ღამის რიტუალის ტაბუ, რომელიც დილით ნაოჭებს და თვალების ქვეშ ტომრებს იწვევს

0
928

უკვე მოგბეზრდათ, დილით შეშუპებული და დაჭმუჭნილი სახით გაღვიძება? საწოლის გადაადგილება და ლეიბის და ბალიშის შეცვლა არ იჩქაროთ. სწორი ღამის რიტუალი კანის ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის გარანტიაა. Girl.ge–ს რედაქცია აგიხსნით, სად შეიძლება უშვებთ შეცდომებს. ძილის წინ გაიხსენეთ!

არაორგანიზებული ძილი

გახსოვთ, რომ ღამით კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესები აქტიურად მიმდინარეობს? აღმდგენი მუშაობის პიკი საღამოს 11 საათზე მოდის. სწორედ ამიტომ, დერმატოლოგები გირჩევენ, რომ ამ დროს დაწვეთ ან საღამოს რიტუალი ჩაიტაროთ.

მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაისვენებთ. დაიწყეთ განიავებით, შემდეგ პოზის შერჩევით – მუცელზე ან გვერდზე დაწოლა არ გამოგადგებათ, რადგან კანი ბალიშს ეხება, ეს ნაოჭებს და შეშუპებას იწვევს. თუ ბალიში ახალი არაა, დილით გამონაყარს და შავ წერტილებს ელოდეთ. სჯობს ზურგზე დაწვეთ და სპეციალისტების რეკომენდაციით მინიმუმ 7-8 საათით დაიძინოთ.

მხოლოდ ქაფით ან წყლით დაბანა

ძილის წინ კანს ღრმა გაწმენდა სჭირდება. სრულად აღდგენას მხოლოდ ასე შეძლებს. მაშინაც კი, თუ მთელი დღე სახლში გაატარეთ, მტვერი, ოფლი, მკვდარი უჯრედების ნარჩენები და ცხიმი ეპიდერმისის ზედაპირზე დაგროვებას ასწრებს. კანისთვის ეს მძიმე ტვირთია, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ.

კოსმეტოლოგები ორეტაპიან სახის დაბანას გირჩევთ. თავდაპირველად, ზეთოვანი გამწმენდი გამოიყენეთ – ის კოსმეტიკას და ჭარბ ცხიმს ეფექტურად მოგაშორებთ. ამის შემდეგ ჭუჭყის ნარჩენები წყალში ხსნარი პროდუქტით (ქაფი ან გელი) ჩამოიბანეთ. საღამოს რუტინას კვირაში რამდენჯერმე პილინგი, ენზიმის ფხვნილი ან მჟავის შემცველი ტონერი დაუმატეთ – ისინი მზის მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდიან, ამიტომ დილით მათი გამოყენება არასასურველია.

ძილის წინ კრემის წასმა

რა თქმა უნდა, ღამის რიტუალში კრემი უნდა გამოიყენოთ, მაგრამ თუ ამას პირდაპირ დაწოლამდე აკეთებთ – პროდუქტების დიდი ნაწილი ბალიშზე დარჩება. ეს არა მხოლოდ ჰიგიენის წესებს ეწინააღმდეგება, არამედ საშუალებას უსარგებლოს ხდის.

დაიმახსოვრეთ: კანმა კრემი ან ღამის ნიღაბი აუცილებლად უნდა შეიწოვოს მანამ, სანამ საწოლში აღმოჩნდებით. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია დაძინებამდე 30-40 წუთით ან საერთოდ 1 საათით ადრე წაისვათ.

კრემის ძალიან სქელი ფენის წასმა

ღამის ნიღბები და კრემები უფრო მკვებავია და გაჯერებული შემადგენლობა აქვთ. ასე რომ, ცდუნებას არ აყვეთ: კრემის სქლად წასმა ეფექტურობას არ აძლიერებს, პირიქით, კანს აზიანებს.

კრემის ძალიან სქელი ფენა ეპიდერმისს ამძიმებს, შეშუპებას (განსაკუთრებით თვალის ირგვლივ) იწვევს. გარდა ამისა, ზედმეტად მკვრივ ბარიერს ქმნის, კანი ვერ სუნთქვას, ოფლიანდება და სითხე ქსოვილებში გროვდება – ეს შეშუპებას, ფორების დახშობას, ანთებას და ბევრ სხვა უსიამოვნო შედეგს იწვევს.

მოვლის ეტაპების გამოტოვება

რამდენიმე ეტაპი ღამის რეგენერაციის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის, ანუ სიბერეს შეაფერხებს და კანს ჯანსაღ იერს მიანიჭებს. რომელიმე ეტაპის გამოტოვება რეკომენდებული არაა.

  1. ორსაფეხურიანი გაწმენდა. გახსოვდეთ, რომ გამწმენდი საშუალება სიმშრალის და დაჭიმულობის შეგრძნებას არ უნდა ტოვებდეს.
  2. ტონირება. ბევრი ამ ეტაპს დღემდე ვერ მიეჩვია. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია.
  3. შრატი. თქვენი კანის სასწრაფო დახმარება. თავისი არსით, მოვლის მთავარი ეტაპია, რომელიც კონკრეტულ პრობლემებს აგვარებს. თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ შრატი გამოტოვოთ.
  4. კრემი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი კრემით უნდა დახუროთ. მისი მთავარი ამოცანაა კანი ტენიანობის აორთქლებისგან დაიცვას. სურვილის შემთხვევაში, ღამის ნიღბით ჩაანაცვლეთ.