
ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი სწორი დამოკიდებულება სათავეს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იღებს. ის, თუ რა პირობებში გაზარდეს ბავშვი და რა მაგალითებს იღებდა იგი უფროსებისგან, მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს.
და დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ საუბარს აღზრდის ისეთ მნიშვნელოვან მომენტზე, რომელსაც მშობლები ხშირად უშვებენ მხედველობის არედან. ისინი ამ დეტალს არსებითად არ მიიჩნევენ და თავიანთ ქცევებში ამას ვერ ამჩნევენ. ამიტომაც, ამით არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ბავშვსაც ვნებენ.

სწორი დამოკიდებულება ადამიანებისადმი
“არსებობს ერთი წესი, რომელსაც ბავშვებს არასდროს ვეუბნები. თუმცა, თუ რომელიმე მათგანი მოვა და ფოტოს გადაღებას მთხოვს, აუცილებლად მივცემ ამის უფლებას. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვგრძნობ თავს და როგორ გამოვიყურები. ხოლო როცა ბავშვი ამ ფოტოს მაჩვენებს, ხმამაღლა აღვნიშნავ, რომ ლამაზი ვარ ან რომ საკუთარი თავი მიყვარს…” – ამბობს პედაგოგი მერი დიუკი.

“საქმე ისაა, რომ საკუთარ თავზე ცუდს არასდროს ვამბობ, როცა ბავშვები მისმენენ. მაშინაც კი, როცა ფეხმძიმედ ვიყავი და 20 კგ მოვიტმატე, საკუთარ სხეულზე ცუდს არაფერს ვამბობდი. ფოტოაპარატისგან ან სარკისგან გაქცევა, პატარების გულისთვის, არჩევანი არაა.
წლების შემდეგ ვიხილე შედეგი. ეს არამხოლოდ სიტყვები, არამედ ჩემი რეალობის ნაწილია. ბოლოს და ბოლოს, თვითონაც იწყებ ამის დაჯერებას. სრულყოფილად იღებ საკუთარ თავს და ამას სხვებსაც ასწავლი. ბავშვები ამ მაგალითს იღებენ.” – ირწმუნება ქალბატონი.

დაბალი თვითშეფასების ფესვები
ბევრი ადამიანი ცხოვრობს დაბალი თვითშეფასებით, თავდაჯერების გარეშე. ეს კრიტიკული არა, თუმცა, საკმაოდ უსიამოვნო რამაა. იგი სირთულეებს უქმნის ადამიანს სხვებთან ურთიერთობის აწყობაში, ხელს უშლის კარიერულ წინსვლას, ადამიანის უამბიციობის მიზეზად გვევლინება. მას არ შეუძლია საკუთარი თავის სიყვარული.

ასეთი ადამიანის მშობლებს, ალბათ, არ უნდოდათ, რომ მათი ბავშვი მსგავს სირთულეებს შეხვედროდა ცხოვრებაში. თუმცა, როცა ისინი ცხოვრებისთვის აუცილებელ ცოდნას გასცემდნენ, ვერ შეძლეს ბავშვში არანაკლებ აუცილებელი უნარებისა და პიროვნული თვისებების განვითარება.
შედეგად, განსაკუთრებული გონება და ხარისხიანი განათლება ვერ ანაზღაურებს საკუთარი თავისადმი სიყვარულის არარსებობას. არადა, მშობლებს უბრალოდ უნდა მიეღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც იყო, არ ეცადათ მისი გადაკეთება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ბავშვი ცუდად იქცევა – იჩენს აგრესიას, იტყუება ან სხვა უმსგავსო საქციელებს ჩადის.

თუ ბავშვს მშობლები არა წარმატებების გამო, არამედ ისე, უბრალოდ უყვართ, თუ მისი ცხოვრებით ინტერესდებიან, ამავდროულად კი თავადაც ბედნიერი არიან და საკუთარი თავი უყვართ, ბავშვისგან მორალურად ჯანსაღი პიროვნების მიღების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.
ამიტომ, მერი დიუკის წესები არამხოლოდ საკუთარი თავის შეყვარებაში, არამედ ბავშვისთვის კარგი მაგალითის მიცემაშიც დაგეხმარებათ, რაც დადებითად უნდა აისახოს მის თვითშეფასებაზე. თანაც, სამომავლოდ ბევრი საოჯახო ფოტო კარგიც იქნება.

თქვენ რას ფიქრობთ მერი დიუკის წესთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.