გათავისუფლდით წარსულისგან: მთვარის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
829

მთვარე მძლავრი ციური სხეულია, რომლის ენერგიას ყველა შეიგრძნობს. ასტროლოგიაში, მთვარის ნიშანი ჩვენს ყველაზე ღრმა განცდებსა და ემოციებს ასახავს. მთვარის ტარო-კარტი ქვეცნობიერს ხსნის და ინტუიციასთან გვაკავშირებს.

მთვარე მჭიდროდაა დაკავშირებული წყლის ელემენტთან. იგი აკონტროლებს ოკეანის მოქცევას, ადამიანი კი, მეტწილად, სწორედ წყლისგან შედგება. ამ კავშირის გამოყენება კი მარტივად შეიძლება სახლიდანაც – აბაზანის მიღების დროს. რიტუალური აბაზანა მარტივი და ეფექტური საშუალებაა მთვარის ენერგიასთან დასაკავშირებლად და ოცნებების განსახორციელებლად.

მისი მიღებით, თქვენ არამხოლოდ სხეულს, არამედ ენერგეტიკულ ველსაც განწმენდთ. რიტუალური აბაზანის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, როცა მთვარის ენერგიის მიღება მოგინდებათ, თუმცა, რიტუალის მთვარის ფაზასთან შეთავსება მის ეფექტს გააორმაგებს.

რიტუალური აბაზანა მიიღეთ ღამით, როცა მთვარე მთელი ძალით ასხივებს. არაუშავს, თუ მას ფანჯრიდან ვერ დაინახავთ. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რომ იგი ახლოსაა და იგრძნოთ მისი არსებობა.

მაშ ასე, განვიხილოთ ამ რიტუალის მიმდინარეობა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის.

მიწა (კურო, ქალწული, თხის რქა)

მიწის ნიშნები ფიზიკური სამყაროსკენ არიან მიმართული. ეს რიტუალი მათ შესძენს წონასწორობას, რომელიც გამოსაფხიზლებლად სჭირდებათ. აბაზანის მიღებისას, დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ დიდებულ ბაღში ფეხშიშველა დადიხართ. იგრძენით ნიადაგი ფეხქვეშ, წარმოიდგინეთ, რომ იქ ახალ მიზნებს თესავთ. დააკვირდით, როგორ ამოცენდება ეს თესლი, მალე კი აყვავდება. დარჩით ამ სივრცეში მანამ, სანამ არ მოგბეზრდებათ. აბაზანიდან გადმოსვლისას ახალ მიზნებსა და განზრახვებზე უნდა იფიქროთ.

ჰაერი (ტყუპები, სასწორი და მერწყული)

ჰაერის ნიშნები იდეებს უკავშირდებიან, ეს რიტუალი კი, სუნთქვის დახმარებით, მათ მოდუნებას ემსახურება. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, ჩაწექით აბაზანაში და დაიწყეთ სხეულის თითოეული კუნთის მოდუნება. წარმოიდგინეთ თბილი ყვითელი ღრუბელი, რომელიც თავის სითბოში გახვევთ. ყვითელი შთაგონების ფერია, იგი ოპტიმიზმსა და ახალ იმედებს შთაგაგონებთ. ჩაისუნთქეთ ეს ყვითელი ჰაერი ცხვირით, მიმართეთ იგი მთელი სხეულისკენ და პირით ამოისუნთქეთ. გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, სანამ აბაზანიდან გახვიდოდეთ. შემდეგ კი ჩაიწერეთ იდეები და აოციაციები, რომლებიც აბაზანის მიღებისას მოგივიდათ თავში. დაე, ამ ჩანაწერებმა შთაგაგონონ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

წყალი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)

წყლის მგრძნობიარე ნიშნებს ემოციები მართავს, ამიტომ, რიტუალი მათ ემოციური ტვირთისგან გაათავისუფლებს. დაუმატეთ თბილ წყალს მარილი – იგი “გამოწოვს” მოთენთილობას და მოგადუნებთ. აბაზანაში წოლისას წარმოიდგინეთ, რომ წყალი გწმენდთ და ჭარბ ემოციას აქრობს ენერგეტიკული ველიდან. როცა მორჩებით, წარმოიდგინეთ, როგორ გაჰყვა უვარგისი გრძნობები წყალს. დაასრულეთ რიტუალი საყვარელი ჩაით.

ცეცხლი (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი)

ცეცხლის სტიქია ველური და ვნებიანია. მისი შეკავება დაუჯერებლად რთულია.  ეს რიტუალი დაგეხმარებათ დაუოკებელი ენერგიის სწორად მართვაში. სანამ წყალში ჩაეშვებოდეთ, ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე. იყავით მაქსიმალურად კონკრეტული. მოათავსეთ ფურცელი ახლომახლო. დაუმატეთ აბაზანას საყვარელი მარილი, ყვავილების ფურცლები, დაალაგეთ არომატული სანთლები. აბაზანაში წოლისას წარმოიდგინეთ, როგორ აღწევთ ყველაზე სასურველ მიზნებს და აკვირდებით, როგორც სრულდება ოცნებები.  აბაზანის შემდეგ, დაკეცეთ ფურცელი, დაწვით და გააყოლეთ ფერფლი წყალს.