
დიდი ხანია ეძებთ თმის გაღიავების გზას? ესე იგი, სწორ სტატიას კითხულობთ. დღეს ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც მოიცავს როგორც პროფესიონალურ, ისე ხალხურ საშუალებებს.
ეს მეთოდები ქერებს თმის ფერის შენარჩუნებაში, ხოლო მუქ- და ჟღალთმიანებს – მდიდრული ოქროსფერი გადაღვრის მიღებაში დაეხმარება.
როგორ გავიღიავოთ თმა საღებავით
გაღიავების ინტენსივობა დამოკიდებულია შეძენილი საშუალების შემადგენლობაში მჟავის კონცენტრაციაზე. თუ მუქი თმა გაქვთ, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ქერების შემთხვევაში. საღებავის გამოყენება სახლის პირობებში ძალიან მარტივია: კრემის ტექსტურა მარტივად წაისმება და ნაწილდება თმაზე, თანამედროვე ფორმულები კი გამდიდრებულია მკვებავი კომპონენტებით, რომლებიც ხელს უშლის თმის დაზიანებას შეღებვის პროცესში.
როგორ გავიღიავოთ მუქი თმა საღებავით
საღებავს ყოველთვის მოჰყვება გამოყენების დაწვრილებითი ინსტრუქცია. ნუ უგულებელყობთ მწარმოებლის რეკომენდაციებს – ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს, საღებავების შემადგენლობის მიხედვით. კრემ-საღებავის გამოყენების ზოგადი წესები ასე გამოიყურება:
- პირველ რიგში, შეამოწმეთ კანი ალერგიაზე: წაისვით ცოტაოდენი საშუალება ყურის უკანა კანზ და დააკვირდით რეაქციას 1 დღის განმავლობაში. თუ ყველაფერი რიგზეა, შეუდექით შეღებვას.
- თმის ზრდის ხაზზე წაისვით ზეთი ან ცხიმიანი კრემი, რათა პიგმენტი კანმა არ შეიწოვოს.
- საღებავის შერევამდე, ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები.
- შეურიეთ საღებავი მჟანგველს, ინსტრუქციის მიხედვით. გამოყენებული ჭურჭელი მეტალს არ უნდა შეიცავდეს.
- სწრაფად გადაანაწილეთ საღებავი თმის მთელ სიგრძეზე. არ დააყოვნოთ, რამდენადაც გამაღიავებელი პირველივე წამებიდან დაიწყებს მოქმედებას.
- პირველადი შეღებვის დროს, საღებავს ძირებიდან 2-4 სმ-ს დაშორებით ისვამენ, მხოლოდ ამის შემდეგ – ძირებზე.
- მას შემდეგ, რაც თმის მთელ მოცულობას საღებავით დაამუშავებთ, გაიჩერეთ 35-45 წუთით, თუ ინსტრუქციაზე კონკრეტული დრო არაა მითითებული.
- ჩამოიბანეთ საღებავი სპეციალური შამპუნით, შეღებილი თმისთვის.
როგორ გავიღიავოთ თმის ძირები
ქერად შეღებილი თმის ძირებზე ფერის კორექცია 1-1.5 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს. ამასთან, შეგიძლიათ, იგივე საღებავი ან გამაღიავებელი ფხვნილი გამოიყენოთ. ახლა ორივე მეთოდს გაგაცნობთ.
1. საღებავით
კრემ-საღებავის გამოყენების მთელი პროცესი წინა პუნქტში აღვწერეთ. თუ მხოლოდ გაზრდილი ძირების შეღებვა გჭირდებათ, უბრალოდ წაისვით შემადგენლობა ამ ზონაზე, გაიჩერეთ მითითებული დროით და ჩამოიბანეთ შამპუნით.
2. ფხვნილით
საღებავისგან განსხვავებით, ფხვნილი რადიკალურად არიავებს, ამიტომ, მისი გამოყენება ნაკლებად უსაფრთხოა სახლის პირობებში, თუმცა, ქერას სუფთა ელფერს ნამდვილად მიიღებთ.
- სახლის პირობებში ძირების გასაღიავებლად, პროფესიონალები არ გვირჩევენ ძალიან მაღალი კონცენტრაციის ოქსიდს, თმის დაზიანება რომ ავიცილოთ თავიდან. ოპტიმალური ვარიანტია 2% მჟანგველი გამაღიავებელ ფხვნილთან ერთად. რა თქმა უნდა, მჟანგველის შესაფერისი სიმძლავრე თქვენი თმის ბუნებრივ ფერზეცაა დამოკიდებული – შავგვრემნებს უფრო ძლიერი საშუალება სჭირდებათ.
- ნებისმიერი საშუალება, რომელსაც პირველად გამოიყენებთ, ალერგიაზე უნდა შეამოწმოთ. ამისთვის, წაისვით მცირე რაოდენობით ფხვნილისა და მჟანგველის ნარევი მაჯაზე, შეღებვამდე რამდენიმე საათით ადრე. შემადგენლობა მკაცრად, ინსტრუქციის მიხედვით უნდა გახსნათ, აბსოლუტურად ჰომოგენური, გლუვი მასის მისაღებად.
- დაივარცხნეთ თმა, დაყავით იგი რამდენიმე ნაწილად და დააფიქსირეთ ცალკეულად, სამაგრებით. ჩაიცვით ხელთათმანები და შეუდექით შეღებვას.
- ძირების გაღიავებაში ყველაზე რთული ისაა, რომ საშუალება ზუსტად წამოზრდილ ადგილებზე უნდა წაისვათ. უკვე გაღიავებული ადგილების დამატებით გაღიავება ხომ არავის სურს. ფხვნილის მასის წასმამდე, დაიმუშავეთ თმა მთელ სიგრძეზე კონდიციონერით, შესაღებ ძირებამდე.
- შემდეგ წაისვით შემადგენლობა ძირებზე, კეფის ნაწილიდან დაწყებლი. ძირები უკან ზუსტად და თანაბრად რომ შეიღებოთ, გამოიყენეთ მეორე სარკე. საბოლოო ეტაპი იქნება მასით სახესთან ახლომდებარე ნაწილების შეღებვა.
- როგორც კი გამაღიავებელს წაისვამთ, დაიწყეთ მისი განახლება იქ, სადაც შემადგენლობა თმამ უკვე შეიწოვა. მოქმედების დრო განსაზღვრეთ “თვალით”: თუ თმა გაღიავდა-გაყვითლდა, ესე იგი, დროა ჩამოიბანოთ. ჯერ ჩამოიბანეთ დალალები გამდინარე წყლით, შემდეგ კი ქერა თმის შამპუნით.
- თმა გაუფერულფა, თუმცა, ახლა საყვარელ წიწილას ჰგავხართ. შესანიშნავ გედად რომ იქცეთ, ახლა უნდა შეუდგეთ დაფერვას, საღებავით თმის დაკარგული პიგმენტების აღდგენას.
როგორ გავიღიავოთ თმა წყალბადის ზეჟანგით
წყალბადის ზეჟანგი იაფფასიანი საშუალებაა, რომლის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. იგი თმას მთელი ოთხი ტონით აღიავებს. ახლა ვწერთ მარტივ ინსტრუქციას:
რაოდენობა:
- მოკლე თმა – 30 გ;
- საშუალო თმა – 50 გ;
- გრძელი თმა – 50 გ-ზე მეტი.
ხსნარის კონცენტრაცია:
- უხეში თმისთვის – 8-12%;
- საშუალო სისქის თმისთვის – 6-8%;
- თხელი თმისთვის – 3-5%.
გაჩერების დრო:
- ხშირი თმა – 2 საათზე მეტი, შესაძლოა, რამდენიმე პროცედურა იყოს საჭირო;
- საშუალო სისქე – 1-2 საათით;
- თხელი თმა – 30-60 წუთით.
დაგჭირდებათ
- წყალბადის ზეჟანგი;
- თასი (არა მეტალის);
- ცხიმიანი კრემი;
- წყალი;
- ხელთათმანები;
- ბამბის დისკები;
- შხეფის ფლაკონი;
- სავარცხელი;
- სამაგრები.
წყალბადის ზეჟანგი საკმაოდ აგრესიული საშუალებაა, ამიტომაც, თმას რომ არ ავნოთ, მკაცრად მიჰყევით რეკომენდაციებს:
- პირველ რიგში, მოამზადეთ თმა პროცედურისთვის. მშრალი თმა გაღიავებამდე 2-3 დღე არ უნდა დაიბანოთ, ცხიმიანი – 1.
- სანამ თმას ამ სითხით გაიღიავებდეთ, შემოწმდით ალერგიაზე. ამისთვის, ჩაალბეთ ბამბის დისკი ხსნარში და წაისვით იგი კანზე, ყურს უკან. თუ ნახევარ საათში გაღიზიანების კვალი არ გაჩნდა, ზეჟანგი უსაფრთხოა თქვენი კანისთვის.
- ხსნარის კონცენტრაციის სისწორის გასაგებად, პირველი თმა შეიღებეთ კეფაზე, აირჩიეთ შიდა ნაწილი. გაიჩერეთ მითითებული დროით და გადაწყვიტეთ, მისაღებია თუ არა შედეგი თქვენთვის.
- წაისვით კრემი თმის ზრდის კიდეზე, რათა კანი ზეჟანგისგან დაიცვათ.
- შეურიეთ თასში წყალი და ზეჟანგი 1:1 თანაფარდობით, ჩაასხით მიღებული ხსნარი შხეფიან ბოთლში. დაყავით თმა რიგებად და დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგით თანმიმდევრობით.
- გაიჩერეთ ხსნარი მითითებული დროით. ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.
- აცადეთ თმას ბუნებრივად გაშრობა.
როგორ გავიღიავოთ თმა ლიმონით
ლიმონის წვენი ცნობილია თმის გაღიავების თვისებით. თუმცა, თუ თვალისმომჭრელი ქერა თმის მიღება გსურთ, ნუ გადააჭარბებთ ამ საშუალებას, რამდენადაც მჟავე წვენი ძლიერ აშრობს დალალებს, ასეთი შედეგის შემდეგ კი აზრი აღარ ექნება ფერს. ლიმონმჟავა ნებისმიერი გამაღიავებლის პრინციპით მოქმედებს – ანადგურებს პიგმენტს თმის ღერებში. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ლიმონის ზემოქმედების ძალა ვერ შეედრება სალონურ პროცედურებს.
- ყველაზე მარტივი რეცეპტი მზიანი დღისთვის: დაისველეთ თმა ლიმონის წვენით და გადით მზეზე. მზის სხივები თმას გააღიავებს. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ თმა ცივი წყლით. რამდენიმე ასეთი მზის აბაზანა თმას 2 ტონით გააღიავებს.
- დაწურეთ ორი ლიმონის წვენი და შეურიეთ 1 ლ წყალთან. გაივლეთ თმა ამ სითხით, დაბანის შემდეგ.
- თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ლიმონის წვენი და არაყი, წაისვით თმაზე, 30 წუთით გააჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- ახლა კი უფრო რთულ შემადგენლობაზე გადავიდეთ. იგი იდეალურია ცხიმიანი თმის გასაღიავებლად, ამასთან, არეგულირებს თავის კანის ქონიანობასაც.
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა ლიმონის წვენი
- 1 ჭიქა მდუღარე
- 3 ს.კ. ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვი
- 3 ს.კ. კოთხოჯის ფესვი
- 1 ლ წყალი
მომზადება და გამოყენება
- შეურიეთ ყველა კომპონენტი (წყლის გარდა) და დააყენეთ 6-7 საათით, თბილ, ბნელ ადგილას.
- შემდეგ გააზავეთ ნარევი წყალთან და გამოიყენეთ სავლების სახით.
როგორ გავიღიავოთ თმა ტონიკით
დაგჭირდებათ
- ტონიკი;
- ხელთათმანები;
- სავარცხელი;
- ცხიმიანი კრემი.
- დაივარცხნეთ თმა.
- ჩაიცვით ხელთათმანები.
- წაისვით კრემი თმის ზრდის ზოლზე, კანი რომ არ შეიღებოს.
- დაყავით თმები ნაწილებად და რიგ-რიგობით დაიმუშავეთ ისინი ტონიკით.
- გაიხვიეთ თმა ცელოფნით და დაელოდეთ ინსტრუქციაში მითითებული დროის გასვლას.
- ჩამოიბანეთ და გაიშრეთ თმა.
თქვენ როგორ იღიავებთ თმას სახლის პირობებში? გაგვიზიარეთ გამოცდილება!