გაყოფილი ბოლოები: 4 რეცეპტი მკურნალობისა და აღდგენისთვის

0
1179

უკვე ყველამ იცის, რომ გაყოფილი ბოლოების მოშორების ერთადერთი გზა მაკრატელია. სამწუხაროდ, უკვე დაზიანებული, უფრო სწორად, დანაწევრებული დაბოლოებები მართლაც არასდროს აღდგება.

თუმცა, თუ ყოველ ჯერზე უბრალოდ მაკრატლით მოიჭრით ბოლოებს და არ მიიღებთ სამკურნალო ზომებს, გრძელ თმაზე ოცნება ოცნებად დაგრჩებათ. ხოლო, თუ თმის სილამაზისთვის ბრძოლა გადაწყვიტეთ, Girl.ge-ის რედაქცია თქვენი თანამებრძოლი იქნება.

ჩვენ გთავაზობთ 4 რეცეპტს, რომლებიც (ერთ-ერთი) რეგულარულად უნდა გამოიყენოთ, რათა თმა მკვრივი, მტკიცე და მოვლილი გახდეს, ესე იგი, შემდეგ ჯერზე მაკრატელი მხოლოდ რამდენიმე თვეში შეიძლება დაგჭირდეთ.

1. მაწონი + ზეითუნის ზეთი

ნატურალურ მაწონზე დამზადებული ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა თმის სიმშრალის წინააღმდეგ (სწორედ მშრალი თმის ბოლოები იყოფა ყველაზე ხშირად). მაწონი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აგრეთვე, შეიცავს უამრავ სასარგებლო მიკროელემენტს: ცილას, კალციუმს, თუთიას, კალიუმს, მაგნიუმს და სხვ. გამოიყენეთ ყველაზე მაღალცხიმიანი მაწონი. რაც შეეხება ზეითუნსი ზეთს, მისი სასარგებლო თვისებები ჩამოთვლას არც საჭიროებს – ეს ჯადოსნური სითხე სასწაულებს ჩადის, უიმედო მდგომარეობასაც კი ასწორებს. თუმცა, მხოლოდ რეგულარული გამოყენების წინაპირობით.

შეურიეთ 1/4 ფინჯან მაწონს 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე და ჩამოიბანეთ 15-30 წუთში ჩვეულებრივი შაპმუნით.

2. კვერცხის გული + თაფლი

ვიტამინები და ლეციტინი, რომლებსაც კვერცხის გული შეიცავს, აღადგენს თმის სტრუქტურას, აგლუვებს დალალებს, ანიჭებს მათ ელვარებასა და სიმკვრივეს. თაფლს არანაკლებ კარგი მოქმედება აქვს: კეტავს თმის ქერცლებს, ეხმარება თმას სითხის შენარჩუნებაში.

შეურიეთ 1 კვერცხის გული (სასურველია, მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს, სახლის კვერცხი იდეალურია) შეურიეთ 1 ჩ.კ. ნატურალურ თაფლს. წაისვით მასა თმაზე და გაიჩერეთ 1-2 ან მეტი საათით, ჩამოიბანეთ ჩვეულებრივად.

3. ქოქოსის ცხელი ზეთის სახვევი

როგორც დასახელებით მიხვდებოდით, ქოქოსის კარაქი, რომელიც იდეალურად აღადგენს და ატენიანებს თმას ოთახის ტემპერატურაზეც კი, უნდა შეათბოთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ტემპერატურა არ უნდა გწვავდეთ, თუმცა, საგრძნობლად მაღალი უნდა იყოს, კომფორტულ ტემპერატურასთან შედარებით. იდეალში, ზეთს უნდა დაუმატოთ სხვა ცხიმებიც, მაგალითად, 5-6 წვეთი როზმარინის ეთერზეთი (1/4 ფინჯან ქოქოსის მასაზე) ან ნებისმიერი სხვა არომაზეთი, თქვენი გემოვნებით.

წაისვით მასა თმაზე, შეიხვიეთ პარკით ან დაიხურეთ სპეციალური ქუდი ნიღბებისთვის, შემოიხვიეთ პირსახოციც და გაიჩერეთ, რამდენ ხანსაც გენებოთ. ამ ნიღაბს ვადა არ გააჩნია. რაც მეტხანს, მით უკეთესი.

4. ვაშლის ძმრის სავლები

ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ, რომ ძმარი თმას დაუჯერებელ ელვარებას ანიჭებს. საქმე ისაა, რომ იგი აგლუვებს თმის გარსს, რომელიც სინათლის არეკლვას იწყებს. ამ რეცეპტში, ძმარი თმის ნამდვილ ვიტამინურ ნარევს უნდა დაუმატოთ.

ჭურჭელში მოათავსეთ თითო ს.კ. ჭინჭრის, სალბის, როზმარინის ფოთლები, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. როცა ნაყენი გაგრილდება, გადაწურეთ, ბალახები რომ მოაშოროთ. დაუმატეთ 2 ს.კ. ვაშლის ძმარი. გამოიყენეთ სავლები უკვე შამპუნით ჩამობანილ თმაზე. ისიც წყლით უნდა ჩამოიბანოთ, თუმცა, მანამდე 1 წუთი მაინც უნდა გაიჩეროთ.