
თმის მოვლის ბევრი საშუალება უფრო მეტ ზიანს გაყენებთ, ვიდრე სარგებელს. კომპონენტებს, რომელთაც შამპუნებსა და კონდიციონერებში ხშირად იყენებენ, ხანმოკლე დადებითი ეფექტი აქვთ, მაგრამ რეგულარული გამოყენებისას თმას ასუსტებენ და გარეგნობას აფუჭებენ.
Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელ ინგრედიენტებს უნდა უფრთხილდეთ შამპუნების შემადგენლობაში, თუ ლამაზი და ჯანმრთელი თმის ქონა გსურთ.
სულფატები
ეს ინგრედიენტი თავის დაბანის დროს სქელი ქაფის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი. მან შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, გაღიზიანება, თავის კანის გამოშრობა და გამონაყარი. სულფატების შემცველი შამპუნები თმის კუტიკულას ხსნიან, რის გამოც საღებავი და კერატინი სწრაფად ირეცხება, ხოლო თმა ფუმფულა ხდება.
პარაბენები
ალბათ, ეს სახელი არაერთხელ გსმენიათ. პარაბენები ყველაზე გავრცელებული კონსერვანტია, რომელსაც კოსმეტიკურ საშუალებებში იყენებენ. ის ქალის ჰორმონების, ესტროგენის ჭარბ წარმოებას ხელს უწყობს, რაც ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. პარაბენების მაღალმა შემცველობამ შეიძლება თავის კანი გააღიზიანოს.
პოლიეთილენგლიკოლი
პოლიეთილენგლიკოლი, თუნდაც მცირე კონცენტრაციით, თავის კანის ერთ–ერთი გამაღიზიანებელი კომპონენტია. ის თმას აშრობს, ბუნებრივ სითხეს ართმევს, რამაც შეიძლება აქერცვლა და ქერტლი გამოიწვიოს. კომპონენტი თმას გლუვს და რბილს ხდის, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში თმას აზიანებს.

დიეთანოლამინი (DEA) და ტრიეთანოლამინი (TEA)
DEA და TEA უხვ ქაფს უზრუნველყოფს და პროდუქტის კონსისტენციას ინარჩუნებს. ბევრ ადამიანს მათზე ალერგიული რეაქცია აქვთ, რომელიც ქერტლის და თავის კანის სიმშრალით ვლინდება. ასევე თმას ბუნებრივ კერატინს აცლის, თმას ფუმფულას და ურჩს ხდის.
იზოპროპილის სპირტი
ბევრი კოსმეტიკური პროდუქტის სტანდარტული ინგრედიენტი, რომელიც იდეალური კონსისტენციის დაკარგვის გარეშე პროდუქტის დიდი ხნით შენახვის საშუალებას იძლევა. სპირტი ბუნებრივ ბარიერს არღვევს და თავის თხელ კანში მსუბუქად აღწევს, აუწყლოებს და მავნე პათოგენების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.
კოკამიდი დეა
კოკამიდი დეა – ქოქოსის ზეთის ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც შეცდომით უსაფრთხოდ მიიჩნევენ. ის კოსმეტიკურ საშუალებებსა და შამპუნებში არომატიზატორების სუნებს აკავებს. მისი არსებობა პროდუქტს ძლიერ გამწმენდ და ტოქსიკურ საშუალებად აქცევს, რის გამოც თმა მშრალი ხდება და ქავილი ჩნდება.
სილიკონები
სილიკონები თმას გარსით ფარავენ, რის გამოც უფრო ბზინვარე და გლუვი ხდება. თუმცა ეს ფირი თმაში მკვებავი ნივთიერებების შეღწევას ხელს უშლის და თავის კანის ფორებს ახშობს. სილიკონის მოქმედებას დაგროვებითი ეფექტის აქვს – თუ ყოველდღიურად გამოიყენებთ, თმა უსიცოცხლო და მტვრევადი გახდება.