
ყველამ იცის, რომ ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ გამოიტანეს დასკვნა, რომ სიზმარი არა უბრალოდ გაუგებარი სურათები, არამედ ჩვენი ქვეცნობიერის შემოქმედებაა, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, დაგვეხმაროს არსებული პრობლემების გადაჭრასა და დანახვაში. გადავწყვიტეთ, ამ საკითხში გავერკვეთ: რისი თქმა სურთ სიზმრებს ჩვენთვის?
რეალურად, მიუხედავად შეგრძნებისა, თითქოს მთელი ღამე ექსპედიციის მონაწილე იყავით და დათოვლილ მწვერვალებს იპყრობდით, მეცნიერების აზრით, ადამიანი სიზმარს გაღვიძებამდე მხოლოდ 10 წუთით ადრე ხედავს. ამ მომენტში, ჩვენი პულსი ხშირდება, თვალის გუგები სხვადასხვა მხარეს იწყებს მოძრაობას. გარდა ამისა, თუ დაგესიზმრათ თქვენ ცხოვრებაში ახლახან მომხდარი მოვლენა, ესე იგი, თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს, გაგცეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ, თუ ადამიანს რაღაც დაესიზმრა, დიდი ალბათობით, მსიი სულიერი მდგომარეობა სტაბილური არაა და იგი დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებზეც თავად ვერ ახდენს გავლენას. ამიტომ, სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სიზმრებით ქვეცნობიერი ადამიანის ემოციური მდგომარეობის შესახებ საუბარს ცდილობს. ამასთან, სიზმრების ნახვა ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზეც.
ცნობილი ზიგმუნდ ფროიდის აზრით, სიზმრების ახსნა შეუძლებელია ადამიანის პიროვნული თვისებების (მათ შორის, ტემპერამენტი ან დეპრესიისადმი მიდრეკილება) გათვალისწინების გარეშე. თუმცა, თუ თავადიმ გავრცელებულ სიზმრებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ნებისმიერი ადამიანი ხედავს ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ფსიქოლოგების აზრით, 5 ძირითადი სიუჟეტის გამოყოფა შეიძლება:
ჩამოვარდნა. თუ ძილში დიდი სიმაღლიდან ვარდებით ან უბრალოდ ფეხს სწორ ადგილას წამოიკრავთ, ესე იგი, აღარ გწამთ საკუთარი ძალების და უკიდურესად დათრგუნულ ემოციურ მდგომარეობაში ხართ. ჩამოვარდნისა და დაცემის შიში ადამიანში ბავშვობიდან დევს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პირველ ნაბიჯებს დგამს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეს სიუჟეტი ასახავს არასტაბილურობის მდგომარეობას, როცა ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ ფეხქვეშ ნიადაგი ეცლება და კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.
კოშმარები. ძილის დროს საშიში სიუჟეტების ან/და პერსონაჟების ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი ნერვული სისტემა დაძაბულია. გარდა ამისა, კოშმარები ახლახან გადატანილი ემოციური ტრავმის შედეგიც შეიძლება იყოს. ფსიქოლოგების აზრით, სწორედ კოშმარებით ცდილობს ქვეცნობიერი, გაუმკლავდეს სულიერ ტკივილს, რამდენადაც ასე მას სხვა ძლიერი ემოციებით ანაცვლებს.
ფრენა. სიზმრების ახსნასთან დაკავშირებული წიგნების უმეტესობა ადამიანის ფრენას განიხილავს, როგორც სურვილს, მოიშოროს ზედმეტი შეზღუდვები, რომლებიც მას პიროვნული განვითარების საშუალებას არ აძლევს. ფსიქოლოგები კი აღნიშნავენ, რომ ასეთი სიზმრები, ხშირად, ისეთ ადამიანებს აქვთ, რომლებსაც ახლახან შეუყვარდათ ან უბრალოდ ემოციურად არიან ამაღლებული.
გამოცდები. დაგესიზმრათ, რომ გამომცდელის წინაშე დგახართ და დასმულ კითხვაზე პასუხი არ იცით? ესე იგი, დიდი ალბათობით, ბოლო დროს თავდაუჯერებელი ხართ, მომავალი ცხოვრებისეული ცვლილებები კი გაშინებთ.
სიშიშვლე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. გავრცელებული სიუჟეტია საზოგადოებაში ტანსაცმლის გარეშე გამოჩენა. იგი მიუთითებს თქვენს შიშზე, რომ გარშემომყოფები რაღაც ნაკლის გამო დაგცინებენ. ამასთან, დიდია იმის ალბათობაც, რომ უკმაყოფილო ხართ საკუთარი სხეულით – ახლა საუკეთესო დროა, იფიქროთ უახლოეს სპორტ-დარბაზში აბონემენტის შეძენაზე.
თქვენ რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად? როგორ გიხდებათ ძილის დროს ნანახი სიუჟეტი?