ვეხმარებით ფარისებრ ჯირკვლებს: საკვები, როგორც წამალი

0
821

ფარისებრი ჯირკვალი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და განხილვადი ჯირკვალია ადამიანის ორგანიზმში. ამ ჯირკვალს პეპლის ფორმა აქვს, ყელში მდებარეობს და ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას არეგულირებს. ფუნქციონალურ მედიცინაში ფარისებრ ჯირკვალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ჯირკვალი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, მკვებავი ნივთიერებებიდან ენერგიის და ჟანგბადის გამომუშავების სისწრაფეზე გავლენას ახდენს. მაგალითად, თუ ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი გაქვთ, სისხლში შაქრის დონის, ქოლესტერინის ან წონის დარეგულირებას ვერ შეძლებთ.

ფარისებრი ჯირკვალი მოქმედებს, როგორც თერმომეტრი, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, გულის შეკუმშვის სიხშირეს, ტვინის განვითარებას, რეპროდუქციულ სისტემას და ძვლების მხარდაჭერას.

ორი მთავარი ჰორმონი, რომელთაც ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს: ტრიიოდოთირონინი და ტეტრაიოდოთირონინი (ტიროქსინი). ტრიიოდოთირონინის შემადგენლობაში შედის 3 იოდის მოლეკულა, ხოლო ტიროქსიში – 4 მოლეკულა. ჰორმონების სახელწოდება შემოკლებით: T3 და T4.

როგორც ექიმი ჰაიმანი თავის ბლოგში განმარტავს: თქვენი ჰორმონის დაახლოებით 7% T3–ია, „აქტიური ვერსია“, რომელიც დნმ–თან შეტყობინებას აგზავნის, რომ ნივთიერებათა ცვლა გააქტიუროს და მიტოქონდრიებში ცხიმის წვა გაზარდოს. T3–ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეულმა სისტემამ სწორი სიჩქარით იმუშავოს.

T3 ქოლესტერინის დონეს ამცირებს, მეხსიერებას აუმჯობესებს, მოხდენილ ფორმებს ინარჩუნებს, ცვენის დროს თმის აღდგენას ხელს უწყობს, კუნთების ტკივილს და ყაბზობას აქრობს, ზოგჯერ უნაყოფობასაც კურნავს.

T4 (დაახლოებით 93%) – ფარისებრი ჯირკვლის არააქტიური ფორმა, რომელიც თუ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს T3–ად გარდაიქმნება. თუ ძალიან ცოტა T3 აწარმოებს ან T4 სათანადოდ არ გარდაიქმნება, მთელი სისტემა წყობიდან გამოდის.

Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ან ნაკლები აქტივობის ნიშნებს და სიმპტომებს.

ჰიპერთირეოზის ნიშნები (ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვლები):

  • მოულოდნელად წონის კლება
  • უძილობა
  • გახშირებული გულისცემა
  • სითბოს მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა
  • ჭარბი ოფლიანობა
  • გაღიზიანება და ნერვიულობა
  • დიდი/ამობურცული თვალები
  • კუნთების სისუსტე
  • ყოველდღიურად ნაწლავების რამდენჯერმე დაცლა
  • კანკალი ხელებსა და ფეხებში
  • თხელი, მტვრევადი თმა
  • კუნთების ტკივილი

ჰიპოთირეოზის ნიშნები (ფარისებრის ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება):

  • სიცივის მიმართ მგრძნობელობა / ცივი ხელები და ფეხები
  • დაბალი ტემპერატურა
  • დილით მოთენთილობა
  • ყაბზობა
  • ცუდი კონცენტრაცია
  • სუბფებრილური დეპრესია
  • მშრალი კანი
  • ხრინწიანი ხმა
  • სისუსტე ან კრუნჩხვები
  • დაბალი ლტოლვა
  • სითხის შეკავება
  • მაღალი ქოლესტერინი

ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციას ბევრი ფაქტორი იწვევს და გასაკვირი არაა, რომ მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი მთავარ როლს ასრულებს.

გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ დეფიციტურ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციის დროს ჩანს. ასევე გთავაზობთ სასარგებლო წყაროებს, რომ თქვენი რაციონი მკვებავი ნივთიერებებით გაამდიდროთ.

1. სელენი

T3 და T4 ჰორმონების სწორად გარდასაქმნელად აუცილებელია. სელენი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი და ანთებას ამცირებს, რომელმაც შეიძლება ფარისებრ ჯირკვლებზე გავლენა მოახდინოს. სერიოზული დეფიციტი იშვიათად გვხდება. სუბოპტიმალური დონე ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციაზე გავლენას ახდენს.

სელენის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის აშლილობა, თმის/ფრჩხილების ცვლილება, დაღლილობა და ნერვების დაზიანება გამოიწვიოს.

საუკეთესო წყაროები: ბრაზილიური კაკალი (მასში სელენი ძლიერ კონცენტრირებულია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დღეში 1–3 კაკალი ყოფნის), კრევეტები, პალტუსი, სარდინი, ბალახზე გაზრდილი ძროხის ხორცი, ორაგული და ინდაური.

2. იოდი

T4–ის სტიმულირებისა და T3-ში გარდასაქმნელად აუცილებელია, ამიტომ საკმარისი რაოდენობა უნდა მიიღოთ. იოდის დეფიციტი ხშირად ჰიპოთირეოზის მიზეზია. ჭარბმა იოდის შემცველობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

სწორედ ამიტომ, იოდი სადავო მკვებავი ნივთიერებაა, როცა საქმე ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობას ეხება. როგორც სხვა მკვებავი ნივთიერების შემთხვევაში, ბალანსი აუცილებელია. იოდის დანამატის მიღება სელენის დეფიციტის დროს ფარისებრ ჯირკვალზე ძლიერ გავლენას ახდენს. თქვენი დონე გამოცდილმა პრაქტიკოსმა უნდა შეამოწმოს და აკონტროლოს.

საუკეთესო წყაროები: ზღვის წყალმცენარე (რაციონში ჩართეთ წითელი წყალმცენარე – Dulse), კვერცხი, ზღვის თევზი და მოლუსკები.

3. A ვიტამინი

A ვიტამინი ორგანიზმში ბევრი ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია, მათ შორის ჰორმონების სინთეზისა და T3–ის საწარმოებლად. როგორც კვლევებმა აჩვენა, ჭარბწონიან ქალებში და მენოპაუზის დროს TSH–ს მაჩვენებლის შესამცირებლად და T3 დონის გასაზრდელად A ვიტამინი საჭიროა.

A ვიტამინის ჭარბი რაოდენობა პრობლემებს იწვევს, ამიტომ მთელი საკვები წყაროებიდან მიიღეთ და არა დანამატის სახით, თუ ექიმი არ გაკვირდებათ. რაციონში შემდეგი პროდუქტები ჩართეთ.

საუკეთესო წყაროები: ღვიძლი (კონცენტრირებული წყაროა და ბევრი არ გჭირდებათ), სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, კომბოსტო, ისპანახი, მდოგვი, ფურცლოვანი კომბოსტო, თალგამის მწვანილი და ზამთრის გოგრა.

4. D ვიტამინი

კიდევ ერთი მკვებავი ნივთიერება, რომელსაც ჰიპოთირეოზის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან კვლევებმა ვიტამინის დაბალ დონესა და ფარისებრი ჯირკვლის სერიოზულ სიმპტომებს შორის კავშირი დაადგინეს.

გარდა ამისა, D ვიტამინის დაბალი დონე რამდენიმე აუტოიმუნურ დაავადებას უკავშირდება, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლების აუტოიმუნურ დაავადებას. ამ ვიტამინის დონის შემოწმება აუცილებელია არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობისთვის, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის მხარდასაჭერად. მხოლოდ საკვებიდან D ვიტამინის მიღება რთულია, დანამატები დაგჭირდებათ. თუმცა ბევრი კარგი წყარო არსებობს.

საუკეთესო წყაროები: ორაგული, სარდინი, სკუმბრია, კვერცხი და სოკო. სჯობს გარეთ გახვიდეთ და პირდაპირი მზის სხივები მიიღოთ, რომ D ვიტამინის და ქოლესტერინის სინთეზს ხელი შეუწყოთ.

5. მაგნიუმი

იოდთან ერთად T4-ის სტიმულირებას და T3-ში გარდაქმნას ხელს უწყობს. მაგნიუმი ორგანიზმში 300–ზე მეტი ფერმენტის მხარდასაჭერად აუცილებელია. ბევრ ადამიანს ამ მინერალის დეფიციტი აწუხებს.

მაგნიუმის დეფიციტის ნიშნებია ყაბზობა (რაც ჰიპოთირეოზის დროს ხშირად გვხდება), კუნთების სპაზმები, მაღალი წნევა, ასთმა და არარეგულარული გულისცემა.

საუკეთესო წყაროები: გოგრის თესლი, ნუში, ისპანახი, მანგოლდი, სეზამის თესლი, კინოა, ქეშიუ, შავი შოკოლადი და ავოკადო.