როგორ დავუბრუნოთ წარბებს ბუნებრივი სიხშირე: 7 მარტივი, მნიშვნელოვანი წესი

0
1019

ძაფ-წარბის მოდა, საბედნიეროდ, შორეულ წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩვენ ახალი წესებით ვთამაშობთ – მოდაშია ბუნებრივი ფორმები და მაქსიმალური სიხშირე. როგორ მოვიქცეთ ჩვენ, ვინც წარბების ამოღებისას შორს შეტოპა? შესაძლებელია თუ არა წარბისთვის ბუნებრივი სიხშირის დაბრუნება?

სპეციალისტები ამბობენ, რომ მინიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც წარბი ბუნებრივ სიხშირეს დაიბრუნებს, 4 თვეს შეადგენს. თუმცა, თუ წარბებზე მხოლოდ ძაფები დაიტოვეთ, აღდგენას, შესაძლოა, 1 წელი ან მეტიც დასჭირდეს. მზად ხარ აღდგენის გზაზე დასადგომად? მაშინ მოიმარჯვე მოთმინება და დაიცავი წესები, რომლებსაც Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ.

1. მიმართე brow-bar-ს

პირველი ეტაპი სპეციალისტთან კონსულტაციაა. სთხოვე ოსტატს შენთვის შესაფერისი ფორმისა და ფერის შერჩევა. დაე, მეწარბემ გასწავლოს ნაკლული ღერების დახატვა – ასე წარბის ახალი ფორმით ტკბობას მყისიერად შეძლებ.

2. დაივიწყე პინცეტი

ახლა კი მთავარი და ყველაზე რთული: დაივიწყე პინცეტი რამდენიმე თვით. ეს რთული დავალებაა, ხელები “მოგექავებათ”, ამოწიწკნის სურვილი ციხეს შიგნიდან გატეხს. თუმცა, სხვა გზა უბრალოდ არ არის.

3. გამოკვებე წარბი შიგნიდან

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და ვიტამინები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს, შესანიშნავად მოქმედებს წარბებზეც. აირჩიე პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებს თმის ზრდას, მაგალითად, ბიოტინი (B ჯგუფის წყალხსნადი ვიტამინი) და ვივისკალი (ამინომჟავებისა და მინერალების კომპლექსი თმის ზრდის სტიმულაციისა და თმისცვენის შეჩერებისთვის).

4. გამოკვებე წარბი გარედანაც

დაუმატე კოსმეტიკურ რაციონს სპეციალური კონდიციონერი ან ზეთი წარბის ზრდისა და გაძლიერებისთვის. ნუ შეგეზიზღებათ ხალხური რეცეპტები: თმის ზრდას ხელს უწყობს რევანდის, აბუსალათინის და ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთიც.

5. ისწავლე შენიღბვა

მზად იყავი იმისთვის, რომ უშნო წარბები ცოტა ხნით აიტანო. ისწავლე მისი დამალვა სპეციალური კოსმეტიკური პროდუქტებით: ფანქრებით, ჩრდილებით, ცვილებითა და გელებით.

6. ფხიზლად იყავი

ყველაზე რთული ცხვირის ფუძესთან ახლომდებარე ღეროების აღდგენაა. თუმცა, სწორედ ისინი გვიშლის ხოლმე ნერვებს ყველაზე ხშირად. კოსმეტიკით მათ ვერ დამალავ, თუ “მონოწარბის” გაზრდას არ აპირებ. სანამ ამ ადგილას თმის ამოღებას გადაწყვეტდე, მოათავსე თითი წარბებს შორის და ორივე მხარეს ფანქრით შემოავლე კონტური. ახლა აიღე შორს გადადებული პინცეტი, თითი გამოწიე და ამოიღე მხოლოდ ის ღერები, რომლებიც კონტურის შიდა ნაწილშია.

7. არ გაიმეორო ძველი შეცდომები

რამდენიმე თვეში წარბი საკმარისად გაიზრდება იმისთვის, რომ ფორმის კორექტირება შეძლო. ნუ გაერთობი, თორემ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს. ისევ გაეშურე სალონში, კარგ სპეციალისტთან, რომელიც თქვენი წარბებისგან საუკეთესო ვარიანტს გამოთლის.