როგორ ვაქციოთ შური მოტივაციად: 5 მოქმედი რჩევა

0
798

ასეთი რამ ხშირად, თუ ყოველდღე არა, ხდება: მიდიხართ მეტროთი და ავტომატურად სქროლავთ ინსტაგრამს, იბოღმებით სხვების კატებზე, ბავშვებზე, მოგზაურობებზე, საუზმეებზე, წვეულებებზე, სანამ მზერა არ წამოედება ფოტოს, რომელიც თავს არაკომფორტულად და დათრგუნულად გაგრძნობინებთ, თითქოს ახლახან საფულე მოგპარეს.

შურის გრძნობა დაუყოვნებლივ იჩენს თავს, რაც კანონზომიერია, როცა ხედავთ თქვენი კურსელის ფოტოს საქორწილო დეკოლტეთი, თავი სიმპათიური მამაკაცის მხარზე რომ უდევს, ან ფართოდ გაღიმებულ ყოფილ კოლეგას, რომელიც ახალი კომპანიის დირექტორად დაინიშნა მაშინ, როცა კოვიდმა თქვენი კარიერული ზრდის ჰორიზონტი წაშალა. თქვენ მთელი ძალით ცდილობთ სხვების წარმატებით გახარებას, თუმცა შური თავს არ განებებთ. რატომ აქვთ მათ ყველაფერი, თქვენ კი ასე ხართ? რატომ ის და არა თქვენ?

გაღვიძებული შური აზრებს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ფანტავს: წარუმატებლობების ბნელი, დამთრგუნველი მორევი ან შურიანობის პროდუქტიულობად ქცევის მცდელობები. მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა, უკეთესია. წარუმატებლობაზე გაბრაზება, ნებისყოფის ძალით, შეიძლება იქცეს მძლავრ მოტივატორად, რომელიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა გვსურს ცხოვრებაში, და მოგვცემს ენერგიას ოცნებებისკენ მისწრაფებისთვის, შურს პირადი ბედნიერებისკენ მიმავალ თავდაჯერებულ ნაბიჯებად აქცევს.

1. გაიხსენეთ ყველაფერი, რასაც უკვე მიაღწიეთ

როცა სხვისი წარმატების შეგშურდებათ, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. წარმოიდგინეთ, რომ იმ მომენტში, როცა თქვენ ვიღაცის ბრწყინვალე პოსტს უყურებთ, ვიღაც სხვა უყურებს თქვენს ფოტოებს და გულწრფელად სურს თქვენს ადგილას ყოფნა – ისეთივე გამოცდილების, გონების, თუნდაც მკერდის ქონა! ბალახი ყოველთვის უფრო მწვანეა სხვის ნაკვეთზე, თუმცა, ობიექტურად რომ შევაფასოთ, ჩვენს ცხოვრებაში საკმარისზე მეტია ისეთი წარმატება, რომლებითაც სამართლიანად უნდა ამაყობდეთ და რომელთა გამოც მადლიერებას უნდა განიცდიდეთ.

2. გაარკვიეთ თქვენი შურის საფუძველი

მიღწევების გადახედვის შემდეგ, შეაფასეთ თქვენი რეალური სამყაროს მთლიანი სურათი და გამოააშკარავეთ უკმაყოფილების წყარო. რისი გშურთ? კარიერის? ურთიერთობების? მოგზაურობის შსაძლებლობის? თუ უბრალოდ ბედნიერების შეგრძნების? თუ შეძლებთ იმის გააზრებას, თუ რა გაკლიათ, იმასაც მიხვდებით, რისკენ უნდა მიისწრაფოთ. მიმდინარე სიტუაციის შეცვლის ერთადერთი გზაა იმის ცოდნა, თუ რისი შეცვლა გსურთ.

3. შეაფასეთ იმ ადამიანის წარმატების გზა, რომლისაც გშურთ

იფიქრეთ, თუ როგორ მიაღწია თქვენი შურის ობიექტმა იმ წარმატებას, რომელზეც თქვენ ოცნებობთ. იქვე, გონებაში სცადეთ იმის განსაზღვრა, თუ რა გიშლით ხელს ამავე წარმატების მიღწევაში. რეალურად, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეს იყო პლანეტაზე უკანასკნელი ადამიანი, რომელიც იმსახურებდა ლამაზ ქორწილს ან პერსპექტიულ თანამდებობას? გამორთეთ დამთრგუნველი ღუზის რეჟიმი, რათა გზა გააგრძელოთ, და ერთი წუთითაც არ დაგავიწყდეთ: თუ მან შეძლო, თქვენც შეძლებთ. სამყაროს რესურსები უსაზღვროა.

შურის მოტივაციად ქცევა, გარდა ჩამოთვლილისა, დაგიბრუნებთ უნარს, იხაროთ სხვების წარმატებით, პატივისცემითა და ინტერესით მოეკიდოთ მათ წარმატებებს. არ მოგერიდოთ იმის კითხვისა, თუ როგორ მიაღწიეს მათ ამ წარმატებას – ყველას უყვარს თავისი წარმატების ისტორიების გაზიარება.

4. შექმენით საკუთარი წარმატებისკენ მიმავალი მარშრუტი

რისიც არ უნდა გშურდეთ – კარიერის, ურთიერთობების, ცხოვრების სტილის, ფიგურის – შეადგინეთ “რუკა” წარმატების თქვენეული ვერსიისთვის. ტვინის განძრევისა და წარმატებული ადამიანებისგან სასარგებლო რჩევების მიღების შემდეგ, შეუდექით მოქმედებათა გეგმას და შურიც შეწყვეტს იმის შეხსენებას, თუ რა გაკლიათ. მაგალითად, გინდათ ონლაინ-მარკეტინგის განყოფილების დირექტორობა, ამისთვის კი გჭირდებათ: ა) ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის კურსების გავლა, ბ) შესაფერისი ტრენდებისა და რესურსების რეგულარულად დაკვირვება, გ) რეზუმეს განახლება, დ) საკუთარი მიზნების შესახებ ხელმძღვანელობის გაფრთხილება, ე) განყოფილების მენეჯერის თანამდებობის მოპოვება. იქედან კი ოცნებამდე შორი აღარ იქნება.

5. არ დაგავიწყდეთ წარმატების აღნიშვნა

არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება შუალედური წარმატებებისა და იმის გამო, რასაც უკვე მიაღწიეთ. აუცილებელი არაა მხოლოდ გრანდიოზული მიღწევების აღნიშვნა – მიეჩვიეთ მცირე გამარჯვებებით სიამაყეს. თუ ერთი 5 წელია დაწინაურების პერსპექტივისა და საინტერესო დავალებებზე წვდომის გარეშე გაიჭედეთ, დღეს კი რეზუმე განაახლეთ და გასაუბრებაზე ჩაეწერეთ, გილოცავთ – ყინული დაიძრა! დაე, ეს წარმატება არ ჰგავდეს იმას, რომელსაც ის შესაშური აქაუნთები ასახავს, თუმცა, სანამ ოცნებისკენ მიისწრაფვით, ყოველთვის გექნებათ უკეთესობისკენ ცვლილებების აღნიშვნის საბაბი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ