9 მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თავის მოვლის რუტინაში

0
937

ქოქოსის ზეთი უნიკალური საშუალებაა, რომელიც ყველა გოგოს კოსმეტიკის ჩანთაში უნდა ჰქონდეს. მას ძვირადღირებული სალონების ბევრი პროფესიონალური საშუალების და მომსახურების ჩანაცვლება შეუძლია. გარდა ამისა, E და K ვიტამინებს, ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, სამკურნალო თვისებებს ფლობს და სასიამოვნო სუნი აქვს. ნამდვილი აღმოჩენა და თავის მოვლის პროცედურებში შეუცვლელია.

Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი თავის მოსავლელად.

1. თვალის მაკიაჟის მოშორება

ქოქოსის ზეთს წყალგამძლე ტუშის დაშლაც შეუძლია, ამიტომ მიცელარული წყლის ნაცვლად შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ. ზეთი ბამბის დისკზე წაისვით და კოსმეტიკა ნაზად მოიშორეთ, შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. კბილების გათეთრება

ზეთი პირის ღრუში დაგროვებულ ტოქსინებს და ბაქტერიებს იწოვს. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი კბილებს ათეთრებს და უსიამოვნო სუნს აქრობს. ცივი დაწურვის ზეთი გამოიყენეთ: მას უფრო ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. პროცედურა სჯობს დილით, უზმოზე ჩაიტაროთ. 2 ჩ/კ შემთბარი ზეთი პირში დაიგუბეთ და 15-20 წუთით კარგად გამოივლეთ, შემდეგ პირში თბილი წყალი გამოივლეთ და კბილები გაიწმინდეთ. ფრთხილად იყავით: ზეთი არ გადაყლაპოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მავნე ნივთიერებები ორგანიზმში მოხვდება. შესამჩნევი შედეგის მისაღებად პროცედურა რეგულარულად ჩაიტარეთ.

3. ტუჩების მოვლის საშუალება 3–1–ში

ქოქოსის ზეთი ტუჩებს ატენიანებს და ნახეთქებს ახორცებს, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩების ნატურალურ ბალზამად ან ნიღბად, თუ ზეთს ღამით სქელ ფენად წაისვამთ. ქოქოსის ზეთისა და შაქრის ნარევით ტუჩებისთვის რბილ და ეფექტურ სკრაბს მიიღებთ. კიდევ ერთი მარტივი ხრიკი: თუ ზეთს ტუჩსაცხის ნარჩენებს აურევთ, ლამაზ ტუჩის ბლესკს მიიღებთ მსუბუქი ბზინვარებით.

4. ფეხის კანის მოვლა

ქოქოსის ზეთი ქუსლების მშრალ კანს არბილებს და ნახეთქებს კურნავს, ასევე დეოდორანტს და ანტისეპტიკს ანაცვლებს. ფეხის უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად ქოქოსის ზეთს რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ.

5. თმის ნიღაბი

ყველაზე ხშირად ქოქოსის ზეთს თმის ნიღბად იყენებენ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ქოქოსის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები თმას ატენიანებს და გაყოფილი ბოლოების გაჩენას აფერხებს. თაფლის და ქოქოსის ზეთის ნიღაბი თმას კვებავს და ბზინვარეს ხდის, თითქოსდა სალონიდან ახლახანს გამოხვედით.

6. კუტიკულის მოვლა

ზეთი აქერცვლას და სიმშრალეს აქრობს, ამიტომ კუტიკულას შესანიშნავად უვლის და ხელის კანს ატენიანებს. საუკეთესო ეფექტისთვის ღამით წაისვით.

7. ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება

ქოქოსის ზეთი ბევრი ანტიასაკობრივი კრემის და პროფესიონალური შრატის ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ნაოჭებს ასწორებს და ყველაზე მგრძნობიარე თვალის ირგვლივ კანსაც უხდება. ცოტა ქოქოსის ზეთი თვალების ქვეშ წაისვით და ნაზად დაიმასაჟეთ. ზეთი წამწამებზე დაიტოვეთ – ზეთი გააძლიერებს და ზრდას დააჩქარებს.

8. ფეხების დეპილაცია

თუ მოულოდნელად საპარსი კრემი დაგიმთავრდათ, ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ. ცხიმიანი კონსისტენცია საპარსის სრიალს აუმჯობესებს, ამავდროულად კანს ატენიანებს და კვებავს. ნაზი ქოქოსის ზეთი გაღიზიანებას თავიდან აგაცილებთ, ამიტომ შხაპის შემდეგ დამატებით კრემის წასმა არ დაგჭირდებათ.

9. მაკიაჟის ფუნჯების გაწმენდა

ნატურალური ზეთი ბაქტერიებს და მიკრობებს კლავს და კოსმეტიკურ საშუალებებს შლის, ამიტომ ჩაგინაცვლებთ ფუნჯების გამწმენდ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ. საპნიან ხსნარს რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი დაუმატეთ და მასში ფუნჯები ჩადეთ. ასე ჯაგრები დარბილდება და მაკიაჟს უკეთ წაისვამთ.