
კისრისა და მხრის სარტყლის კუნთების დაჭიმულობა, სტატიკურ მდგომარეობაში ხანგრძლივი გაჩერების, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, გართულებული არასწორი კვებით, იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს. “გაქვავებული” კუნთების მოდუნება მასაჟითაა შესაძლებელი.
საერთო რეკომენდაციები
სანამ ამ ზონის მასაჟს დაიწყებდეთ, გაეცანით მისი ჩატარების წესებსა და საერთო რეკომენდაციებს. არასათანადო მასაჟმა შეიძლება დაგაშავოთ.
- კისრისა და მხრების მასაჟი ფრთხილი, ტალღოვანი ზელით უნდა ჩატარდეს. იგი ერთი (მარჯვენა) ან ორივე ხელის გამოყენებით უნდა შეასრულოთ.
- სამასაჟე მოძრაობები ზემოდან ქვემოთ, თავის თმიანი ნაწილიდან მხრებისკენ უნდა შესრულდეს. ხელები მჭიდროდ მიაჭირეთ კანს, ოღონდ ისე, რომ დისკომფორტი და ტკივილი ვერ იგრძნოთ.
- შეასრულეთ მასაჟი სპეციალური ზეთის გამოყენებით, დაუმატეთ მას რამდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთი, მომადუნებელი ეფექტისთვის.
- მასაჟის შედეგად, კისრის მონაკვეთში დარეგულირდება სისხლის მიმოქცევა, მოდუნდება დაჭიმული კუნთები, გაუმჯობესდება თვითშეგრძნება.
მასაჟი სახლის პირობებში
სალის პირობებში, საკუთარი ძალისხმევით ჩატარებული მასაჟი ნახევარზომაა, რომელიც დასვენებასა და მოდუნებაში დაგეხმარებატ. თუმცა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სერიოზულია, პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ.
კისრის მასაჟი ორ მდგომარეობაში – ზურგზე წოლისას ან ჯდომისას სრულდება. პირველ შემთხვევაში, პაციენტი მყარ ზედაპირზე უნდა დაწვეს, მოხრილი ხელები კი შუბლქვეშ უნდა დაილაგოთ. მეორე შეთხვევაშიც, თავი ხელებზე უნდა მოათავსოთ. პირველი ვარიანტი უფრო მისაღებია.
ზოგიერთ შემთხვევაში, მასაჟს საკუთარ თავზე ვიკეთებთ. ამ შემთხვევაში, ადამიანი უნდა დაჯდეს სწორად და არ უნდა დაჭიმოს კისერი.
კისრის მასაჟის შესრულებისას, გაითვალისწინეთ, რომ
- ეს ზონა ფრთხილად, ფაქიზაც უნდა დაამუშავოთ, რამდენადაც სწორედ აქ გადის წვრილი სისხლძარღვები და მობილიზებულია მრავალი ნერვული დაბოლოება, კანიც ნაზია, შსაბამისად, ძალისხმევა გაცილებით ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ზურგის ან ფეხების მასაჟის შემთხვევაში;
- ხერხემალი და მასზე დაგებული კანი არ უნდა დაიზილოთ, დაამუშავეთ მხოლოდ კუნთები, რომლებიც ხერხემლის ორივე მხარესაა განლაგებული;
- კისრისა და მხრების მასაჟის ხანგრძლივობა 5-10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, ნუ მოინდომებთ მეტს;
- მასაჟის დროს, პაციენტის სუნთქვა მშვიდი, ზომიერი უნდა იყოს;
- მასაჟი ტკივილსა და დისკომფორტს არ უნდა იწვევდეს.
სამასაჟე მოძრაობები
- მასაჟი მოფერებით იწყება: თავის ქალას საწყისიდან კისრის ორივე მხარისკენ, შემდეგ მხრებთან და წინამხრებთან უნდა ჩახვიდეთ. ხელის გულები მჭიდროდ დააჭირეთ კანს. მასაჟი 30 წამით უნდა გაგრძელდეს. ამ დროისთვის, კანი და კუნთები ოდნავ გახურდება და ადამიანი მასაჟისთვის განეწყობა.
- შემდეგი ეტაპი დაჭერაა. ესეც მოფერებას ჰგავს, თუმცა, უფრო მეტი ძალით სრულდება, თითებს შორის კი უნდა დაგროვდეს კანის ნაკეცი, რომელიც სამასაჟე ზოლებზე უნდა “აგორავოთ”. ხანგრძლივობა – 20-30 წამი.
- დაჭერის შემდეგ, დაბრუნდით მოფერების ეტაპზე 5-10 წამით, შემდეგ კი მოჭერა იწყება. ამ მოძრაობის შესასრულებლად, მასაჟისტმა უნდა გააერთიანოს 4 თითი, დიდი თითი კი სწორი კუთხით ამოძრაოს. ხელები თანმიმდევრულად უნდა ასრიალოთ კისერზე, მსუბუქი დაჭერით, 30 წამის განმავლობაში.
- კისრისა და მხრების კუნთების დაზელვა მოხრილი თითების ძვლებით ხდება (4 თითის გამოყენებით), ეტაპი 20 წამი გრძელდება.
- დიდი თითებსი ბალიშებით, 20-30 წამის განმავლობაში ამუშავეთ კისერი ხერხემლის გასწვრივ.
- ტრაპეციისებრი კუნთი რომ დაამუშავოთ, მოეჭიდეთ მას ორივე ხელის თითებით და ცომივით ზილეთ. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები არ უნდა გაჩნდეს. გააგრძელეთ ეს მოძრაობები 40-60 წამით.
- ბოლო სამასაჟე მოძრაობა კუნთების გარდი-გარდმო დამუშავებაა, იგი კისრის გვერდებიდან უნდა დაიწყოთ და 20-30 წამი გააგრძელოთ.
- მასაჟი კისტისა და მხრების მოფერებით სრულდება.
თუ თვითმასაჟს მიმართავთ, იგი 4 ძირითად მოძრაობას მოიცავს: მოფერებას, დაჭერას, დაზელვას და ისევ მოფერებას.