
ძილის შემდეგ თითების, ხელების გაბუჟება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს, მათ შორის, ყველაზე უწყინარით, რომელსაც ყურადღება არც უნდა მიაქციოთ, ან ძალიან საფრთხილო და საშიშითაც კი. რაში მდგომარეობს დისკომფორტის მიზეზები და რა შემთხვევაში უნდა ავტეხოთ განგაში? Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ შესაძო მიზეზებს, რომლებიც თითებისა და ხელების გაბუჟებას იწვევს.
ძილში თითებისა და ხელების გაბუჟების მიზეზები
- მოუხერხებლად წოლა-პირველი და ყველაზე ბანალური მიზეზი – მოუხერხებლად ძილი. თუ ხელი სხეულის ქვეშ მოყვა და სხეულის სიმძიმით გაბუჟდა, დილით დისკომფორტი გაქრება, როგორც კი სისხლის მიმოქცევა აღდგება. პროცესის დასაჩქარებლად, დაიზილეთ ხელები და თითები (მხრების მიმართულებით), რამდენჯერმე მოიქნიეთ, მოხარეთ-გაშალეთ, ან მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
- მაჯის არხის სინდრომი-ძალიან ხშირად გვხვდება პათოლოგია – მაჯის არხის სინდრომი. მის განვითარებას იწვევს ცხოვრების თანამედროვე სტილი, უფრო სწორად, ის უდიდესი დრო, რომელსაც ადამიანები კომპიუტერებთან და ლეპტოპებთან ატარებენ.კომპიუტერის თაგვის დაჭერისა და მოძრაობის დროს, ხელი იღებს დამახასიათებელ მოძრაობას, ძვალ-კუნთოვანი აპარატი დაძაბულია, რაც იწვევს ხრტილების ანთებას, ნერვული დაბოლოების მიჭყლეტვას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს დისკომფორტსა და მტკივნეულ შეგრძნებებს, ღამ-ღამობით კი ხელებისა და თითების გაბუჟებას. რისკებსი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, პერიოდულად დაასვენეთ ხელის მტევნები კომპიუტერთან მუშაობის დროს, შეარჩიეთ მაქსიმალურად მოსახერხებელი პოზა.კომპიუტერთან მუშაობის გარდა, მსგავს სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება ერთი სახეობის მოძრაობების ხშირმა, მონოტონურმა შესრულებამ მიგვიყვანოს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საქმე სიზუსტეს მოითხოვს (კერვა, ქარგვა, წვრილ დეტალებთან მუშაობა და ა.შ.).
- სახსრების ტრავმა-ძვლების მოტეხილობა. ფიზიკური დაზიანების დროს, სახსრებში მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც მხოლოდ გამოჯანმრთელებიდან და რეაბილიტაციიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იჩენს თავს.შესაძლებელია ანთებითი პროცესების გაჩენა, რაც ხრტილს, შემაერთებელ ქსოვილებს მოედება, შეავიწროვებს ნერვულ დაბოლოებებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია პროფესიონალური სამედიცინო დახმარება.
- კისრის ოსტეოქონდროზი-ისიც ანალოგიურად შეიძლება გამოვლინდეს: თითებისა და ხელების გაბუჟებით. ნერვული დაბოლოებები, სისხლძარღვები, რომლებიც ზედა კიდურებისკენ მიდის, სათავეს სწორედ ხერხემლის კისრის დანაყოფში იღებს.კისრის ოსტეოქონდროზი შეიძლება გამოიწვიოს სხეულის პოზის დარღვევამ, ასაკის მატებამ, სხეულის ჭარბმა წონამ, ტრავმებმა, ხანგრძლივმა ფიზიკურმა დატვირთვებმა, არასწორმა კვებამ, მემკვიდრეობითობამ და სხვა ფაქტორებმა. შედეგად, მცირდება დაშორება კისრის მალებს შორის, ვიწროვდება ნერვული დაბოლოებები, შეიძლება განვითარდეს თიაქარი.ღამ-ღამობით, ხელებში ჩნდება ტკივილი, ბუჟდება და სუსტდება თითები, ჩვეულებრივი, უბრალო მოძრაობები სულ უფრო რთულდება.
- ზედა კიდურების სარტყლის ტკივილი და გაბუჟება-სერიოზული მიზეზია ზედა კიდურების სარტყლის გაბუჟება და ტკივილი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს აწუხებთ ხოლმე. ამას მიეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის უკმარისობა.გაბუჟება, შესაძლოა, ვენოზური შეკავების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ნიშანი იყოს. რაღაც მიზეზის გამო, ძილში სისხლძარღვების უეცარი სპაზმი ჩნდება და, შედეგად, თითები ბუჟდება.
- ნერვული დაბოლოებების შევიწროვება-ამას შეიძლება იწვევდეს ახალწარმონაქმნები, იქნება ეს კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნე. მისი ზრდა თავიდანვე შესამჩნევი ვერ იქნება, თუმცა, თუ თითები და ხელები ღამით შესაშური მარადიულობით ბუჟდება, მიმართეთ სპეციალისტს და გაიარეთ გამოკვლევები.
თუ ხელები ხშირად ბუჟება, დაადგინეთ პირველწყარო და მიიღეთ ზომები, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადება რომ არ გამოგეპაროთ.