
“ლაქებიანმა” მოდელმა, ადრიანა ლიმამ, თავის დროზე, მსოფლიო პოდიუმები დაიპყრო და მრავალი პრიალა გამოცემის ყდა გაანათა. თუმცა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, პიგმენტაცია არა სამკაულად, არამედ ნაკლად ითვლება ხოლმე. Girl.ge-ის რედაქცია დაგამშვიდებთ, თუ თქვენც ასე ფიქრობთ – ჩვენ ვიცნობთ მრავალ ტრადიციულ და ხალხურ საშუალებას ამ “პრობლემასთან” გამკლავებისთვის.
მაშ ასე, რა არის პიგმენტური ლაქა და როგორი შეიძლება იყოს იგი?
პიგმენტური ლაქა კანის ის მონაკვეთია, რომელსაც პიგმენტ მელანინის მომატებული შემცველობა ახასიათებს. მისი მდებარეობის სიღრმის მიხედვით, განასხვავებენ პიგმენტური ლაქების რამდენიმე სახეობას:
- ჭორფლები – წვრილი ლაქები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხელებზე, სახეზე და მხრებზე გვხვდება. ხშირია ჟღალთმიანებში, ქერებსა და ღიაყავისფერთმიანებში, რომლებსაც ძალიან ღია ფერის კანი აქვთ – იგი ნაკლებ მელანინს შეიცავს. ჭორფლების რაოდენობა, როგორც წესი, თბილ პერიოდში იმატებს, მზის აქტიური გამოსხივების გამო. თუმცა, ჭორფლების არსებობაზე გენეტიკაც ახდენს გავლენას.
- ლენტიგო – ესაა ოდნავ გამობურცული ყავისფერი ლაქები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სახესა და ხელებზე იყრის თავს. ჩნდება ყველაზე ღრმა, ბაზალურ ფენაში მელანინის დაგროვების შედეგად. არსებობს ე.წ. მზიანი ლენტიგო, რომელიც ჭარბი უ.ი. გამოსხივების, ხოლო ასაკობრივი ლენტიგო – ასაკში მატების შედეგად ჩნდება.
- ქლოაზმა – მომწვანო-მოყვითალო ან ყავისფერი ლაქა კანზე. ხშირად, ქმნის “ნიღბის” ფორმას და ჩნდება ფეხმძიმობის დროს, ორგანიზმის ჰრომონული გადაწყობის დროს. აგრეთვე, ლაქები შეიძლება გაჩნდეს მუცელზე, ძუძუსთავების გარშემო და გენიტალიებზე.
- ხალები – წვრილი პიგმენტური ლაქები, შეიძლება იყოს ბრტყელი და ამობურცული. აქვს სხვადასხვა ფორმა და ზომა, აგრეთვე, პიგმენტაციის ამ მონაკვეთებზე შეიძლება გაიზარდოს თმებიც. ხალი მიეკუთვნება კეთილთვისებიან სიმსივნეს. იგი თითქმის ყველა ადამიანს აქვს და ბავშვის კანზე 1 წლის ასაკიდან იწყებს გაჩენას. მომატებული ხალიანობისკენ მიდრეკილება ადამიანს გენეტიკურად გადაეცემა.
რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები?
- გენეტიკური ფაქტორი – თანდაყოლილი წინასწარგანწყობილება პიგმენტური ლაქების გაჩენისადმი;
- ჰორმონული აშლილობა – შეიძლება უკავშირდებოდეს მენსტრუალურ ციკლს, ფეხმძიმობას, პოსტმშობიარობის პერიოდს ან დაავადებებს, რომლებსაც ამ ტიპის აშლილობა ახლავს თან;
- უ.ი. გამოსხივება – ლაქები ჩნდება მზის სხივებისა და უ.ი. გამოსხივების სხვა წყაროს ჭარბი ზემოქმედების შედეგად;
- კანის დაზიანება – აკნეს ან კანის სხვა დაავადებების არასწორი მკურნალობა, აგრესიული კოსმეტოლოგიური პროცედურები, ქიმიური და თერმული დამწვრობა იწვევს მელანინის არათანაბარ გადანაწილებას, რაც პიგმენტაციას უყრის საფუძველს;
- კანის ასაკობრივი ცვლილებები – პიგმენტაცია თან ახლავს კანის გაუწყლოებას, ამიტომ, ასაკში შესვლისას ადამიანს უჩნდება ლაქები, რომლებსაც მელანინის არათანაბარი გადანაწილება იწვევს;
- ქრონიკული დაავადებები: თირკმლების, კნტ-ს დაავადებები, ავიტამინოზი და სხვ.;
- ალერგიული რეაქციები, რომლებსაც უხარისხო კოსმეტიკა ან აგრესიული კომპონენტების შემცველი საშუალებები იწვევს;
- ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება – ასეთებია ფოტოსენსიბილიზატორები. მათ მიეკუთვნება ორალური კონტრაცეპტივები, სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატები, ტეტრაციკლინი და სხვა.
ხალხური საშუალებები პიგმენტაციის წინააღმდეგ
- 1/2 ნედლი ლიმონი დაწურეთ და წაისვით ლაქებზე ბამბის დისკით. 10 წუთში ჩამოიბანეთ წყლით. შეგიძლიათ, ლაქებზე პირდაპირ ლიმონის ნაჭერი წაისვათ და 10 წუთში დაიბანოთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ერთხელ.
- 1 ს.კ. ლიმონის წვენისა და 2 ს.კ. თაფლის ნაზავი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ, არამხოლოდ სახეზე, არამედ სხეულზეც, სადაც პიგმენტური ლაქები მოგეპოვებათ.
- 0.5 ჩ.კ. ლიმონის წვენის, ამდენივე თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი წაისვით პრობლემურ ადგილებზე და ჩამოიბანეთ 30 წუთში თბილი წყლით.
- 1 ს.კ. ლიმონისა და 1 კვერცხის ცილის ნარევი (მიქსერით ათქვეფილი) წაისვით პიგმენტაციაზე, 20 წუთში ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.
- კარტოფილისა და ლიმონის წვენები 1:1 თანაფარდობით შეურიეთ, წაისვით ლაქებზე, დაელოდეთ სრულად გაშრობას და დაიბანეთ.
- 1 ს.კ. დაქუცმაცებული ოხრახუში, ამდენივე თაფლი და ლიმონის წვენი შეურიეთ ბლენდერში. წაისვით 10 წუთით სახეზე და ჩამოიბანეთ.
ტრადიციული მკურნალობა:
- ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. კანი ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა. პიგმენტის გაჩენა ხშირად უკავშირდება ორგანიზმში ჰორმონულ დისბალანსს. მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის.
- ფოტოსენსიბილიზაციის გამორიცხვა. არსებობს მრავალი საშუალება, რომელიც ზრდის კანის მგრძნობელობას მზის გამოსხივებისადმი. შედეგად, უკვე არსებული პიგმენტი მკვეთრდება, ლაქების რაოდენობა კი იზრდება. გადახედეთ კოსმეტიკას, მათ შემადგენლობაში თუ შემდეგი ფოტოსენსიბილიზატორებია, ამოიღეთ ისინი რუტინნიდან: მცენარეული ექსტრაქტები (კრაზანა, წიწიბურა, პრასი, სამყურა, ლუცერნა, სუდანის ვარდი, ოხრახუში), ეთერზეთები (ტკბილი ფორთოხალი წითელი ფორთოხალი, ნარგიზელა, ბერგამოტი, ლიპია, გრეიფრუტი, ჯანჯაფილი, ლაიმი, მანდარინი, როზმარინი, ბეგქონდარა, კვლიავი), სამკურნალო პრეპარატები (ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდი, აასპ, იზოთრეტინოინი, ფუროსემიდი, ჰიდროქლოტიაზიდი, სტატინები, ტერბინაფენი, იტროკონაზოლი და სხვ.)
- ფოტოთერაპია აპარატ М22-ზე. პიგმენტის მოშორების ყველაზე ეფექტური პროცედურა. IPL-შუქი შლის პიგმენტს, კანის მთლიანობის დაურღვევლად.
- ლაზერული აფხეკა. 1-2 პროცედურა ან სრული კურსია საჭირო პიგმენტის მოსაშორებლად.
- მეზოთერაპია. დიახ, ექიმმა შეიძლება ინექცია დაგინიშნოთ. მათში შედის იმ უჯრედების დამამშვიდებელი ნივთიერება, რომლებშიც პიგმენტი ჩნდება – მელანოციტები.
- პიგმენტაციის კრემები. მხოლოდ გარეგანი საშუალებებით პრობლემას ვერ აღმოფხვრით, ისინი მხოლოდ დაამშვიდებს გადარეულ მელანოციტებს და მხარს დაუჭერს აპარატული და ინექციური მეთოდების ეფექტს.
- SPF-საშუალებები. ისინი პიგმენტს ვერ მოგაშორებთ, თუმცა, თუ რეგულარულად წაისვამთ, პიგმენტები კანზე სულ აღარ გაჩნდება. აიღეთ 30-50 SP-ფაქტორიანი პროდუქტი.