როგორ გავრეცხოთ ქურთუკი: ხრიკები საგარეო ტანსაცმლის მოსავლელად

0
1653

თქვენმა პალტომ, ქურთუკმა და ქურქმა სავაჭრო იერი დიდხანს რომ შეინარჩუნოს, მათზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. დღეს გიამბობთ, როგორ უნდა გარეცხოთ, გააშროთ და შეინახოთ საგარეო ტანსაცმელი.

პალტო

პალტოს მოვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგან არის შეკერილი და პირველ რიგში, ეს რეცხვას ეხება. სჯობს საქმე პროფესიონალს ანდოთ და პალტო ქიმწმენდაში წაიღოთ. თუ ფულის დაზოგვა და დამოუკიდებლად მოქმედება გსურთ, ფრთხილად იმოქმედეთ და ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.

  • პოლიესტერი მოსავლელად ყველაზე ნაკლებად პრეტენზიულია. როგორც წესი, შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. გარეცხვამდე იარლიყი წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ სარეცხ მანქანაში რეცხვა ნებადართულია. დელიკატური ქსოვილის რეჟიმი ჩართეთ: შეამოწმეთ, რომ წყლის ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღალი არ იყოს, გაწურვის რეჟიმი გამორთეთ. პალტო გადმოაბრუნეთ, სპეციალურ ტომარაში ჩადეთ და დოლურაში მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ. პალტო ცალკე გარეცხეთ – მასთან ერთად სხვა ნივთებიც არ მოათავსოთ. გარეცხვის შემდეგ პალტო გამოიღეთ და საკიდზე გააშრეთ (ის საკმაოდ ფართო უნდა იყოს, რომ ქსოვილი არ ჩამოიწელოს).
  • ბეწვის, დრაფის, ქაშმირის პალტოები სჯობს ქიმწმენდაში წაიღოთ ან ხელით გაწმინდოთ (თუ ამას იარლიყზე მითითებული ნიშნები არ კრძალავს). აბაზანაში ცოტა თბილი წყალი დააგროვეთ (წყლის ტემპერატურა 40 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს) და დელიკატური რეცხვისთვის ნაზი სარეცხი საშუალება დაუმატეთ (1 ს/კ 1 ლ წყალზე). პალტო აბაზანაში ჩადეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. პალტოს ძლიერად გახეხვა საჭირო არაა – ასე შეიძლება დააზიანოთ, ფრთხილად იმოქმედეთ. დროის გასვლის შემდეგ გრილ წყალში გაავლეთ, ქაფის ნარჩენები მოაშორეთ და გასაშრობად გაიტანეთ. ბეწვის ნაწარმი სჯობს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშროთ, რომ მასალა არ გაიწელოს. უბრალოდ პალტო ტერის პირსახოცზე დააფინეთ და დასველების შემდეგ ახალი პირსახოცით ჩაანაცვლეთ.
  • თუ პალტოზე ლაქა გაჩნდა, სჯობს სასწრაფოდ ამოიყვანოთ, რომ ჭუჭყმა მასში ჩაჯდომა ვერ მოასწროს. პირველ რიგში, ეტიკეტი წაიკითხეთ, თუ სველი წმენდა დაშვებულია, შეგიძლიათ ლაქის მოშორება სახლში სცადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ლაქის ამომყვანი საშუალება დელიკატური ქსოვილისთვის და ბეწვისთვის – ლაქაზე წაუსვით და ღრუბლით ან რბილი ქსოვილით ფრთხილად გახეხეთ. ნივთი რომ არ გააფუჭოთ, ჯერ საშუალება პალტოს შიდა მხარეზე გამოცადეთ, სადაც დაზიანება თვალშისაცემი არ იქნება. თუ ლაქის ამომყვანი საშუალება ეფექტური არაა – აუცილებლად ქიმწმენდას ეწვიეთ, სადაც საქმეში პროფესიონალები ჩაერთვებიან.

რეცხვის საკითხში უკვე გავერკვიეთ, ახლა დროა ყოველდღიურ მოვლასა და შენახვაზე ვიზრუნოთ. პირველ რიგში, პალტო მხოლოდ ფართო საკიდზე უნდა შეინახოთ – ასე არ ჩამოიწელება და ფორმას არ დაკარავს. სახლში მოსვლისთანავე პალტო კარადაში არ დაკიდოთ: ჯერ სპეციალური რბილი ჯაგრისით ჭუჭყისა და მტვრისგან გაწმინდეთ, ასევე დარმწუნდით, რომ ქსოვილზე ლაქები არაა.  თუ წვიმაში მოყევით, წინასწარ საკიდზე გააშრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეინახეთ. თუ ბოლომდე დასველდა, ტერის პირსახოცი გამოიყენეთ, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს. ამის შემდეგ საკიდზე დაკიდეთ და გათბობის ბატარეებთან ახლოს გააშრეთ.

თუ პალტოზე ბუსუსები ჩნდება, მისი ხელით მოშორება არ სცადოთ. სჯობს სპეციალური მანქანა გამოიყენოთ ან ზედაპირზე რბილი ჯაგრისი გადაატარეთ და ასე გაასწორეთ. პალტოდან ცხოველის ბეწვის, თმის და პატარა დეტალების მოსაშორებლად წებოვანი ლენტა დაგეხმარებათ. წინასწარ იზრუნეთ, რომ თქვენს პალტოში ჩრჩილი არ მოხვდეს – დამაფრთხობელი გულსაკიდები ან ბალიშები გამოიყენეთ, ასევე სპეციალურ ქეისში შეინახეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ პალტო დაჭმუჭნული არ უნდა იყოს – ქსოვილი დააფარეთ და დააუთუეთ. დელიკატური რეჟიმი ან ორთქლი გამოიყენეთ.

ტყავის ქურთუკი

პირველი წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ: ტყავის ქურთუკი სარეცხ მანქანაში ან ტაშტში არ გარეცხოთ, ასევე ეცადეთ, რომ წვიმიან ამინდში ტყავის ქურთუკი არ ჩაიცვათ. პერიოდულად წყალგაუმტარი ხსნარით დაამუშავეთ. საშუალების სწორად შესარჩევად იარლიყის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

თუ ტყავის ქურთუკზე ლაქა შენიშნეთ, მისი მოშორება არ იჩქაროთ. ჯერ შეამოწმეთ, თუ სველ წმენდაზე როგორი რეაქცია ექნება. ცოტა წყალი ქურთუკის შეუმჩნეველ ნაწილზე დააწვეთეთ. თუ წვეთები ზედაპირზე რჩება, ლაქა შეგიძლიათ წყლით მოაშოროთ. თუ შეიწოვა, დამოუკიდებლად გაწმენდა არ ღირს – სჯობს სპეციალისტს ენდოთ. გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის და საპნის ან შამპუნის ხსნარი, ასევე სპეციალური ტყავის საწმენდი საშუალება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ აგრესიული საშუალება, როგორიცაა აცეტონი ან სპირტი.

ტყავის ქურთუკზე მარილის ლაქა ოპერატიულად უნდა მოაშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყავი გამოშრება და დაიბზარება. ძლიერი, ჩამჯდარი ლაქის დამოუკიდებლად მოშორება არ სცადოთ, ქიმწმენდაში წაიღეთ.

თუ ტყავი უხეშდება და შრება, სპეციალური კონდიციონერი გამოიყენეთ, რომელიც ტყავს დაარბილებს და ძველებურ იერს დაუბრუნებს. ტყავის ნივთების ხშირად გაპრიალება არ ღირს – ასე მასალა შეიძლება დააზიანოთ. ტყავის ქურთუკი მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას, გათბობის ბატარეებისგან მოშორებით გააშრეთ – ისინი ტყავს აშრობს და ტყავი შეიძლება დაიბზაროს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ტყავის ქურთუკის შენახვა. არ დაკიდოთ კაუჭზე, სკამის საზურგეზე და მით უმეტეს არ დაკეცოთ – ასე დანაოჭდება და ნაკაცები წარმოიქმნება, თავად მასალა გაიწელება და ფორმას დაკარგავს. სჯობს ფართო საკიდზე დაკიდოთ კარადში, წინასწარ მტვრისგან გაწმინდეთ და გააშრეთ.

ქურქი

საკმაოდ პრეტენზიული ნივთია, რომელსაც დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრათ. ბეწვის ხარისხი მისი შენახვის მეთოდზე გავლენას ახდენს. კარადაში სველი ქურქი არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ. თუ წვიმის ან თოვლის ქვეშ მოყევით, ჯერ კარგად გააშრეთ. ამ მიზნით ფენი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ. მხოლოდ ფართო საკიდი გამოიყენეთ და ოთახში გასაშრობად გააჩერეთ. გათბობის ბატარეებთან ახლოს არ მიიტანოთ – ის ბუნებრივად უნდა გაშრეს.

როცა ბეწვი სრულად გაშრება, ფრთხილად დავარცხნეთ. ამისთვის რბილი კბილების მქონე სავარცხელი გამოიყენეთ. შემდეგ კარგად შეანჟღრიეთ და კარადაში მხოლოდ ამის შემდეგ შეინახეთ. სჯობს სპეციალურ დამცავ ქეისში შეინახოთ. ჩრჩილისგან წინასწარ დაიცავით.

თუ ქურქი ბოლომდე დასველდა, სპეციალურ ადგილას წაიღეთ, სადაც პროფესიონალები მიხედავენ. ლაქებისა და მტვრისგან გაწმენდა არ გადადოთ – პრობლემას რაც უფრო დროულად მიხედავთ, მით უფრო მარტივად მოაგვარებთ.

გახსოვდეთ, რომ სუნამოებმა შეიძლება ღია ფერის ქურქზე კვალი დატოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად პარფუმი ქურქზე არ აპკუროთ. ასევე ქურქზე გადაკიდებული ჩანთა ან ზურგჩანთა არ ატაროთ – ბეწვს სიმძიმე არ უყვარს და შეიძლება სწრაფად დაჯდეს.

დუტის ქურთუკი

თქვენი დუტის ქურთუკი დიდხანს ახალივით რომ იყოს, მასზე ყოველდღე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, იარლიყია. მასზე მოვლის რეკომენდაციებს გაიგებთ. ნახეთ, აქვს თუ არა თქვენს ქურთუკს წყალგაუმატარი საფარი – თუ არა, სპეციალური ხსნარით თავად უნდა დაამუშაოთ, რომელიც დასველების და გრანულების შეკრების საშუალებას არ მისცემს.

ლაქის მოსაშორებლად სპეციალური გამწმენდი ქაფი გამოიყენეთ. ჭუჭყიან ადგილას წაუსვით და რბილი ჯაგრისით ნაზად გაწმინდეთ. სველი სალფეთქის ან ჩვრის გამოყენება არ ღირს – ასე ლაქა უფრო ღრმად ჩაჯდება და მისი მოშორება უფრო გაგიჭირდებათ. აგრესიული სარეცხი საშუალებები არ გამოიყენოთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ლაქის ადგილას ახალს მიიღებთ, რომლის მოშორებასაც ვერაფრით შეძლებთ.

თუ ქურთუკის გარეცხვა გჭირდებათ, გირჩევთ ქიმწმენდა გამოიყენოთ – სპეციალისტები ამ ამოცანას უფრო ეფექტურად გაუმკლავდებიან და ხარისხს არ დააზიანებენ. თუ ყველაფრის გაკეთება თავად გსურთ, დაიმახსოვრეთ შემდეგი წესები:

  • დუტის ქურთუკის სარეცხ მანქანაში გარეცხვა შეიძლება, თუ იარლიყზე სხვა ნიშანი არაა. დელიკატური რეჟიმი ჩართეთ, წყლის ტემპერატურა 30-40 გრადუსი.
  • დეკორატიული ელემენტები მოაშორეთ. თუ არ იხსნება, ქსოვილი დაახვიეთ, რომელიც ნამდვილად არ შეიღებება.
  • კონდიციონერი გამოიყენეთ, ასევე დამატებითი გავლება ჩართეთ, რომ ლაქები თავიდან აიცილოთ.
  • დოლურას სპეციალური სარეცხი ბურთები დაუმატეთ (არა ჩოგბურთის, ის შეიძლება შეიღებოს) – ასე შემავსებელი ერთ ადგილას არ მოგროვდება და ერთფეროვნებას შეინარჩუნებს.

რეცხვის შემდეგ ქურთუკი არ გაწუროთ, უბრალოდ ფართო საკიდზე დაკიდეთ და გასაშრობად დატოვეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ, რომ ბუმბული თანაბრად გადანაწილდეს. გათბობის ბატარეებთან არ გააშროთ, მზეზე არ გაიტანოთ – ასე ყვითელ ლაქებს და ნაკაწრებს მიიღებთ.

როცა ქურთუკი გაშრება, კვლავ წყალგაუმტარი საშუალებით დაამუშავეთ. ქურთუკი კარადაში საკიდზე შეინახეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაკეცოთ ან სპეციალურ ვაკუუმ ყუთში არ შეინახოთ – ასე შემავსებელი ერთ გრანულად შეგროვდება და ნაწარმი ფორმას დაკარგავს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ