
ხშირად ქვედა კიდურების შეშუპებას გულ–სისხლძარღვთა სისტემის ორგანოების ან მეტაბოლური პროცესების დარღვევა იწვევს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაავადების ყველა სიმპტომზე კომპლექსურად უნდა იმოქმედოთ. ასევე უნდა დაიცვათ ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა დახმარებით შეშუპების მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებთ. Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ ფეხების შეშუპების დროს.
თუ ფეხები გისივდებათ, აუცილებლად:
- მოიშორეთ მოუხერხებელი და არასწორი ზომის ფეხსაცმელი, რომელიც ფეხებს ავიწროებს. ასევე ბრტყელძირიანი ან ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხმარებიდან ამოიღეთ.
- მარილის და თხევადი კვების პროდუქტების მიღება შეამცირეთ;
- მდგომარე ან მწოლარე პოზაში ნაკლები დრო გაატარეთ;
- მოძრავი ცხოვრების წესით იცხოვრეთ, ფიზიკურ აქტივობას დრო დაუთმეთ;
- შეზღუდეთ ქიმიური მედიკამენტების მიღება, რომლებიც შეშუპებას იწვევენ. ბუნებრივი ალტერნატიული საშუალებებით ჩაანაცვლეთ;
- ქვედა კიდურების დაზიანებას თავი აარიდეთ;
ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ რჩევების რეგულარულად შესრულება საკმარისია. შედეგად, უსიამოვნო პრობლემებს, როგორიცაა ფეხების შეშუპება, თავიდან აიცილებთ.
ტანვარჯიში
დამატებით, ყოველდღე მარტივი ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეთ, რომელთა დახმარებით ამ პრობლემას გაუმკლავდებით:
- მჯდომარე ან მდგომარე პოზაში ქუსლები იატაკს მიაბჯინეთ, თითის წვერები ზემოთ აწიეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ, შემდეგ ვარჯიშის მიმართულება შეცვალეთ: თითის წვერები იატაკს მიაბჯინეთ და ქუსლები რამდენჯერმე ასწიეთ.
- პატარა ბურთი ან ფანქარი აიღეთ და შიშველი ფეხით იატაკიდან მისი აღება სცადეთ.
- მორიგეობით ფეხის თითები მომუჭეთ და გაშალეთ.
- ფეხის თითებზე სიარული სცადეთ.
- ტერფებით ბრუნვები გააკეთეთ.
- ფეხის წვერებზე დადექით და რამდენჯერმე იხტუნეთ.
საკმაოდ ხშირად შეშუპების დროს ადამიანები თანამედროვე მედიკამენტებს იღებენ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია და ექიმები შეშუპების საწინააღმდეგო სპეციალურ მედიკამენტებს ნიშნავენ. როგორც წესი, შეშუპების საწინააღმდეგო მალამოებს და შარდმდენი ეფექტის მედიკამენტებს ნიშნავენ.
თანამედროვე მედიკამენტების სპექტრი, რომლებიც შეშუპების პრობლემას უმკლავდებიან, ფართოა. შეგიძლიათ სპეციალური გელები გამოიყენოთ, რომლებიც სიმპტომებს ამსუბუქებს, ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ვენებში დაგუბებას ამცირებს. ასეთი საშუალებების დამოუკიდებლად შერჩევა არ შეიძლება, აუცილებლად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ. არსებობს საშუალებების კატეგორია, რომელთაც მინიმალური უკუჩვენებები აქვთ და მათ ბევრ პაციენტს უნიშნავენ.