი აქვს.
ვფიქრობ, იმაზე ლაპარაკიც არ ღირს, რომ მსგავსი რამის დანახვა ცოტას თუ სიამოვნებს. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია და ყველა ადამიანი სიცხეში ოფლიანობს. ოფლიანი ტანსაცმელი მოუვლელობის ნიშანი ნამდვილად არ არის.
ახლახანს ერთ–ერთ სტატიაში, სადაც მოუვლელი ქალების ნიშნებზე საუბრობდნენ, ოფლის სუნი და სველი იღლიები ერთ–ერთი პუნქტი იყო. თან პრობლემის მოსაგვარებლად ბოტოქსის გაკეთებას ურჩევდნენ. დიახ, ეს ეფექტურია. მაგრამ ყველა მზად არაა ასეთი ცვლილებებისთვის (შეგახსენებთ, რომ ბოტოქსი ნერვკუნთოვან გადაცემას ბლოკავს). დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი და მით უფრო მამაკაცი ბოტოქსის დახმარებით ოფლთან ბრძოლას ნამდვილად არ ისურვებს.
დღეს Girl.ge–ს რედაქცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივ მეთოდს გთავაზობთ.
თავდაპირველად ჩემი მიზანი უსაფრთხო დეოდორანტის გამოყენება იყო, რომელიც ფორებს არ ახშობს, უსიამოვნო სუნს და ზედმეტ ტენიანობას აქრობს. ზოგი ანტიპერსპირანტი ამ ყველაფერს მთელი კვირით გვაშორებს, მაგრამ მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ ვარ. ჩვეულებრივმა დეოდორანტმაც დახშული ფორების სახით შეიძლება სიურპრიზი მოგიტანოთ.
დაგჭირდებათ:
- შაბი
- სუფთა გაფილტრული წყალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოხდილი ან გალღობილი წყალი)
- ჩაის ხის ეთერზეთი
- გლიცერინი
- 100 მლ ან მეტი მოცულობის სპრეი ბოთლი
90 მლ წყალს 10 გრ შაბი დაუმატეთ. თუ სასწორი არ გაქვთ, თვალით ან გამოცდილი გზით გააკეთეთ. ჩვეულებრივ, შეფუთვაში 100 გრ–ია, ჩვენ კი 10 გრ, 1/10 ნაწილი გვჭირდება.
ნარევი წყლის ორთქლზე შეათბეთ. ამისთვის ნარევი წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ და ნელ–ნელა გააცხელეთ. შაბი სწრაფად გაიხსნება.
ზუსტად ასე გამოიყურება პროცესი:
შემდეგ ცოტა გააგრილეთ და 1 ჩ/კ გლიცერინი და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და ბოთლში ჩაასხით.
დეოდორანტი მზადაა!
როგორც ნებისმიერი კოსმეტიკა, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით შეინახეთ.
ღირებულება
100 გრ შაბი დაახლოებით 5-7 ლარი ღირს და ძალიან დიდხანს გეყოფათ. დეოდორანტის გარდა სხვა კოსმეტიკური მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და გლიცერინიც იაფი დაგიჯდებათ.
სურვილის შემთხვევაში სხვა არომატული ეთერზეთიც დაუმატეთ. მაგალითად, თუ ციტრუსის არომატი გსურთ, ლიმონის ან ფორთოხლის ზეთი გამოიყენეთ.
რაც მთავარია, ეფექტი:
ასეთი დეოდორანტი უსიამოვნო სუნს დიდი ხნით მოგაშორებთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ ფეხის დეოდორანტად გამოიყენოთ. მნიშვნელოვანი მომენტი: დეოდორანტი უსიამოვნო სუნს არ ნიღბავს და სხვა არომატით არ ფარავს, არამედ აქრობს.
გლიცერინის წყალობით კანი არ გამოშრება, პირიქით, რბილი და დატენიანებული გახდება.
შაბის მოქმედებით ოფლდენა შემცირდება. რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო საშუალებაა, რასაც მაღაზიაში გასაყიდ ანტიპერსპირანტებზე ვერ ვიტყვით.