
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 5 ეფექტურ, ხალხურ რეცეპტს ხელის კანის მოსავლელად. თუ იდაყვებზე კანი გექერცლებათ, კანი მშრალი და მუქი შეფერილობის გახდა, სახლის პირობებში მარტივი რეცეპტების გამოყენება სცადეთ.
გლიცერინის ნიღაბი
60 გრ გლიცერინს 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ, აურიეთ და იდაყვებზე წაისვით. 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გლიცერინის ნაცვლად შეგიძლიათ თხევადი საპონი გამოიყენოთ.
კვერცხის ნიღაბი
კვერცხის გულის, ფქვილის და ზეთის ნარევით ძალიან ეფექტური ნიღაბი მზადდება. კვერცხის გული სქელი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, 1 ს/კ მცენარეული ზეთი (ნებისმიერი) და ცოტა ფქვილი დაუმატეთ. ყველა კომპონენტი აურიეთ. მიღებული „ცომი“ იდაყვებზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
თაფლი–კვერცხის გულის ნიღაბი
კვერცხის გული აქაფებამდე ათქვიფეთ, 1 ჩ/კ თაფლი და ცოტა წყალი დაუმატეთ. ყველაფერი აურიეთ, იდაყვებსა და ხელებზე წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ლიმონი–არაჟნის ნიღაბი
შედარებით რთული, მაგრამ ყოველთვის მოქმედი რეცეპტი. 1 ჩ/კ სქელი არაჟანი ან ნაღები აიღეთ, თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, წყალბადის ზეჟანგი და წვრილი მარილი, ასევე ნახევარი ჩაის კოვზი სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
იდაყვები დაიორთქლეთ. ამისთვის სოდის აბაზანა მოამზადეთ. 1 ლ წყალზე 50 გრ სოდა გამოიყენეთ. წყლის ტემპერატურა – 40-45 გრადუსი, ხანგრძლივობა – 15-20 წუთი.
მიღებული ნარევი იდაყვებზე წაისვით, პოლიეთილენის პარკი შემოიხვიეთ და 45 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. იდაყვები რომ აღარ აგექერცლოთ, ერთი პროცედურა საკმარისია, უკიდურეს შემთხვევაში – ორი.
ციტრუსის ნიღაბი
და ბოლოს, უმარტივესი რეცეპტი. თუ იდაყვებზე კანი გექერცლებათ, ლიმონით, გრეიფრუტით ან ფორთოხლით გაიხეხეთ. 15 წუთში ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ლიმონის ან ფორთოხლის წვენი მცენარეულ ზეთთან ერთად კიდევ უფრო ეფექტურია. ასევე შეგიძლიათ ლიმონის ნაჭრები პლასტირით 20-30 წუთით იდაყვებზე დაიმაგროთ.
ზამთარში ხელები კომბოსტოს მწნილის მარილწყლით გაიწმინდეთ, ზაფხულში – ახალი პომიდვრის ნაჭრებით. ასე დაგავიწყდებათ, თუ რას ნიშნავს იდაყვებზე აქერცლილი, მშრალი და მუქი კანი!