
გინდათ, ხელის გულებზე მკითხაობა ისწავლოთ და გაიგოთ, რას აღნიშნავს ზოლები მათზე? ქირომანტმა Bella Tesla-მ Girl.ge-ის რედაქციას აუხსნა, თუ რომელ ზოლებს ვხედავთ ხელებზე და რას ნიშნავს ისინი.
დავიწყოთ იმით, რომ ხელის გულებზე არსებული ხაზების ანალიზის შედეგებიდან სწორი დასკვნის გამოსატანად, აუცილებელია ყველა ზოლის ერთდროულად და არა ცალკეულად შესწავლა, რამდენადაც თითოეული მათგანი ერთმანეთს ინფორმაციულად ავსებს. დამატებითი ან მეორეხარისხოვანი ხაზები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძირითადები. ისინი გვეხმარება ჩვენი ცხოვრების დეტალური სურათის აღწერაში. მოდით, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
1. ქორწინების ხაზები
ქორწინების ხაზები ხელის გულის გარეთა მხარეს, ნეკა თითის ქვეშაა განლაგებული. ეს ხაზები არ მიუთითებს დაქორწინების ასაკზე ან მეუღლის პიროვნებაზე, თუმცა, ძალიან მკაფიოდ გამოსახავს, თუ რამდენჯერ ეწვევა ადამიანს სიყვარული. აი, როგორ განვითარდება და რაში გადაიზრდება იგი – ამას უკვე თავად ზოლის ფაქტურა და მასზე არსებული ნიშნები გვეტყვის. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ფორმულის მიხედვით, რაც უფრო მკვეთრი და სწორია ქორწინების ხაზი, მით უფრო მკვეთრი იქნება ეს გრძნობები და სტაბილური – ურთიერთობები. მაგალითად, ხაზის ბოლოს გაყოფა განქორწინებაზე მიუთითებს, თუმცა, ნიშანთა გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაში, მას თავიდან აიცილებთ. ასე გაყოფა დროთა განმავლობაში შეერთდება და კუნძულად იქცევა, ეს კი უკვე პრობლემურ ქორწინებაზე მიუთითებს.
სწორედ ქორწინების ზოლის ანალიზი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რამდენად ღირს ამა თუ იმ ურთიერთობის შენარჩუნება და მარტოობის შიშის დაძლევა, რაც დროსა და ნერვებს დაზოგავს. სპეციალური შკალის მიხედვით შეგიძლიათ პარტნიორთან შეხვედრის საორიენტაციო ასაკის გამოთვლა, როგორც წესი, იგი 5-წლიანი პერიოდებით ითვლება.
2. ბავშვების ხაზები
ბავშვების ზოლები, ქორწინების ზოლების მსგავსად, ხელის გულის გვერდითა ნაწილში, ნეკა თითის ქვეშაა განლაგებული. ისინი ხელზე ყველაზე პატარებია, ამიტომაც ჭირს მათი შესწავლა.
თავად ზოლები შეიძლება კონკრეტულ იმ პარტნიორზე იყოს მიმაგრებული, რომელთანაც საერთო შვილის შეძენა გელით, ან დამოუკიდებლად შეიძლება იდგეს – მაშინ ადამიანს შეეძლება იმის არჩევა, თუ რომელი პარტნიორისგან გააჩინოს შვილი. ითვლება, რომ ყველაზე სქელი და გრძელი ზოლები ბიჭებს აღნიშნავს, უფრო თხელი და მოკლე კი – გოგონებს. ბავშვების ზოლების წყვეტა ფეხმძიმობის შეწყვეტაზე მიუთითებს, იქნება ეს აბორტი თუ მუცლის მოშლა. საბავშვო ზოლებზე კვადრატები მიუთითებს გარკვეულ შემზღუდველ ფაქტორზე, რომელიც მშობიარობასთან ან ბავშვის ჯანმრთელობასთან იქნება დაკავშირებული. გაორებული ზოლები ტყუპების გაჩენის გენეტიკურ წინასწარგანწყობილებაზე მეტყველებს.
საბავშვო ზოლები მამაკაცებს ყოველთვის არ აქვთ გამოკვეთილი, ისინი კარგად ჩანს მხოლოდ იმ ხელებზე, ვის მფლობელებსაც მართლა უყვართ ბავშვები და მათთან ძლიერი შინაგანი ბმა აკავშირებთ. ზოლები შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, თუ ბავშვს შვილად აიყვანთ.
3. მემკვიდრეობის ზოლი
ეს ზოლი ნეკა თითსა და არათითს შორისაა მოქცეული. მისი დახმარებით გავიგებთ, მიიღებს თუ არა ადამიანი რამეს საჩუქრად, ახლობლების ან ნათესავებისგან, მათი გარდაცვალების შემდეგ. ხანდახან, მარცხენა და მარჯვენა ხელების ზოლების გაანალიზებით იხილავთ სიტუაციას, როცა მარცხენა ხელის მიხედვით (მემარჯვენეს) ადამიანი მემკვიდრეობას მიიღებს, მარჯვენა ხელზე კი ეს ნიშანი არაა. ესე იგი, ადამიანმა რაღაც ისეთი გააკეთა, რამაც ხელი შეუშალა მემკვიდრეობის მიღებას.
4. ცოდნის ზოლი
ცოდნის ზოლი არათითსა და შუა თითს შორის ვერტიკალურადაა მოთავსებული. ეს ზოლი მეტყველებს ადამიანზე, რომელსაც არ აქვს დიდი ცოდნა, მასზე, ვინც მუდმივად ცდილობს გაუმჯობესებას და ცდილობს ახლის სწავლას. აგრეთვე, იგი თავისი საქმის კარგ მცოდნეზეც მიუთითებს.
5. ვენერას სარტყელი
ვენერას სარტყელს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. პირველ რიგში, დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ. სწორედ ამ ნიშნით არიან “დადაღული” ადამიანები, რომლებიც, საწინააღმდეგო სქესის თვალში, განსაკუთრებით მიმზიდველი ჩანან. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, საუბარია ემოციების შეუკავებლობაზე. ამ ნიშნის მქონე ადამიანები ენამოსწრებულები არიან და პირში გეტყვით ყველაფერს, რასაც ფიქრობენ, აქ და ახლა! ისინი არ ერიდებიან თქვენს დატუქსვას უცხო ადამიანების თვალწინაც კი. ხოლო, თუ მათ მართლა გააბრაზებთ, ნივთების სროლასაც დაიწყებს.
6. სამარიტელის ზოლი
სამარიტელების ზოლები მერკურის ბორცვზე, ვერტიკალურ მდგომარეობაშია, ანუ, ნეკა თითის ქვეშ. კეთილი და დახმარების სურვილის მქონე ადამიანის ნიშანია. ასეთი ადამიანი მზადაა, უანგაროდ დაეხმაროს სხვებს. ისინი ყოველთვის დაგეხმარებათ და მათი იმედის ქონა ნებისმიერ დროს შეიძლება. აგრეთვე, მათ სხვებისთვის ტკივილის მოხსნის უნარიც აქვთ, ამას ხელების გამოყენებით აკეთებენ.
7. მოგზაურობის ზოლი
მოგზაურობის ზოლი მთვარის ბორცვზე მდებარეობს და ადამიანის ყველაზე მკვეთრ მოგზაურობასა და იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გახსნილი აქვთ მათ ცხოვრებაში შორეული გზები. დამატებითი ნიშნებით შეგვიძლია ზოგიერთი იმ მოვლენის გაგებაც, რომლებიც ამ მოგზაურობასთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად, სამსახურებრივი მგზავრობა ან რომანტიკული თავგადასავალი.
8. მიგრაციის ზოლი
საცხოვრების სამომავლო ცვლილებების შესახებ წინასწარ გაგების რამდენიმე გზა არსებობს: ბედისწერის, სიცოცხლის ან მიგრაციის ზოლების დახმარებით. მიგრაციის ზოლები მთვარის ბორცვზე არსებულ განშტოებას წარმოადგენს, რომელიც ბედისწერის ან ცხოვრების ზოლებიდან გამომდინარეობს. იგინი ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ გადასვლაზე მიუთითებს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ხელის გულის სხვა დამატებითი მაჩვენებლების დაკვირვებაც – ასე გავიგებთ, ადამიანი სამუდამოდ წავა თუ ერთხელაც დაბრუნდება სამშობლოში, გადასვლის დაახლოების ასაკს და იმას, თუ როგორ განვითარდება ცხოვრება გადასვლის შემდეგ.