7 გზა სუნამოს სურნელის დიდი ხნით შესანარჩუნებლად

0
994

თუ საყვარელი არომატი მყარი არაა, ნუ იჩქარებთ სუნამოს გალანძღვას – იქნებ, საქმე მის ხარისხში კი არა, სუნამოს არასწორად გამოყენებაშია. სწორედ ამიტომ, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 7 ხრიკს, რომლებიც საყვარელ სურნელს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, თუ ძვირადღირებული პარფიუმერიის მიმდევარი ხართ, თუმცა, ყოველთვე ვერ წვდებით საყვარელი სუნამოების შეძენას. ხარჯის შესამცირებლად და სურნელის დიდხანს გასაყოლად, უბრალოდ დაიცავით რამდენიმე წესი.

გამყოლი სუნამოს საიდუმლო

  1. დაიტანეთ არომატი შხაპის დასრულებისთანავე – წესად შემოიღეთ შხაპის შემდეგ რამდენიმე წვეთი სუნამოს დასხმა. ეს იმიტომ, რომ, სანამ კანი მოწალული და სველია, არომატი მას უკეთ ეცხობა. ამიტომ, არ დაინანოთ ორი შხეფი, აბაზანიდან გადმოსვლისას – მსუბუქი შლეიფი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. სახლიდან გასვლამდე, შეგიძლიათ არომატი განაახლოთ.
  2. დაიტენიანეთ კანი – ყველაზე უხეში შეცდომა – არომატის დასხმა მშრალ კანზე, რომელიც სურნელს საერთოდ ვერ შეიკავებს. იდეალურ ვარიანტში, უნდა გამოიყენოთ სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი იმავე სურნელით, რომელიც სუნამოს აქვს. თუ ასეთი არ გაქვთ, შეარჩიეთ ყველაზე უსუნო კრემი. დატენიანებული კანი უკეთ მიიღებს სუნამოს და იგი 2-3-ჯერ უფრო დიდხანს გაგყვებათ.
  3. გამოიყენეთ ვაზელინი – ეს მალამო დიდებულად ინარჩუნებს სუნს. მთელი საიდუმლო მის ცხიმოვან ფუძეში მდგომარეობს, რომელიც სუნამოს განიავების საშუალებას არ აძლევს. მცირეოდენი ვაზელინი წაისვით მაჯებზე, კისერსა და ყურის უკანა მონაკვეთზე და დაისხით სუნამო ამავე წერტილებზე. ნახავთ, სურნელი საღამომდე ხელუხლებელი იქნება.
  4. არ შეიზილოთ სუნამო – ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბევრი უშვებს – ჯერ სუნამოს ისხამენ, შემდეგ კი იზელენ კანში. ასე არომატს სწრაფად აორთქლებაში ეხმარებით.სუნამო სწორად რომ წაისვათ და სურნელი დიდხანს შეინარჩუნოთ, კანიდან 25-30 სმ-ს მოშორებით გაუშვით სუნამო რამდენჯერმე და ადროვეთ არომატს თვითნებურად “დაჯდომა”.
  5. აირჩიეთ ადგილი სწორად – სუნამო ყველაზე კარგად იმ ადგილზე ჩერდება და აფრქვევს არომატს, სადაც ტემპერატურა ოდნავ უფრო მაღალია, სისხლძარღვების სიახლოვის გამო. არომატი უფრო დიდხანს გაგყვებათ მაჯებზე, ყურს უკან, კისრის ქვედა ნაწილზე, საფეთქლებზე, იდაყვის შიდა და მუხლის უკანა მხარეებზე.
  6. არ დაგავიწყდეთ თმა – არსებობს მოსაზრება, რომ თმაზე სუნამოს დასხმა არ შეიძლება, რადგან მის შემადგენლობაში არსებული სპირტი აშრობს მას. თუ ამის თქვენც გჯერათ, გეტყვით, რომ მსგავსი ქცევის მავნებლობა გაზვიადებულია. თმა გაცილებით ძლიერ ზიანდება, როცა მზეზე სპფ-დამცავის გარეშე გადიხართ ან უთოთი ისწორებთ მას. თმა სურნელს დიდხანს ინარჩუნებს.
  7. აირჩიეთ უფრო მტკიცე კომპოზიციები – არომატის სიმტკიცე არამხოლოდ სწორ დასხმაზე, არამედ ინგრედიენტებზეცაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ძვირადღირებულ კომპონენტებსაც კი აქვთ სწრაფად განიავების თვისება. ეს ეხება, მაგალითად, ყვავილების, ზღვის და ზოგიერთი ხილის ნოტს. აი, ყველაზე მტკიცე სურნელად კი ითვლება მუშკის, ხისა და შიპრის არომატები.