
ასტროლოგიაში, 12-დან თითოეულ თვეს აქვს თავისი ქვა-თილისმა, რომელსაც გარკვეული თვისებები გააჩნია. ბუნებაში ყოველი ქვა უნიკალურია, მის ჩამოყალიბებას ასობით და ათასობით წელი სჭირდება. ითვლება, რომ ქვას, როგორც ნებისმიერ სხვა ბუნებრივ ელემენტს, აქვს უნიკალური ვიბრაციები, რომლებიც ადამიანის ვიბრაციებს შეერწყმება, თუ ქვა სწორადაა, და ენერგიას ჰარმონიაში მოიყვანს.
გჯერათ თუ არა ამის, თქვენი საქმეა. Girl.ge-ის რედაქცია კი გეტყვით, რომელი ქვა შეგეფერებათ, დაბადების თვის მიხედვით. ბოლოს და ბოლოს, ასე მეგობრის მომდევნო დაბადების დღეზე საჩუქრის შერჩევაც გაგიმარტივდებათ.
იანვარი – ძოწი
იანვარში დაბადებულები სერიოზული ხალხია. მათ უყვართ გაანალიზება და საქმეებში ჩაფლობა. ძოწი შენი მოკავშირეა, იგი გეხმარება წარსულის გაშვებასა და ახალი ენერგიით გავსებაში. იგი გაწონასწორებთ, გამიწებთ, გძენთ სიმშვიდისა და უშფოთველობის მდგომარეობას. რაც უფრო დიდხანს ატარებთ ძოწს, აპრიალებთ და ეხებით მას, მით უფრო ძლიერ რეზონირებს იგი თქვენთან.
თებერვალი – ამეთვისტო
ამეთვისტო ძილისა და მედიტაციის ქვა, იდეალური მოკავშირეა თებერვლის ადამიანებისთვის, რომლებიც ანალიტიკისა და სტრუქტურირებისკენ არიან მიდრეკილი. ამეთვისტო დაგეხმარება კონცენტრაციასა და დამშვიდებაში, აგრეთვე, თქვენს ყურადღებას საჭირო მიმართულებით მიაქცევს. მოათავსე ამეთვისტო სამუშაო მაგიდაზე ან საწოლთან.
მარტი – აქვამარინი
მარტში დაბადებულები თანდაყოლილი ემპათები არიან, ისინი, ხშირად, გაუაზრებლად შთანთქავენ გარშემომყოფთა ვიბრაციებსა და განწყობას, ამიტომ, მათ ამ ხმაურისგან ფსიქოლოგიური დაცვა არ აწყენდათ. აქვამარინი შთანთქავს შიშს, ნეგატიურ ნაკადებს, მოაქვს მფლობელისთვის მშვიდობა და უშფოთველობა. თუ მარტში დაიბადე, მუდამ თან ატარე ეს კრისტალი.
აპრილი – ბრილიანტი
მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კრისტალი მათი ქვა უნდა გახდეს, ვინც ასტროლოგიური ახალი წლის დასაწყისში დაიბადა. აპრილის ბავშვები, ბრილიანტების მსგავსად, თვალისმომჭრელ ინდივიდუალობას ფლობენ, როცა კარგ ხასიათზე არიან. ხოლო, როცა თავს კარგად ვერ გრძნობენ, ამას მაშინვე ყველა იგებს. ითვლება, რომ ბრილიანტი აძლიერებს დადებით ენერგიას, ამიტომ, თუ მას სხეულზე (უმჯობესია, მარცხენა მხარეს) ატარებს, იგი სიმშვიდეს მოგანიჭებს და გაგაახალგაზრდავებს კიდევაც.
მაისი – ზურმუხტი
ზურმუხტი იზიდავს იღბალსა და ქონებას, მაისის იუბილარებისთვის კი ეს სიტყვები მუსიკასავით ჟღერს. ზურმუხტი, აგრეთვე, აუმჯობესებს გონების სისაღესა და გადაწყვეტილების მიღების უნარიანობას, კოგნიტურ პროცესებს, აჩქარებს სწორი დასკვნების გამოტანას. გამოიყენე იგი მაშინ, როცა კონცენტრირება და რთული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
ივნისი – მარგალიტი
მარგალიტს მკურნალი ენერგია აქვს და დაგეხმარება ცვალებადობის, უპასუხისმგებლობისა და მერყეობის გაწონასწორებაში. იგი დაგამიწებ, გაიძულებ, ორჯერ დაფიქრდე, სანამ რამეს იტყვი ან გააკეთებ. ატარე მარგალიტი გულთან ახლოს.
ივლისი – ლალი
ლალი აყვავების, ვნებისა და სიყვარულის სიმბოლოა. ესაა გამაძლიერებელი კრისტალი, რომელიც მფლობელში გამბედაობასა და თავდაჯერებულობას ზრდის. ივლისში დაბადებულები საკმაოდ ემოციურები არიან, ლალის ტარება კი მათ უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის გრძნობებს მოიტანს, განდევნის მშფოთვარე აზრებს.
აგვისტო – ქრიზოლიტი
ქრიზოლიტი დაცვის ქვაა, რომელსაც ჭექა-ქუხილის შეკავება და მისი სხვა მიმართულებით გაშვება შეუძლია. იგი მფლობელს ეხმარება ნაღველისა და შფოთვის დაძლევაში. აგვისტოში დაბადებული ადამიანი ეჭვიანი, ემოციურია, იზიდავს არასასურველ კრიტიკას. ქრიზოლიტი დაგეხმარება წარსულისა და ეჭვიანობის მოშორებაში, ბრაზისა და უსარგებლო წყენების დავიწყებაში. მოათავსე იგი საწოლთან – გამოძინებას შეუწყობს ხელს.
სექტემბერი – საფირონი
საფირონი გაჩუქებს სიბრძნეს, გონების სისაღესა და შინაგან სიმშვიდეს, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანი რამეების დანახვისთვის. სექტემბრის ხალხი ფიქრის მოყვარულია, თუმცა, თვითკრიტიკა ახასიათებს. საფირონი კრიტიკულობის გრადუსს დაუწევს და აზრებს მოაწესრიგებს.
ოქტომბერი – ოპალი
ოპალი მოგიტანს სინათლეს, იღბალს, ოპტიმიზმსა და პოზიტივს იქ, სადაც სიბნელე, შიში ან ეჭვი სუფევს. ესაა ჰარმონიის მომტანი, გამაწონასწორებელი ქვა, რომელიც ოქტომბრის ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. თუ ოქტომბერში დაიბადე, შენთვის აუცილებელია ცხოვრებაში ბალანსის დაცვა, რათა შეიგრძნო სიმშვიდე და ყველაფერი აკონტროლო.
ნოემბერი – ტოპაზი
ნათელი ფერის (რაც ღია, მით უკეთესი) ტოპაზის ტარება მოგადუნებს და აგავსებს სიმშვიდით. ამ თვეში დაბადებულ ადამიანს ახასიათებს ეჭვიანობა, სიბრაზე და ერთგვარი პარანოია, რამდენადაც ზედმეტად მგრძნობიარე და კონტროლის გიჟია. სწორედ ეს გიშლის ხელს ურთიერთობაში. ტოპაზი მოგიხსნის ამ ემოციების სიმწვავეს, მოგიტანს სიმშვიდესა და იმედს.
დეკემბერი – ფირუზი
ფირუზი დაუჯერებელ სამკურნალო თვისებებს ფლობს და კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ცნობილი ქვაა. იგი ყოველთვის თილისმად და სამკაულად ემსახურებოდა მმართველებს, შამანებსა და მებრძოლებს. ეს ქვა ეხმარება ფილოსოფიურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც დეკემბერში გაჩნდნენ, აგრძნობინებს კავშირს წინაპრების ფესვებთან და სიბრძნესთან. გამოიყენეთ ფირუზის სამკაული ამ უძველესი სიბრძნის შესაგრძნობად.