
ექიმი რაიან სტივენსონმა, დიეტური კვებისა და ნუტრიცევტიკის სპეციალისტმა კვების ეს სისტემა მათთვის შეიმუშავა, ვისაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ შეუძლია ხანგრძლივი დიეტის დაცვა და შეზღუდულია ფიზიკური შესაძლებლობების კუთხითაც. აღმოჩნდა, რომ მისი მეთოდიკა ინდივიდუალური არაა და ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებს.
1. ყოველდღე – თითო კოვზი ზეთი
ოღონდ, ჩვეულებრივის კი არა, არამედ საშუალოჯაჭვური ტრიგლიცერიდების შემცველობით. ჰო, ენას მოიტეხ… თუმცა, სწორედ ასეთი ზეთია იმ ენერგიის ხელისაწვდომი წყარო, რომელიც ნივთიერებათა მიმოცვლის აჩქარებასა და ენერგიის მარაგის სწრაფად შევსებას უწყობს ხელს. და, სხვა ცხიმებისგან განსხვავებით, საშუალოჯაჭვური ტრიგლიცერიდები ორგანიზმში ცხიმის სახით არ ინახება, პირიქით, იგი იწვება ენერგიის მისაღებად. კვლევებმა აჩვენა, რომ 12-კვირიანი პერიოდის განმავლობაში, დაკვირვების ობიექტებმა, რომლებიც დილას 1 კოვზი ზეთით იწყებდნენ, საშუალოდ, ორი კგ-თი მეტი დაიკლეს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებმა. საშუალოჯაჭვური ტრიგლიცერიდების შემცველ ზეთს იპოვით ჯანსაღი კვების მაღაზიებში ან აფთიაქში.
2. საუკეთესო სუნელი – კურკუმა
ნებისმიერ არატკბილ კერძს დაუმატეთ თითო მწიკვი კურკუმა: ამ სუნელს ფენომენური ცხიმმწველი თვისება აქვს. იგი არ გავნებთ – კურკუმა აბსოლუტურად უსაფრთხოა და უკიდურესად იშვიათად თუ იწვევს ალერგიას.
3. საუკეთესო სალათი კომბოსტოსია
თანაც, არა უბრალოდ კომბოსტოს, არამედ კომბოსტოს მწნილის სალათი. იგი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას და წმენდს ნაწლავებს, გამოაქვს ყველაფერი ზედმეტი და მავნე ორგანიზმიდან. სასურველია, დღეში 100 გრამი პროდუქტი მიირთვათ.
4. საუკეთესო სასმელი – ძმარი
ნუ, ეს გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა, რეალურად, ვაშლის ძმარი მართლა გვეხმარება საკვების მონელების დარეგულირებაში, მუცლის შებერილობის მოხსნასა და კუჭსა და ნაწლავებში pH-ბალანსის დამყარებაში. 1 კოვზი ძმარი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიირთვით არა უზმოზე, დღეში ერთხელ.
5. არა კოფეინს!
კოფეინი ასტიმულირებს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. სტრესი უკონტროლო მადას აღძრავს და ამცირებს ენერგიის ხარჯს საკვების მონელების დროს, შედეგად კი ორგანიზმი ინახავს იმაზე მეტ ცხიმს, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. თუ ყავის მოყვარული ხართ, რა თქმა უნდა, 1-2 ფინჯანი უნდა მიირთვათ, ოღონდ არა უზმოზე და აუცილებლად მშვიდ გარემოში, არა გადარბენის დროს!