
“კვება და დატენიანება” უკვე ყველამ ისწავლა. თუმცა, როგორი უნდა იყოს სწორი კრემი? როგორ შეუძლია სტომატოლოგს ნაოჭების შემცირება? რატომ უნდა დავეხმაროთ არსებობაში ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს კანზე ცხოვრობენ? პასუხებს Girl.ge-ის რჩევებში იპოვით!
1. მეტი წყალი დალიე
წყალი კანს ყველაზე ბოლოს მიეწოდება და მისი უმცირესი დეფიციტიც კი თავს გამოიჩენს. აი, “წითელი დროშები”:
- თვალქვეშ და შუბლზე წვრილი ნაოჭების ბადე (გაუწყლოების ზოლები);
- ტუჩების სიმშრალე;
- დღის განმავლობაში კანის დაჭიმულობა, მიუხედავად კრემის წასმისა;
- ტონალური კრემი შუადღით თვალშისაცემი ხდება, რადგან სითხე კანში მიდის და მხოლოდ პიგმენტი რჩება;
- სიწითლე და ქერცლები.
წყლის ნორმა ინდივიდუალურად უნდა გამოითვალოს. არ დაგავიწყდეთ შესწორებაც, თუ ყავას ან მწვანე ჩაის ან ალკოჰოლს იღებთ, კვებავთ ძუძუთი, აქტიურად ვარჯიშობთ, ცხოვრობთ ცხელი კლიმატის პირობებში. ეს ყველაფერი 1 ლიტრამდე სითხეს მატებს შემოთავაზებულ ნორმას.
2. არასწორად ატენიანებ
“დალიე წყალი და დამშვიდდი” – არასწორი რჩევაა, როცა საუბარი კანის ჯანმრთელობას ეხება. ჰიალურონის მჟავის შემცველი კრემის შეძენაც არაა საკმარისი. ინგრედიენტი სხვადასხვა სახის უნდა იყოს.
დაბალმოლეკულოვანი ჰიალურონი, უმცირესი ზომების წყალობით, აღწევს ეპიდერმისში და იკავებს იქ სითხეს. საშუალომოლეკულოვანი ფილერის ფუნქციას ასრულებს. ყველაზე მაღალმოლეკულოვანი ჰიალურონი კი ზედაპირზე ჩერდება და ქმნის დამცავ ფენას. კარგი პროდუქტი ამ მჟავის სამივე სახეობას უნდა შეიცავდეს.
3. მეტი ცხიმი მიიღე
მკაცრი დიეტა თხელი, მშრალი კანის მიღების საუკეთესო გზაა. ცხიმები აუცილებელია უჯრედების მემბრანის ფორმირებისთვის. სწორედ ისინი იცავენ კანს მავნე გარემოსგან და მონაწილეობენ კანის ტენიანობაზე პასუხისმგებელ, სასქესო ჰორმონ ესტროგენის გამომუშავების პროცესში.
რა თქმა უნდა, საუბარი “სწორ” ცხიმებზეა, რომლებსაც არარაფინირებული ზეთები, თევზეული და რძის პროდუქტი შეიცავს.
4. იზრუნე მიკრობიომზე
მიკროორგანიზმები, რომლებიც კანზე ცხოვრობენ, ინფექციების, პათოგენური ბაქტერიების, სოკოებისა და პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის ოსტატთა არმია გახლავთ. უმცირესი დისბალანსის დროსაც კი, კანი ძალიან მოწყვლადი ხდება. წონასწორობის დარღვევა კი მარტივია: საკმარისია, საქმე გაუწყლოებამდე მივიდეს (იხ. პირველი პუნქტი) ან კანი ზედმეტად გაიწმინდოთ, ან ანტიბიოტიკების შემცველი კოსმეტიკა უხვად გამოიყენოთ…
მიკრობიომის შესანარჩუნებლად, გამოიყენეთ საშუალებები პრე- და პრობიოტიკებით, რომლებიც კანზე სასარგებლო ფლორას “დაასახლებს”. მშვიდად: ეს კრემები ცოცხალ მიკროორგანიზმებს კი არა, მათი დნმ-სტრუქტურების ფრაგმენტებს შეიცავს.
5. დროულად მიდი სტომატოლოგთან
ალბათ, შეხვედრიხართ ადამიანს, რომელსაც 25-35 წლის ასაკში უკვე ცხვირ-ტუჩის ნაკეცი აქვს. დიდია იმის ალბათობა, რომ პრობლემა არა გენეტიკის ან არასწორი მოვლის, არამედ არასწორი თანკბილვის შედეგია. ჩასასმელი იმპლანტი, კბილების არასწორი წყობა და სხვა დარღვევები სერიოზულად ცვლის გარეგნობას და “დაცურებულ” ოვალსაც იწვევს.
6. გაუფრთხილდი სახეს!
პირდაპირი გაგებით.
- არ დაიზილო კანი ძალიან აგრესიულად, არ მოიფშვნიტო თვალები, არ შეეხო სახეს დღეში ოცჯერ.
- დაიცავი კანი ყინვაში და წაისვი SPF, თუ დღის სინათლეზე 30 წუთზე მეტ დროს ატარებ, ზამთარშიც კი!
- არ გაიწმინდო კანი ჭრაჭუნის გაგონებამდე.
- იყავი თანმიმდევრული. თუ ერთი ბრენდის ხაზს ირჩევ, იყავი მისი ერთგული, რადგან ერთი გამის საშუალებები ერთმანეთს აძლიერებს. არც მოვლენები დააჩქარო: თუ რეალური ეფექტის მიღება გსურს, 2-3 კვირა უნდა მოითმინო, კანი განახლების პროცესებს რომ შეეგუოს.