
წელის ტკივილმა შეიძლება ძილის ხარისხზე, ასევე ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენა მოახდინოს. გარკვეულ პოზებში ძილმა შეიძლება ეს პრობლემა გამოიწვიოს ან გაართულოს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ექიმების მიერ რეკომენდებულ პოზებს, რომელთა დახმარებით ღამით მდგომარეობის შემსუბუქებას შეძლებთ.
ზურგზე, მუხლზე დაყრდნობით
ზურგზე წოლით სხეულის წონა თანაბრად ნაწილდება, ასევე ზეწოლა მცირდება და კისერი, თავი და ხერხემალი კარგად სწორდება. მუხლების ქვეშ პატარა მუთაქის ამოდება დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ხერხემლის ბუნებრივი მოხრის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.
ამ პოზაში მოხერხებულად რომ მოეწყოთ:
- დაწექით ზურგზე, სახით ჭერისკენ. თავის გვერდით არ გადაწიოთ.
- ბალიში ისე დაიდეთ, რომ კისერი და თავი მას დაეყრდნოს.
- მუხლების ქვეშ პატარა მუთაქა დაიდეთ.
ემბრიონის პოზა
თუ დისკის თიაქარი გაქვთ, ემბრიონის პოზაში ძილი დაგეხმარებათ. გვერდზე წოლით, მუხლების მკერდთან მიტანით, ხერხემლის ჩაღუნვა მცირდება და სახსრები დუნდება.
კომფორტულად რომ მოეწყოთ:
- საწოლში დაწექით და გვერდზე ფრთხილად გადაბრუნდით.
- ბალიში ისე დაიდეთ, რომ თავი და კისერი მას დააყრდნოთ.
- მუხლები მკერდთან მიიტანეთ მანამ, სანამ ზურგი შედარებით არ გასწორდება.
მუცლის ქვეშ ბალიშით
ჩვეულებრივ, ეს ძილისთვის მეტნაკლებად ჯანსაღ პოზად ითვლება, მაგრამ მუცლისა და ბარძაყების ქვეშ მუთაქის დადება ხერხემლის გასწორებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მუცელზე ძილი შეიძლება მალთაშუა დისკის თიაქრის ან დისკის დეგენერაციული დაავადების დროს სარგებელი მოგიტანოთ.
ამ პოზაში კომფორტულად რომ მოეწყოთ:
- საწოლში დაწექით და მუცელზე ფრთხილად გადაბრუნდით.
- თხელი მუთაქა მუცლის და ბარძაყების ქვეშ დაიდეთ.
- თავისთვის ბრტყელი ბალიში გამოიყენეთ ან უბალიშოდ დაიძინეთ.
სახით ქვემოთ
ჩვეულებრივ, მუცელზე წოლა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუ ადამიანი თავს გვერდზე აბრუნებს, ხერხემალს ატრიალებს, კისერზე, მხრებსა და ზურგზე დამატებით დატვირთვას ქმნის. ამის თავიდან ასაცილებლად სახით ქვემოთ დაწექით:
- საწოლში დაწექით და ფრთხილად მუცელზე გადაბრუნდით.
- თხელი მუთაქა მუცლის და ბარძაყების ქვეშ დაიდეთ.
- ბალიში ან დახვეული პირსახოცი შუბლთან დაიდეთ, რომ პირით სუნთქვისთვის სახესა და ლეიბს შორის დამატებითი სივრცე შექმნათ.
ზურგზე, გადაწეულ სავარძელში ან საწოლში
ეს პოზა წელის ტკივილის დროს უნდა დაგეხმაროთ, განსაკუთრებით ისთმული სპონდილოლისთეზის დროს – მდგომარეობა, როცა ხერხემლის ერთი დისკი პირდაპირ ხერხემალზე ცურავს. თუ გადაწეულ სავარძელზე დასვენებით შვებას იგრძნობთ, სჯობს ეს პოზა ლოგინშიც სცადოთ.
გვერდზე წოლა, მუხლებს შორის ბალიშით
გვერდზე წოლა კომფორტულია, მაგრამ ამან შეიძლება ხერხემალი წყობიდან გამოიყვანოს, ზურგის ქვედა ნაწილი დაჭიმოს. პრობლემას მარტივად მოიშორებთ, თუ მუხლებს შორის უხეშ ბალიშს დაიდებთ. ასე ფეხის ზედა ნაწილს აწევთ, ბარძაყებს, მენჯს და ხერხემალს ბუნებრივ პოზას დაუბრუნებთ.
ამ პოზაში კომფორტულად რომ მოეწყოთ:
- ლოგინში დაწექით და გვერდზე ფრთხილად გადაბრუნდით.
- თავის და კისრის მხარდასაჭერად ერთი ბალიში გამოიყენეთ. მუხლები ოდნავ მკერდისკენ მისწიეთ და მათ შორის კიდევ ერთი ბალიში ჩაიდეთ.
- თუ ძილში გვერდიდან გვერდზე ხშირად ტრიალებთ, მკერდთან და მუცელთან დიდი ბალიში ჩაიხუტეთ, რომ ზურგი გამართული იყოს.