
ინტერნეტში უამრავ, მრავალფეროვან ხრიკს იხილავთ. ერთნი გლაუკომის სამკურნალო წვეთებს წამწამების გასაზრდელად იყენებენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ ქუთუთოების გელი ნაოჭებს აქტობს… Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა იმის გარკვევა, თუ რომელი რჩევები არ უნდა გაითვალისწინოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ხომ, საუბარი არამხოლოდ უეფექტობაზე, არამედ ჯანმრთელობის დაზიანებაზეცაა.
1. ბლეფაროგელი ნაოჭების წინააღმდეგ
ესაა სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ბლეფარიტების, მშრალი თვალის სიმპტომისა და თვალის დაღლილობის მოსახსნელად გამოიყენება. თუმცა, ინტერნეტ-მომხმარებლებმა სხვაგვარად იფიქრეს და გელს ანტიასაკობრივი ეფექტი მიაწერეს. ალბათ, ამის საფუძველი მისცა იმ ფაქტმა, რომ გელის შემადგენლობაში ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერაა. თუმცა, ბლეფაროგელი ნაოჭებს არ აალაგებს. არადანიშნულებისამებრ მისი გამოყენების რეალური შედეგი კანზე ფენის წარმოქმნა და გამოშრობა იქნება.
2. კარეპროსტი წამწამების გასაზრდელად
თავიდან, მედიცინაში ეს საშუალება თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) დროს გამოიყენებოდა. თუმცა, როცა წამწამების ზრდის სახით გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა, იგი კოსმეტიკურ პროდუქტადაც იქცა. რა გითხრათ, კარეპროსტი ნამდვილად ახდენს სასწაულს: მას ისვამენ მხოლოდ წამწამის ზრდის ხაზზე, 1-2 თვეში კი წამწამები დაგრძელდება, გასქელდება და გამუქდება. თუმცა, კარეპროსტის გამოყენება უკავშირდება გარკვეულ რისკებს – თითოეულ ადამიანს შეიძლება თავისებური რეაქცია ჰქონდეს პრეპარატზე: გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, უსიამოვნო შეგრძნებები, ქუთუთოების გამუქება ან გაწითლება და სხვა გვერდითი ეფექტები. რა თქმა უნდა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა, არა მაშინ, როცა საუბარი ჯანმრთელობაზეა.
3. ვაგისილი პრაიმერის ნაცვლად
დიახ, არ მოგესმათ: ზოგიერთი ბიუთი-ბლოგერი ვაგისილს მაკიაჟის ბაზად იყენებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი კრემი ცნობილი ბრენდების პრაიმერებს ანაცვლებს, რამდენადაც შეიცავს დიმეტიკონს – სილიკონზე დამზადებულ პოლიმერს, რომელიც კანის კონდიცირებისა და დაცვისთვის გამოიყენება. გამოცდას არ გავრისკავთ, ექიმები კი ერთ აზრზე ჯერდებიან: ნუ გამოიყენებთ ამ საშუალებას არადანიშნულებისამებრ. ვაგისილს შეუძლია სახეზე გაღიზიანების გამოწვევა, მის შემადგენლობაში არსებული ბენზოკაინი კი გაგაბუჟებთ.
4. შავი ნიღაბი შავი წერტილების წინააღმდეგ
Black Mask-ის აგრესიული რეკლამა სოციალურ ქსელებში მასშტაბურად აღაფრთოვანებს ხალხს და იწვევს ინტერესს. ბლოგერები კი, ერთი-მეორეს მიყოლებით, დიდი წვალებით იშორებენ დაწებებულ ნიღაბს, შავი წერტილების მოშორების იმედით. გიღირთ ლატარეის თამაში? არამგონია. პროდუქტს თამამად ვუწოდებ უსარგებლოს, ხოლო, ბრენდსა და შემადგენლობას თუ არასწორად აირჩევთ, საშიშსაც კი (ნიღაბი შეიძლება კანზე გახმეს და დამწვრობაც კი დატოვოს).
5. ნასვრეტების “მტვერსასრუტი”
AliExpress-ზე პოპულარული ნასვრეტების ვაკუუმური გამწმენდი Instagram-ს ჰიტად იქცა. როგორ მუშაობს ეს უცნაური აპარატი, რომელიც სულ სხვა რამეს გვაგონებს? ერთ-ერთ დაბოლოებაზე, მას აქვს საწოვი, რომელიც ვაკუუმის ეფექტს ქმნის და ნასვრეტებიდან სებუმს ისრუტავს. ჩვენ კი ამ გამოგონების გამოცდას დაჟინებით არ გირჩევთ. გარდა იმისა, რომ ეს სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ, დიდია სისხლძარღვების დაზიანების, ინფექციის გავრცელების ან ჩალურჯებების რისკი.