
Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ სრულყოთ თქვენი ყოველდღიური სილამაზის რუტინა.
სკრაბები ხშირად არ გამოიყენოთ
სკრაბის ან პილინგის ხშირი გამოყენება გავრცელებული შეცდომაა იმ ადამიანებს შორის, ვინც მშრალ კანს ებრძვის. აქერცვლით სიმშრალის პრობლემას ვერ გადაჭრით. პირიქით, კანს დააზიანებთ, უფრო გამოაშრობთ და შეიძლება ანთებაც გამოიწვიოთ. ეს ეხება როგორც სკრაბებს, ასევე მჟავა–პილინგებს.
სპეციალისტები დაჟინებით გირჩევენ, რომ ამქერცლავი კვირაში მაქსიმუმ 2–ჯერ გამოიყენოთ – ეს მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად საკმარისია და კანისთვის უსაფრთხოა.
უსულფატო დასაბანი საშუალება გამოიყენეთ
დიახ, სულფატებს შეიძლება შეიცავდეს არა მხოლოდ შამპუნები, არამედ სახის დასაბანიც. Sodium Laureth sulfate (ან SLS) ეფექტური, მაგრამ უხეში გამწმენდი კომპონენტია. ის დღის განმავლობაში დაგროვებულ ჭუჭყთან და მაკიაჟთან ერთად და კანის დამცავ ბარიერსაც გაშორებთ. შედეგად – მშრალი, გაღიზიანებული კანი.
თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი დასაბანი საშუალება სულფატებს შეიცავს, არ შეგეშინდეთ, სიტუაციის გამოსწორება მარტივად შეიძლება. უბრალოდ კოსმეტიკური პროდუქტების შეძენისას შემადგენლობის წაკითხვა ჩვევად გქონდეთ.
სილამაზის რუტინა სწრაფად ჩაიტარეთ
ყოველდღიურ სილამაზის რუტინის პუნქტებს შორის არავითარ შემთხვევაში დაისვენოთ. ნებისმიერი დასაბანი საშუალება (თუნდაც კარგი შემადგენლობით) ასე თუ ისე კანს აშრობს. სწორედ ამიტომ, დაბანის შემდეგ დაუყონებლივ ტონერი წაისვით. თუ რამდენიმე წუთით დააყოვნებთ, კანი გაუწყლოების პროცესს დაიწყებს, სიმშრალე და დაჭიმულობა გაჩნდება.
ჩვევად გქონდეთ: ჯერ დაბანა, ტონერი, დამატენიანებელი კრემი – შემდეგ სხვა ნებისმიერი საქმე. კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა: ტონერი სჯობს ოდნავ სველ კანზე წაისვათ – ასე ტენს კანში „ჩაკეტავთ“ და ბზინვარებას მიანიჭებთ.

ღამის კრემი ყოველთვის გამოიყენეთ
ბევრი ღამის კრემზე უარს ამბობთ იმ მიზეზით, რომ „კანმა უნდა ისუნთქოს“. სინამდვილეში, კარგი შემადგენლობის კრემი კანს სუნთქვის საშუალებას არ ართმევს, ხოლო კრემის არ არსებობა მშრალი კანის მდგომარეობას უფრო ამწვავებს. დღის კრემის ღამით გამოყენებასაც არ გირჩევთ: მათ სხვადასხვა შემადგენლობა და ფუნქციები აქვთ, ამიტომ ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებენ.
SPF კრემი ყოველთვის წაისვით
უკვე რამდენიმე წელია სპეციალისტები დაჟინებით გვირჩევენ, რომ მზისგან დამცავი კრემი მთელი წლის განმავლობაში აუცილებლად გამოვიყენოთ, მაგრამ ბევრი ამ რჩევას უგულებელყოფს. ულტრაიისფერი გამოსხივება კანისთვის დამღუპველია: ის კანს აშრობს და აჭკნობს, სიბერის პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს და ჰიპერპიგმენტაციას ხელს უწყობს. გარდა ამისა, მზის სხივმა შეიძლება კანზე მიკრო ბზარები, შედეგად, აქერცვლა და ანთება გამოიწვიოს.
სწორედ ამიტომ, SPF საშუალებების უგულებელყოფა ზამთარშიც არ ღირს. მსუბუქი მზისგან დამცავი ფლუიდი გამოიყენეთ – კანზე პრაქტიკულად არ იგრძნობა და UV სხივებისგან საიმედოდ დაგიცავთ.