
Girl.ge-ის რედაქცია საოჯახო-საყოფაცხოვრებო ხასიათის დრამას წარმოგიდგენთ. ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ მისი 30-ს გადაცილებული მოკრძალებული და მეოჯახე საცოლე იპოთეკას მალულად იხდიდა. ეს 5-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში გრძელდებოდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 40 წლის უცოლო მამაკაცმა თავის სახლში 27 წლის ქალბატონი შეასახლა (ბავშვის, შინაური ცხოველების, პრობლემური მშობლების, ვალების, კრედიტებისა და ჭარბი წონის გარეშე). გოგონა ტრადიციული მსოფლმხედველობის, ძალიან ქალური და მზრუნველი ქალი გამოდგა. სუფთად ალაგებდა, გემრიელად ამზადებდა კერძებს და თავის ტკივილებსაც არ უჩიოდა, სხვათა შორის, “ტვინსაც არ ჭამდა”.
დაქორწინებასა და ბავშვებზე საუბრობდა, მაგრამ იშვიათად და როგორღაც მწუხარებით, და არა ხმამაღლა, მომთხოვნი ტონით. საჩუქრებსაც დიდად არ ითხოვდა. პროდუქტი, კომუნალური გადასახადები მამაკაცს ევალებოდა. ქალის მცირეოდენი ხელფასი კი, მამაკაცის აზრით, საყოფაცხოვრებო ნივთებს ძლივს ჰყოფნიდა. საჩუქრების ყიდვას ხომ სჯობს? შეიძლება ითქვას, ტრადიციული ოჯახი იყო, თანაც, ქონების გაყოფის შესაძლებლობის გარეშე. მამაკაცი სიხარულისგან ხელისგულებს ახახუნებდა – კარგად მოეწყო.
წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდა მამაკაცი, როცა ერთხელ, შემთხვევით, საზარელი რამ აღმოაჩინა – მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც აღმოჩნდა, ქალი საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებდა და ბინაც შეუძენია იპოთეკით.
– ასე რატომ მომექეცი? მე ყველაფერი მომქონდა, გაჭმევდი და გასმევდი, შენ კიდევ ფულს მალავდი…
– ჯერ ერთი, ოჯახი არ ვართ. როგორც მივხვდი, დაქორწინებას ჯერაც არ აპირებ! 5 წელიწადში ხომ როგორღაც გაიკვლევდი გზას იუსტიციის სახლამდე. მეორეც, შენ რა პრეტენზიები გაქვს? სახლში ქალის საქმე ყოველთვის გაკეთებულია, იატაკი – მოწმენდილი, ხარჩო – მომზადებული, წინდები – სუფთა. ყველა იმ მოვალეობას პატიოსნად ვასრულებ, რომლებიც ახლა ბაზარზე ფული ღირს. ამიტომ, შეგიძლია, პროდუქტები და კომუნალური გადასახადები ჩემი მომსახურების საფასურად აღიქვა. ამასთან, შენთვის არასდროს, არც ერთხელ გამომირთმევია ფული, არც საჩუქრებს ვითხოვდი. ყველაფერს ჩემი შემოსავლით ვიხდიდი. რა პრეტენზია გაქვს?
გაოგნებული მამაკაცი რაღაცებს ბუტბუტებდა სიყვარულისა და ნდობის შესახებ, ქალს კარისკენაც კი მიუთითა, შემდეგ კი გადაიფიქრა. ახლა ერთმანეთის გარშემო ტრიალებენ – განშორებაც უჭირთ, ერთმანეთს მიეჩვივნენ, რაღაც გრძნობები ხომ გააჩნიათ. მამაკაცმა კი ქალის ნდობა დაკარგა. თუმცაღა, სიტუაციიდან გამომდინარე ჩანს, რომ ქალს კაცის ნდობა უფრო ადრე დაუკარგავს. ახლა ამ სიტუაციიდან გამორკვევას ცდილობენ.
ამ ისტორიაში ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ქალი, მიუხედავად თავიდან არახელსაყრელი “თანამაცხოვრებლის” ჩარჩოში წარმოჩენისა, სიტუაციიდან თითქმის მშრალი გამოძვრა. გაფლანგული “საუკეთესო წლები” ნახევრად მაინც ანაზღაურდება (თუ ჩავუღრმავდებით, უფრო მეტადა) იპოთეკით. მზის ჩასვლისას კი გვევლინება არა მოკრძალებული კონკია, რომლის კარეტაც თითქმის კვახად იქცა, არამედ უფრო სოლიდური ქალბატონი.
და მაინც, ქალისთვის, როგორც ყველა თვალსაზრისით ნაკლებად დაცული პირისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უსაფრთხოების ბალიშის ქონა, განსაკუთრებით, ასეთ “მღვრიე” ურთიერთობებში.
სწორედ ეს უნდა იყოს, ჩემი აზრით, დღევანდელი რეალობის ქალური ტრენდი.
მართალია, პირველივე მცდელობაზე რთულია პრინცის პოვნა. განვიცდით შეხვედრებსა და განშორებებს. ცხოვრებაში შემოდის ბევრი მამაკაცი, რომლებიც, ზოგადად, ცუდები არ არიან, თუმცა, მხოლოდ “სამოქალაქო ქორწინებას” გვთავაზობენ. არსებობენ მამაკაცებიც, რომლებიც მზის ჩასვლასთან ერტად ქრებიან, როცა ბავშვი ჩნდება. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უფრო ახალგაზრდებს ეძებენ და არამხოლოდ. მამაკაცთა შორის საუკეთესოებიც კი გვტოვებენ ხოლმე და სხვა სამყაროში სუფთა სინდისით გადადიან, თუმცა, ამის გამო, უფრო მეტად გვიჭირს ცხოვრების გაგრძელება.
მე ძალიან მომეწონა “პირადი ბალიშის” იდეა. ეს გონივრული და მიზნობრივია იმისთვის, ვინც ნაკლებადაა დაცული, განსაკუთრებით, ე.წ. “სამოქალაქო ქორწინების”, ალიმენტური ვალებისა და მამაკაცების ნაადრევი სიკვდილიანობის ფონზე. თქვენ როგორ ფიქრობთ?