თმის დაბანამდე თუ შემდეგ: როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი სწორად

0
896

თმის კონდიციონერი თმის საშინაო მოვლის შეუცვლელი ნაწილია, რომელიც, თავისი პოპულარობის მიუხედავად, ხშირად აჩენს მრავალ კითხვას, მისი არჩევისა და გამოყენების გარშემო. Girl.ge-ის რედაქციამ შეადგინა სრულყოფილი “How to”, რომელიც გაგარკვევთ პრობლემურ ნიუანსებში.

თმის კონდიციონერი მოვლის რიტუალების შეუცვლელი ნაწილია. ეს პროდუქტი აძლიერებს შამპუნის მოქმედებას, უზრუნველყოფს ღრმა კვებასა და დატენიანებას, ამიტომ, მისი გამოყენება იმ შემთხვევაშიც კი საჭიროა, თუ თმის მდგომარეობაზე საწუწუნო არაფერი გაქვთ. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომლებიც კონდიციონერის სწორად არჩევასა და გამოყენებაში დაგეხმარებათ. მათ შორის ყველაზე მთავარს ახლა გაგაცნობთ.

როგორ ავირჩიოთ კონდიციონერი?

თუ შამპუნი თმის გასაწმენდად გჭირდებათ, კონდიციონერის ძირითადი ფუნქცია იქნება თმისთვის ელვარების მინიჭება, მისი გამოკვება, დაცვა და მსხვრევადობის აღკვეთა. სწორი კონდიციონერის შერჩევისას, როგორც შამპუნის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება თმის ტიპზეც.

თუ მშრალი თმა გაქვთ, აირჩიეთ მკვებავი ზეთების შემცველი საშუალება: იგი ნაზად უვლის თმას, აძლევს მას დამატებით მოცულობასა და ძალას. განსაკუთრებით ეფექტური ის საშუალებებია, რომელთა შემადგენლობაში ვიტამინები და სხვა ნატურალური ექსტრაქტებია.

თუ თხელი თმა გაქვთ, გამოიყენეთ კონდიციონი, რომელიც მოცულობას ადიდებს: იგი თმას ამკვრივებს და ახშირებს. იდეალური საშუალების შესარჩევად, ეძებეთ კონდიციონერების შემადგენლობაში კოლაგენი – იგი თმას გარს ეხვევა, ამკვრივებს მას, რაც სიხშირესა და მოცულობას მოგცემთ.

დაზიანებული და შეღებილი თმისთვის გამოდგება კონდიციონერები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად და ნაზად აღადგენს და იცავს თმას გარეგანი ზემოქმედებისგან. ასეთი თვისებები აქვს ცერამიდებს: ისინი უზრუნველყოფს ღრმა მოვლას, ანიჭებს თმას დამატებით ელვარებას.

როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი სწორად?

შესამჩნევი ეფექტის მისაღებად, მნიშვნელოვანია კონდიციონერის სწორად გამოყენება. ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი აქვს:

  • კონდიციონერი წაისვით სუფთა, ოდნავ ნოტიო თმაზე, შამპუნის გამოყენების შემდეგ;
  • დაიმუშავეთ საშუალებით მხოლოდ თმის სიგრძე, მოერიდეთ ძირებს. მასის ძირებზე წასმით, უკუეფექტის მიღების შანსს ზრდით: თმა უფრო სწრაფად ცხიმიანდება და კარგავს მოცულობას;
  • მეტი უკეთესს არ ნიშნავს. არ წაისვათ ზედმეტი კონდიციონერი თმაზე. ასე შექმნით მოუვლელი, ქონიანი თმის ეფექტს.

გამოიყენეთ კონდიციონერი თავის ყოველი დაბანის დროს. შამპუნის გამოყენების შემდეგ, წაისვით იგი 3-5 წუთით – ეს საკმარისზე მეტია. ნუ შეგეშინდებათ, რომ თმა გადაიჟღენთება სასარგებლო კომპონენტებით – მათი კონცენტრაცია არც ამდენად მაღალია. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კონდიციონერი უფრო ეფექტუი გახდება, თუ მას ამავე სერიის შამპუნთან ერთად გამოიყენებთ, რადგან ერთი ხაზის კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას მაქსიმალურად აძლიერებს.

კონდიციონერი და შამპუნი ეფექტური წყვილია, რომელიც დაგეხმარებათ თმის სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. დამატებითი ეფექტისთვის, ყოველდღიური მოვლის რუტინაში ჩართეთ კერატინიანი ნიღბები. ისინი აღადგენს თმას ძლიერი თერმული ზემოქმედების შემდეგად კი, მიანიჭებს მას ელვარებას, დამძიმების ეფექტის გარეშე.

ნიღბებიც კონდიციონერივით მოქმედებს, თუმცა, უფრო ღრმად აღწევს, რამდენადაც უფრო გაჯერებული თვისებები აქვს, ამიტომაც უნდა გამოიყენოთ ისინი უფრო იშვიათად. შამპუნის, კონდიციონერისა და ნიღბის ერთობლივი მუშაობა თმას უზრუნველყოფს სათანადო მოვლითა და კვებით, აგრეთვე, თვეში ერთხელ სილამაზის სალონში წასვლის საჭიროებასაც გააქრობს (ბოლოჭამიების მოჭრის მიზნით).