3 რეცეპტი: თვალის გარშემო კანის ნიღაბი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით

0
602

მთელი ჩვენი ორგანიზმი განიცდის სტრესს, უძილობას, არასწორ კვებას, ვიტამინების დეფიციტსა და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას. შედეგად, ჩვენ განვიცდით თმასთან, კანთან და ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რამდენადაც მათ არ ჰყოფნით ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მიკროელემენტები. აქედან გამომდინარეობს თვალქვეშ შავი წრეებისა და სახის შეშუპების გამოვლინებებიც. თუმცა, ეს არც ისეთი საშიში მოვლენაა: პრობლემის გადაჭრაში არამხოლოდ ცხოვრების სტილის შეცვლა, რაც ყველას არ შეუძლია, არამედ გარეგანი ზემოქმედებაც დაგეხმარებათ. ამისთვის შესანიშნავი გზაა შინაური ნიღბები – ისინი 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება და არ შეიცავს ზედმეტ დანამატს, რადგან ყველაფერს თვითონ ამზადებთ.

Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ 3 ნიღაბს თვალის გარშემო კანისთვის, რომელთა მომზადებას საშინაო პირობებში ნებისმიერი შეძლებს.

თვალის გარშემო ნიღბები

1. ბანანით

აიღეთ მწიფე ბანანი და დახეხეთ ყველაზე წვრილად, დაახლოებით 1 ჩ.კ. რომ მიიღოთ. დაუმატეთ ბანანის მასას თბილი კარაქი და კარგად მოურიეთ ჩანგლით, რათა მიიღოთ ფაფისებრი კონსისტენცია. თუ კარაქი არ ირევა, დადგით იგი ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე. წაისვით ფაფა თვალის გარშემო (არ დაგავიწყდეთ ქუთუთოებიც) თითით ან ნებისმიერი ფუნჯით. 15 წუთში, ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ბანანის ნიღაბი შესანიშნავად გამოკვებავს კანს და მიანიჭებს მას ახალ, დასვენებულ იერს.

Photo credit: @ROSIEHW

2. შვრიით

დააფქვიეთ შვრიის ფანტელები ბლენდერში და დაასხით ცხელი რძე ან ცხიმიანი ნაღები. როგორც კი ფანტელები გასივდება, თამამად წაისვით მასა თვალის გარშემო კანსა და ქუთუთოებზე, თითის ბოლოებით. ამასთან, ფაფა თბილი უნდა იყოს, როცა მას კანზე წაისვამთ. გააჩერეთ სახეზე ნიღაბი 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, არ შეიზილოთ შვრია კანში – შეიძლება, მარცვლებმა კანი დაკაწროს. შეიზილეთ მხოლოდ რძე ან ნაღები. ასეთი ნიღაბი არამხოლოდ ატენიანებს კანს და ებრძვის შავ წრეებს, არამედ შესამჩნევად აგლუვებს ნაოჭებს ან ხელს უშლის მათ გაჩენას.

3. ოხრახუშით

ოხრახუშის ნიღაბი ისეთივე ცნობილი ეფექტური საშუალებაა თვალქვეშა შავი წრეების მოსაშორებლად, როგორც კიტრის ნაჭრები, რომლებსაც ქუთუთოებზე და თვალქვეშ იდებენ. ამ რეცეპტისთვის 1 კონა ოხრახუში და კარაქი ან არაჟანი დაგჭირდებათ. ათქვიფეთ მწვანილი ბლენდერში და დაუმატეთ ცხიმიანი მასა 1:2 თანაფარდობით, ანუ, 1 კოვზ ოხრახუშს 2 კოვზი კარაქი/არაჟანი. კარგად მოურიეთ და წაისვით თვალის გარშემო კანზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ოხრახუშის ნიღაბი კარგად აახლებს და ათეთრებს კანს, რაც გვეხმარება შავი წრეების პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრაში.

გისურვებთ ახალგაზრდობასა და სილამაზეს.