
30 წლის ასაკში, სახეზე უკვე ვამჩნევთ ნაოჭებს შუბლზე, თვალის გარშემო, ცხვირ-ტუჩზე… ამ ასაკში, ჯერ კიდევ შეგიძლიათ საშინაო საშუალებებით სარგებლობა, განსაკუთრებით, თუ უპირატესობას ნატურალურ საშუალებებს ანიჭებთ. თუ თქვენც ეძებთ ისეთ რეცეპტებს, რომლებიც მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შედგება, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ლიფტინგ-ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც სახეს ძალიან სწრაფად დაჭიმავს, კვირაში მხოლოდ 2-3 პროცედურით.
- კვერცხის ცილის ნიღაბი
სახლის ნიღბებში საკმაოდ ხშირად იყენებენ კვერცხის ცილას. ისინი ხომ კანს ამკვრივებს და დაუყოვნებლივ ჭიმავს. ამისთვის შეურიეთ 1 ცილას 1/2 ჩ.კ. E ვიტამინის ზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. ეცადეთ, ნიღაბი სამასაჟე მოძრაობებით წაისვათ, არ დაგავიწყდეთ დეკოლტე და კისერიც. როგორც კი ნიღაბი სრულად გაშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- შაქრისა და კვერცხის გულის ნიღაბი
შაქრისა და კვერცხის გულის შემცველი ნიღაბი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გაახალგაზრდავებისთვის. უბრალოდ ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ჩ.კ. შაქართან ერთად და წაისვით სახეზე სამასაჟე მოძრაობებით. 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- არაჟნის ნიღაბი
ეს ნიღაბი სასწაულებს ახდენს კანზე და კანის ყველა ტიპს უხდება. შეურიეთ 1 ს.კ. არაჟანს 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი. ნიღაბი 30 წუთამდე უნდა გაიჩეროთ. სურვილისამებრ, დაუმატეთ მასას ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (ლავანდის, ფორთოხლის ან ნემსიწვერას ექსტრაქტი), ასე შედეგი გაცილებით ეფექტური იქნება. ნიღაბი გააღიავებს ასაკობრივ ლაქებსაც, ხელს შეუშლის მუწუკების გაჩენას, გაათანამრებს ეპიდერმული ფენის ფერს.
- ავოკადო და თაფლი
ავოკადო და თაფლი ჩემი რჩეულებია, რადგან ისინი კანს არბილებს, იმდენად სასიამოვნოა მისი შეხება, რომ მოფერება არ მოგბეზრდებათ. ამისთვის დაგჭირდებათ ნახევარი ავოკადოს რბილობი, 2 ს.კ. თაფლი და 1 ცალი კვერცხის ათქვეფილი ცილა. აურიეთ ყველაფერი ბლენდერში და გაიჩერეთ წასმული ნიღაბი 30 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ბანანის ნიღაბი
აიღეთ ნახევარი მწიფე ბანანი და 2 ს.კ. ნაღები ისე შეურიეთ, რომ პასტა მიიღოთ. დაუმატეთ E ვიტამინის კაფსულის შემცველობა და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ. ჩამოიბანეთ 15 წუთში.
- სახამებლის ნიღაბი
ბოტოქსის ეფექტის გარდა, ეს ნიღაბი კანს კვებავს და ატენიანებს კიდევაც. ძირითადი მოქმედი წამომწევი კომპონენტები ცილა და სახამებელია. რა თქმა უნდა, ეფექტი იმდენად ხანგრძლივი არ იქნება, როგორც ბოტოქსის ნემსები, თუმცა, შედეგი მოგეწონებათ.
თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, ბლენდერში ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. სახამებელი. თუ მშრალი კანი გაქვთ, დაუმატეთ ნარევს კვერცხის ცილა და 2 ჩ.კ. ზეთიც. თუ მასა ძალიან თხელი გამოვიდა, დაუმატეთ სახამებელი. წაისვით იგი მთელ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე, არ გამოტოვოთ თვალქვეშა ნაწილებიც, 20 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- შვრიის ნიღაბი
თვისებებით უნიკალური საშინაო ნიღაბი, რომელიც კანს წამოწევს, აძლიერებს ეპიდერმულ ფენას და ატენიანებს მას. მისი რეგულარული გამოყენება მოგაშორებთ ნაოჭებს და გაახანგრძლივებს სახის ახალგაზრდობას.
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. შვრია
- 1/2 ჭიქა ცხელი წყალი
- 1 ათქვეფილი ცილა
- 1 ს.კ. თაფლი
დაასხით შვრიას ცხელი წყალი და გააჩერეთ 30 წუთით. კარგად მოურიეთ, წაისვით სახესა და კისერზე 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ რძით. გაივლეთ სახე გრილი წყლით.