
გსურთ მოდურ სალონურ ფეისბილდინგებზე ფული დაზოგოთ და ისწავლოთ, როგორ ებრძოლოთ პირველ ნაოჭებს, არაჯანსაღ ფერს და შეშუპებას დამოუკიდებლად? Girl.ge-ს რედაქცია იაპონელი დედოფლების სილამაზის საიდუმლოებებს გიზიარებთ – მასაჟის ტექნიკა „კობიდო“, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყანაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტყუილად არაა, რომ აზიელ ქალებს ფაიფურივით ნაზი, თანაბარი კანი აქვთ და ნაოჭებს თითქმის ვერ შეამჩნევთ. ყველაზე გასაოცარია, რომ ხილულ შედეგს უკვე პირველივე ერთსაათიანი სეანსის შემდეგ იგრძნობთ.
ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ქალი ინექციების ნაცვლად სახის მასაჟს უპირატესობას ანიჭებს. ჩვენი ცხოვრების სწრაფ ტემპში რთულია ყოველკვირა რამდენიმე საათი კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვის გამოყოთ. ჩვენ პრაქტიკულობის მომხრე ვართ, რომ სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაც მოვასწროთ!
იულია ლუბლინა, სახის ტანვარჯიშის სერთიფიცირებული მწვრთნელი, სახის მოდელირებადი მასაჟის ოსტატი, ოსტეოპათიის და ფეის–პლასტიკის სპეციალისტი გასწავლით, როგორ გაიკეთოთ სახის მასაჟი სახლის პირობებში დამოუკიდებლად. ასე კოსმეტოლოგთან ვიზიტებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
იაპონური მასაჟი „კობიდო“ მოიცავს:
- მყისიერი ლიმფოდრენაჟი – შეშუპება ქრება, სახე იჭიმება;
- ტონუსის გაზრდა – სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე;
- ნაოჭების მოშორება – სწრაფი მოდუნების და სახის კუნთების დაჭიმვის ხარჯზე;
გირჩევთ, თვითმასაჟის დროს ბაზად ნატურალური კოსმეტიკური ან უბრალო ზეთი (სელი, კანაფი, არგანი, ზეითუნია, შია) გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ცხიმიანი კრემი ან სახის სქელი ნიღაბი გამოიყენოთ. კანი თვითმასაჟისთვის მოამზადეთ: მაკიაჟი მოიშორეთ, შემდეგ ცხელი ბამბის პირსახოცით კანი მსუბუქად დაიორთქლეთ, პირსახოცით ხელები და სახე გაიწმინდეთ. სჯობს ამოღებული ტანსაცმელი ჩაიცვათ, რომ ყელი და დეკოლტე მოშიშვლებული იყოს.
კობიდო უძველესი მანუალური მეთოდია, რომლის შესახებ პირველი ხსენება 1472 წლის წყაროებში გვხვდება. იმ დროს ტიტულიანი პირები სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მასაჟს აქტიურად იყენებდნენ, სწორედ ასე ითარგმნება ამ მასაჟის სახელწოდება. ახლა მასაჟს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში იყენებენ, ბლოგერები პირდაპირ ეთერში კობიდოს სეანსებს აწყობენ, რომ მხოლოდ რამდენიმე პროცედურის შემდეგ სწრაფი ანტიასაკობრივი ეფექტი სხვებს აჩვენონ.
1. ლიმფოდრენაჟი და ტონუსი დეკოლტეს არეში
გულმკერდის მასაჟით დავიწყოთ. ხელების თითები შეატყუპეთ და ბალიშები გულმკერდის არეზე დაიდეთ. ხელები მარჯვნივ–მარცხნივ ამოძრავეთ, თითქოსდა კანი გადაგაქვთ. ასეთი მოძრაობა მთელ გულმკერდის არეში შეასრულეთ (იღლიების მიმდებარედ, მკერდის ქვეშ, ლავიწის ძვლის ქვეშ). მკერდის გახურებამდე მასაჟი გააგრძელეთ.

2. ყელის კანის მოდუნება და ტონუსი
ახლა ზეთი სახესა და ყელის გვერდითა ნაწილებზე წაისვით. ცერა თითები ყელის გვერდითა ნაწილებზე ზემოთ–ქვემოთ ამოძრავეთ. სულ 10-15-ჯერ შეასრულეთ.

3. სახის კონტურის გამოკვეთა
ორივე ხელის ცერა თითები პირდაპირ ნიკაპის ცენტრში დაიდეთ. საჩვენებელი თითების ძვლები ნიკაპის ძვალს (ქვედა ტუჩის ქვეშ) დაადეთ, თითქოსდა საკუთარ ნიკაპს უპწკინეთ. ხელებით კანს ოდნავ დააწექით, რომ წნევა შექმნათ და ნიკაპიდან ყბის კუთხემდე (ყურის ქვეშ) გორვის მოძრაობა შეასრულეთ. 15-20-ჯერ გაიმეორეთ.

4. ლოყების დაჭიმვა
ორივე ხელით მუშტები შეკარით და საფეთქლებზე დაიდეთ (თითების შუა ფალანგები საფეთქლებზე), ცერა თითები ნიკაპზე დაიდეთ და ქვემოთ–ზემოთ ლოყების გასწვრივ იმოძრავეთ, ოდნავ კანს დააჭირეთ. ორივე მხარეს 15-20-ჯერ გაიმეორეთ.

5. ცხვირ–ტუჩის ნაკეცის მოშორება
ცხვირის კუთხეებთან საჩვენებელი თითებით პატარა რვიანის ფორმის მოძრაობები შეასრულეთ. მოძრაობა ზომიერი უნდა იყოს, თავი არ დაიტანჯოთ. 15-20 „რვიანი“ გააკეთეთ.

6. ცხვირის მოცულობის შემცირება
საჩვენებელი თითები ცხვირის ზურგზე, ძგიდესთან ახლოს, დაიდეთ. ორივე ხელით ცხვირის კუთხეების გასწვრივ მარჯვნივ–მარცხნივ მოძრაობა შეასრულეთ, ბოლოს ცხვირის წვერისკენ ჩამოდით და მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

7. შუბლის ნაოჭების მოშორება
იდაყვი მაგიდას ან მუხლს დაადეთ – აუცილებლად, რომ საყრდენი გქონდეთ. ამ ხელის მტევანით მუშტი შეკარით. თავი (კერძოს, ის ნაწილი,სადაც ცხვირის ძგიდეა) მუშტის ძვალს დაადეთ. ახლა ნელ–ნელა თავის ქვემოთ დაწევა დაიწყეთ, მუშტის ძვლებზე ისრიალეთ. ასე შუბლზე ქვემოთ–ზემოთ გორვის მოძრაობას შეასრულებთ ოღონდ არა ხელით, არამედ შუბლით ხელზე. ასეთი მოძრაობა შუბლის მთელ ზედაპირზე 2-ჯერ შეასრულეთ. სითბო და კანის სიწითლე უნდა იგრძნოთ.

8. თვალების ქვეშ ტომრების, ჩამოწელილი ქუთუთოს და თვალების ირგვლივ ნაოჭების მოშორება
თვალების ირგვლივ კანზე ზეთი წაისვით, რომ ხელებით თავისუფლად ისრიალოთ. ორივე ხელით მუშტი შეკარით, მასაჟი ცერა თითების საშუალო ფალანგებით შეასრულეთ. თითები წარბებზე დაიდეთ და ძგიდიდან საფეთქლისკენ იმოძრავეთ, შემდეგ თვალების ქვეშ ძვალზე იგივე მოძრაობა შეასრულეთ. თითოეულ მხარეს 15-ჯერ შეასრულეთ. სახის ცენტრიდან მოძრაობისას ზეწოლა უფრო გააძლიერეთ, ხოლო ცენტრისკენ მიმართული მოძრაობა შეასუსტეთ.

9. სახის კონტურის და ყვრიმალების მოდელირება
ცერა თითები ლოყებზე, ყვრიმალების ძვლების ქვეშ დაიდეთ. საჩვენებელი თითების ძვლები ზემოთ, ყვრიმალების ძვლებზე. საფეთქლისკენ მიმართული გაჭიმვის მოძრაობა 15-20-ჯერ შეასრულეთ.

10. ლოყების და ყვრიმალების ლიფტინგი და ლიმფოდრენაჟი
ცერა თითების გვერდითა ნაწილები ყვრიმალებზე დაიდეთ, ოდნავ კანს დააჭირეთ და ქვემოთ, ყბის კუთხისკენ (ყურის ქვეშ) სრიალა მოძრაობა შეასრულეთ. 15-20-ჯერ გააკეთეთ.

11. ყელის ლიფტინგი
თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ და ყელის გვერდითა ნაწილზე ხელებით ზემოთ–ქვემოთ გორვის მოძრაობა შეასრულეთ. 15-20-ჯერ გაიმეორეთ.

12. ლიმფის გადატანა ლიმფურ კვანძში
ხელისგულები მხრებზე დაიდეთ და იღლიების დიაგონალურად გორვის მოძრაობა შეასრულეთ.თითოულ მხარეს 15-ჯერ.

მასაჟი დასრულებულია! ახლა სარკეში თქვენი ანარეკლით დატკბით. კანზე მსუბუქი სიწითლე დარჩება, მაგრამ რამდენიმე წუთში გადავა. მასაჟის დასრულებისას სახის სრულ მოდუნებას და სიმსუბუქეს აუცილებლად იგრძნობთ. სასურველია, ასეთი მასაჟის შემდეგ გარეთ (სიცივეში) მინიმუმ 1 საათით არ გახვიდეთ. თუ მასაჟის შემდეგ კანმა ზეთი არ შეიწოვა და ცხიმიან ფენად დარჩა, ჩამოიბანეთ ან ქაღალდის სალფეთქით მოიშორეთ.