
დროდადრო მუქი წრეები თვალების ქვეშ ყველას აწუხებს. თვალების ქვეშ თხელი კანია, რომელსაც სისხლის სტაგნაციის ან ძილის უკმარისობის გამო ფერის შეცვლა ახასიათებს. სხეულის ამ ნაწილში გამავალი სისხლძარღვები უფრო თვალსაჩინოა, თუ მათში ჩვეულებრივზე მეტი სისხლი გადის.
გამუქების რამდენიმე მიზეზი არსებობს და ჩვეულებრივ, ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს, უფრო გარეგნულ იერს აფუჭებს. Girl.ge-ს რედაქციამ გაარკვია, თუ რა იწვევს მუქ წრეებს თვალების ქვეშ და როგორ შევამციროთ.
თვალების ქვეშ წრეები გამოწვეულია სხეულის ბუნებრივი დაბერების პროცესით, კანქვეშა უჯრედისის გათხელებით, შეშუპების ან გულის, თირკმლების და სხვა ორგანოების დაავადებების გამო.
სისხლის სტაგნაცია თვალების ქვეშ კანს, რომელიც ნორმალურ კანთან შედარებით 6-ჯერ უფრო თხელია, ლურჯ ფერს ანიჭებს. ამრიგად, თვალების ქვეშ ცისფერი წრეების მოშორებას ჯანსაღი ცხოვრების წესით და ხარისხიანი ძილით მარტივად აღმოფხვრით.
კიდევ ერთი პრობლემაა კანის გაყავისფერება, რასაც ჰიპერპიგმენტაცია ეწოდება. როგორც წესი, მას გენეტიკური მიდრეკილებები ან სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა იწვევს. ყველაზე ხშირად ჰიპერპიგმენტაციას იწვევს:
- მზის სხივები
- კანის დაბერება
- დერმატიტი
- ზოგიერთი წამლის მოქმედება
- კომპიუტერთან დიდი ხნით მუშაობა
- ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი
- ორგანოების მუშაობის დარღვევები
- ჰორმონალური ფონის რყევები
გარდა ამისა, თვალების ქვეშ ყავისფერი წრეები შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური ფაქტორებით – მემკვიდრეობის ნიშანი, კანთან ახლოს მდებარე სისხლძარღვები, თხელი, გამჭვირვალე კანი.
ჰიპერპიგმენტაციის გარდა, ქუთუთოს მიდამოში პრობლემები შეშუპებასაც უკავშირდება. ჩვეულებრივ, შეშუპება ალერგიულ რეაქციას ან ორგანიზმში ჭარბ სითხის დონეს უკავშირდება. მთლიანობაში, ასეთი ნიშნების გამოვლენა ასაკთან ერთად უარესდება, რადგან კანი თანდათან ელასტიურობას კარგავს.
როგორ მოვიშოროთ მუქი წრეები თვალების ქვეშ
მუქი წრეების გაჩენის და შენარჩუნების კონკრეტული მიზეზების დარწმუნებით განსაზღვრა ჯერ არ შეგვიძლია და ხშირად ეფექტურად მოშორებაც შეუძლებელია, მაგრამ მათი გამოვლენის შემსუბუქება შეიძლება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის, სრულყოფილი ძილის და წყლის რეჟიმის დაცვის, ასევე დამატებითი მხარდამჭერი საშუალებების გამოყენების გარდა, შემდეგი პრინციპების დაცვით კარგ შედეგს მიიღებთ:
- მაკიაჟი ნაზი საშუალებით და რეგულარულად მოიშორეთ – თუ მაკიაჟს ღამით დატოვებთ, ის კანს დაამძიმებს ან გააღიზიანებს, რაც ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს – შეშუპება. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება რეგულარულად გამოიყენეთ.
- თვალი დაიცავით, განსაკუთრებით მზისგან.
- თამბაქოს მოწევა ან ალკოჰოლის მიღება მინიმუმამდე შეამცირეთ – ორივე მავნე ჩვევა კანს აუწყლოებს და ელასტიურობის მიმნიჭენელ აუცილებელ ნივთიერებებს ართმევს.
- შეშუპებას კარგად აშორებს კოსმეტიკური საშუალებები ნიკოტინის მჟავით, კოფეინით, პეპტიდებით და წყალმცენარეებით;
- დამამშვიდებელი ნიღბები გამოიყენეთ. მათ მომზადებას სხვადასხვა ნატურალური პროდუქტით სახლშიც შეძლებთ. მაგალითად, გამოიყენეთ კიტრი, თაფლი, ავოკადო, ნუშის ან პიტნის ზეთი, კარტოფილი ან პომიდორი;
- ქუთუთოს მიდამოში ჰიპერპიგმენტაციას C და A ვიტამინების შემცველი კოსმეტიკით შეძლებთ.
- თვალებზე მასაჟი რეგულარულად გაიკეთეთ. ასე სისხლის მიმოქცევას, ლიმფის ნაკადს დაარეგულირებთ, და ზოგადად, ქუთუთოს კანის მდგომარეობას გააუმჯობესებთ. მასაჟი ნაზი უნდა იყოს, კანს არ დააწვეთ.
მსუბუქი მასაჟი თვალების მრგვალ კუნთებს ადუნებს. ამ კუნთების სპაზმები სისხლის მიმოქცევას არღვევენ, ნაოჭების გაჩენას იწვევენ და თვალებს ამცირებენ. სწორედ ამიტომ, უნდა მოადუნოთ. მთავარია, არ დააწვეთ და არ გაჭიმოთ, რომ ქუთუთოს თხელი კანი კიდევ უფრო მეტად არ გათხელდეს.
მასაჟის წინ ცოტა ცხიმიანი კრემი ან ზეთი წაისვით. შემდეგ ცხიმის ნარჩენები აუცილებლად მოიშორეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეშუპება გაჩნდება.
გახსოვდეთ, რომ თვალების ქვეშ მუქი წრეების სამუდამოდ მოშორება რთულია, განსაკუთრებით თუ ეს მემკვიდრეობითი ნიშანია. თუმცა შემცირება რეალურია, უბრალოდ რეგულარული მოქმედება და მოთმინებაა საჭირო.