ანტი ეიჯ საშუალება: აი რას წარმოადგენს ფერულის მჟავა.

0
876

ფერულის, იგივე ჰიდროქსიყავისფერი მჟავა მცენარეული წარმოშობის მძლავრი ანტიოქსიდანტია. იგი იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც დაბერების ერთ-ერთ მთავარ კატალიზატორად ითვლება. ისინი იწვევს ნაადრევ ნაოჭებს, ჰიპერპიგმენტაციას, კანის სიმკვრივის დაკარგვასა და ჩამოწელვას.

ათწლეულების განმავლობაში, ფერულის მჟავა სპორტულ კვებაში გამოიყენებოდა, კუნთოვანი ქსოვილების გასაძლიერებლად. სულ რამდენიმე წლის წინ კი იგი თანამედროვე კოსმეტოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ანტიეიჯ-კომპონენტად იქცა. ფერულის მჟავას ბუნებრივად შეიცავს ფორთოხალი, ვაშლი, ყავისფერი ბრინჯი, მიწისთხილი, ანანასი, შვრია და ბრინჯის ქატო. თუმცა, კანისთვის მისი ეფექტურობა მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ხდება თვალსაჩინო, ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ მასზე დამზადებული კოსმეტიკის გამოყენებას.

როგორ მუშაობს ფერულის მჟავა

ფერულის მჟავის მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები მას ახალგაზრდობის ელექსირად აქცევს. საქმე ისაა, რომ იგი არამხოლოდ დამოუკიდებლად მუშაობს, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს E და C ვიტამინების მოქმედებას, რომლებიც კანის ახალგაზრდობასა და სილამაზეში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

ფერულის მჟავა შესანიშნავად ებრძვის ნაოჭებს – იგი აგლუვებს უკვე არსებულს, ხელს უშლის ახალი ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, მჟავა შესანიშნავად იცავს კანს უ.ი. სხივებისგან ჰიპერპიგმენტაციისა და ფოტოდაბერებისგან.

ფერულის მჟავას კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს – ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. “ახალგაზრდობის ცილის” სახელით ცნობილი კოლაგენი პასუხს აგებს ჩვენი კანის სილამაზესა და სიმკვრივეზე. უკვე 20-25 წლის ასაკში, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება ნელდება, ჩნდება პირველი ნაოჭები, თმა და ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, მათი სტრუქტურა კი იფიტება. ფერულის მჟავის რეგულარული გამოყენება ანელებს ამ პროცესებს, უნარჩუნებს კანს სიმკვრივესა და ბუნებრივ ელვარებას.

თუ აკნეს პრობლემას ახლოდან იცნობთ, ფერულის მჟავის შრატი თქვენთვის შვება იქნება. მძლავრი ანთებისსაწინაარმდეგო მოქმედების წყალობით, მჟავა ხელს უშლის ახალი მუწუკების გაჩენას და შესანიშნავად უმკლავდება პოსტაკნეს – აღიავებს მუქ ლაქებს და ათანაბრებს კანის რელიეფს.

როგორ გამოვიყენოთ იგი

სპეციალისტები ფერულის მჟავის გამოყენებას ყოველდღე გვირჩევენ. მიანიჭეთ უპირატესობა ფერულის მჟავის შრატს. აქციეთ იგი თქვენი დილის ბიუთი-რუტინის ნაწილად და წაისვით მშრალ კანზე, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალებების წასმამდე. ნუ დაელოდებით დაუყოვნებლივ ეფექტს, რეგულარული გამოყენებიდან 1 თვეში განსხვავებას აუცილებლად შენიშნავთ.

ფერულის მჟავა ყველაზე კარგად C და E ვიტამინებთან, აგრეთვე, რესვერატროლთან ერთად მუშაობს. შრატების უმეტესობა ყველა ამ ინგრედიენტს შეიცავს, ამიტომ, მათ ძებნაზე თავს ნუ შეიწუხებთ. აი, ამქერცლავი მჟავები – სალიცილის, გლიკოლეური, რძემჟავა – ფერულის მჟავასთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ: ისინი კანის pH-ზე ახდენს გავლენას და ამცირებს ანტიოქსიდანტების ეფექტურობას.

უკუჩვენებები

ფერულის მჟავას, როგორც ასეთი, უკუჩვენებები არ აქვს, თუმცა, როგორც ნებისმიერ სხვა მცენარეულ საშუალებას, მასაც შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. თუ ამ საშუალებას პირველად იყენებთ, წაისვით იგი ჯერ კანის მცირე მონაკვეთზე და დაელოდეთ რამდენიმე საათით. თუ რეაქცია არ გამოვლინდა, თამამად წაისვით მთელ სახეზე.