
არსებობს დაბერების მრავალი ნიშანი, რომლებსაც ქალები ებრძვიან: ნაოჭები, თვალქვეშა წრეები და სხვა. სახეზე ვისვამთ კრემებს, ნიღბებს, სწორად კვებავს ვცდილობთ, წყალს ვსვამთ და სპორტს მივსდევთ. თუმცა, არსებობს ერთი მონაკვეთი, რომელიც ბევრს ავიწყდება: ფრჩხილები. კანის მსგავსად, ასაკთან ერთად, ისინიც იცვლება: ცუდად გამოიყურება, სუსტი, მშრალი და მსხვრევადია. რატომ ხდება ასე და როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა?
- ორგანიზმს რკინა აკლია – შეღუნული და მსხვრევადი ფრჩილები რკინის ნაკლებობის (ანემიის) ერთ-ერთი სიმპტომია. ჰემოგლობინი ჟანგბადს მთელ ორგანიზმში, მათ შორის, ფრჩხილის ზედაპირზეც ანაწილებს. ჩააბარეთ სისხლის ანალიზი რკინასა და ჰემოგლობინზე. გაზარდეთ რაციონში ისპანახის, ლობიოს, საქონლის ღვიძლის რაოდენობა.
- მუდმივად რაღაცას ბეჭდავთ – კლავიატურაზე ფრჩხილების კაკუნი გაგიგონიათ? იგი არამხოლოდ სხვებს უშლის ნერვებს, არამედ ფრჩხილების აქერცლვასა და მსხვრევასაც იწვევს. თუ ეს პრობლემად იქცა, მოიჭერით ფრჩხილები, რათა თითის ბალიშებით შეძლოთ ბეჭდვა. სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის, შეიძინეთ სპეციალური სტილუსი და აკრიფეთ ტექსტი მისი გამოყენებით.
- ხელის ლოსიონს მხოლოდ დილაობით ისვამთ – ან საერთოდ არ იყენებთ. დერმატოლოგები კი კრემის განახლებას ხელების ყოველი დაბანის შემდეგ გვირჩევენ. წყალი აშრობს კანს – იმ ნაწილსაც, რომელიც ფრჩხილის ქვეშაა მოთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრჩხილები მსხვრევასა და აქერცლვას დაიწყებს. როცა კანზე კრემს ისვამთ, დარწმუნდით, რომ იგი ფრჩხილთანაც საკმარისად მოხვდა.
- ლაქს ძალიან დიდხანს ისვამთ – იგი აშრობს ფრჩხილის ზედაპირს, ასუსტებს და მტვრევადს ხდის. მოიშორეთ ლაქი არაუგვიანეს 5 დღის შემდეგ და დაასვენეთ ფრჩხილები რამდენიმე დღით.
- ნუნებს იჭრით – კანის ეს პატარა მონაკვეთები, ფრჩხილის დასაწყისში, ფრჩხილის ქვედა ფენაში წყლისა და მიკრობების მოხვედრას უშლის ხელს. თუ მას მოიჭრით, მათგან ფრჩხილს ვეღარაფერი დაიცავს. ამიტომ, ფრთხილად მიწიეთ ნუნი უკან, არ მოიჭრათ.
- ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინები აკლია – ახლა მოდაშია იმის თქმა, რომ სინთეტიკური ვიტამინები უსარგებლოა. თუმცა, ეს ბიოტინი არავითარ შემთხვევაში არ ეხება – იგი ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიოტინის უკმარისობის დროს, ფრჩხილები მტვრევადი და მყიფე ხდება. მას იპოვით კვერცხის, ნუშისა და ორაგულის შემადგენლობაში ან მიიღებთ აბებით, 2.5 მგ დღეში.
- არასწორად იშორებთ ლაქს – უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ აცეტონის გამოყენება ფრჩხილებს ვნებს. თუმცა, ლაქის მოსაშორებელი მრავალი სითხე, რომლებიც აცეტონს არ შეიცავს, ფრჩხილისთვის საზიანოა. უმჯობესია, გამოიყენოთ ზეთოვანი საშუალებები – ისინი ფრჩხილის ზედაპირს დაატენიანებს.