რატომ ჩნდება აკნე: 5 მიზეზი, რომლებზეც არასდროს იფიქრებდით

0
909

Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ 5 მოულოდნელ მიზეზს, რომლებსაც, ცნობილ და გავრცელებულ ფაქტორებთან ერთად, აკნეს გაჩენას უკავშირებენ.

1. სახეს არასწორად იწმენდთ

მაშინაც კი, თუ ყოველდღიურ მაკიაჟს იკეთებთ, ძილის წინ კანი ძალიან გულდასმით უნდა გაწმინდოთ. ჭუჭყი და მტვერი, რომელიც ჰაერში მუდმივად იყრის თავს, კანის ზედაპირზე გროვდება და მის ნასვრეტებს ახშობს. თუ დაძინებამდე კანს არასაკმარისად იწმენდთ, ჭუჭყი და ბაქტერიები ნასვრეტებში, თეთრეულის ქსოვილის კანზე ხახუნის შედეგად, თითქმის აუცილებლად დაგიმეგობრებთ 2-3 მუწუკს დილისთვის. სხვათა შორის, დერმატოლოგები თეთრეულის ყოველდღიურად ცვლას გვირჩევენ, აკნეს გაჩენის რისკის შესამცირებლად.

2. ცუდად გძინავთ

ძილის უკმარისობის გავრცელებული შედეგები არამხოლოდ კონცენტრაციის დაკარგვა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, არამედ წონაში მატება და კანთან დაკავშირებული პრობლემებიც გახლავთ. ორგანიზმს თავისი ცირკადული რიტმები აქვს, რომელთა მიხედვითაც, მას ღამით უნდა ეძინოს (არანაკლებ 7-8 საათით). ძილის დროს მთელი ჩვენი სხეული ისვენებს და “ახლდება”, აგრეთვე, მცირდება ჰორმონ კორტიზოლის დონე (რომელსაც უახლესი კვლევები აკნეს გაჩენას უკავშირებენ). თუ ცოტახანს გძინავთ, ორგანიზმში კორტიზოლის დონე მუდმივად მომატებული იქნება, ანთების გაჩენის ალბათობა კი რამდენჯერმე გაიზრდება.

3. აკნეს საწინაარმდეგო საშუალებებს ხშირად იყენებთ

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კანის ამ პრობლემის გადასაჭრელი საშუალებები, ხშირად, აკნეს გამომწვევ მიზეზებად გვევლინება. როგორც წესი, აკნეს გაჩენა უკავშირდება კანის სებუმის ჭარბ გამოყოფას, ამიტომ, აკნეს საწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობა ძლიერ აშრობს კანს. თუ სამკურნალო საშუალება კანის იმ მონაკვეთზე ხვდება, რომელზეც ანთება არაა, ეს კანს გამოაშრობს და, შედეგად, გამოიწვევს სებუმის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად, ახალ ანთებებს. ფრთხილად იყავით! წაისვით სამკურნალო საშუალება წერტილოვნად, მხოლოდ ანთებაზე.

4. თმის მოვლის საშუალებები ნასვრეტებს აჭუჭყიანებს

როგორც არ უნდა ეცადოთ, თმის სამკურნალო საშუალებები, ასე თუ ისე, მაინც მოხვდება სახის კანზე. სულფატები, სხვადასხვა აქტიური კომპონენტი თმის ღრმა კვების, დატენიანების ან ფერის შენარჩუნებისთვის, ზედმეტად აგრესიულია სახის კანისთვის და აკნეს იწვევს. სპეციალისტები გვირჩევენ უსულფატო შამპუნებს: ისინი არამხოლოდ არ გამოიწვევს აკნეს, არამედ უფრო ნაზად გაწმენდს თმას. ნიღბის ან კონდიციონერის წასმის ეტაპზე, დახარეთ თავი დაბლა და ეცადეთ, არ შეეხოთ თმის ძირებს, რათა მასა თავის კანზე არ მოხვდეს.

5. პრობლემას თქვენი კოსმეტიკა ქმნის

თუ თქვენს რომელიმე ნაცნობს იდეალური კანი აქვს, ნუ იჩქარებთ მის მიერ გამოყენებული საშუალებების შეძენას, იდენტური ეფექტის მოლოდინში. თუ თქვენი კანი აკნეს გაჩენისკენაა მიდრეკილი, ზოგიერთი კოსმეტიკის შემადგენლობა (რომელიც მშრალ და ნორმალურ კანს უხდება) გააუარესებს მდგომარეობას. სტოპ-სიაშია ყველა მინერალური ზეთი, ქოქოსის კარაქი და ლაურილსულფატი. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები და ეცადეთ, მოერიდოთ ამ ნივთიერებებს.