დედა, შენ უკვე შენი ცხოვრება განვლე, ახლა ჩვენც გვაცადე

0
2430

ქალბატონი ლამარა პენსიაზე გავიდა. სამსახურიდან იგი პატივისცემით გააცილეს, ბევრი თბილი სიტყვა უთხრეს და უსურვეს. სამსახურში დარჩენა არავის შეუთავაზებია, თუმცა, აღარც თავად სურდა გაგრძელება. დასვენების დრო მოვიდა.

2 წლის წინ საყვარელი ქმარი გარდაეცვალა ინსულტით. ერთადერთი სიხარული – მისი შვილი, ლევანი დარჩა. არ სვამს, მსხვილ კომპანიაში მძღოლად მუშაობს. ჯერ არ დაქორწინებულა, თუმცა, თითქოს, ვიღაც ჰყავს, ლამარა არ ერევა მის პირად ცხოვრებაში.

პენსიაზე ყოფნით რომ არ მოეწყინა, რემონტის გაკეთება, შპალერის განახლება, ხალიჩების გამოცვლა, ბროლის ჭურჭლის გარეცხვა გადაწყვიტა. როცა ვაჟს ამ ყველაფრის შესახებ შეატყობინა, იგი შეიშმუშნა.

-“დედა, მე დაქორწინება გადავწყვიტე, აქ ვიცხოვრებთ, სამოთახიანი ბინაა, ადგილი ყველას გვეყოფა. ქორწილს რესტორანში გადავიხდით, ფული უკვე შევაგროვე. მოკლედ, რემონტი ცოტა ხნით გადავდოთ, მირანდას იქნებ ბინის თავის გემოზე გადაკეთება უნდოდეს.”

ლამარა გაკვირვებისგან გაშეშდა. მირანდა, ქორწილი, ერთად იცხოვრებენ… ახალი ამბავიც ასეთი უნდა.

“რატომ არ მაცნობ მომავალ რძალს? საქმე ქორწილამდე მივიდა, მე კი არაფერი ვიცი, კარგი რა, შვილო.”

“დედა, შაბათს მირანდა მოვა, რამე გემრიელი მოამზადე, შენ რომ იცი.”

რას იზამდა, ვაჟი ზრდასრულია, პირადი ცხოვრება აქვს ასაწყობი. იცხოვროს, ლამარა კი დაეხმარება, როგორც შეძლებს.

ბინაში შესვლისას, მირანდამ ლამარა თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა.

“არც ისეთი მოხუცი ყოფილხართ, როგორც წარმომედგინა. რა საყვარელი კაბაა, 80-იანი წლებისაა, არა? ახლა, სხვათა შორის, მოდაში ისევ შემოვიდა.”

ლამარამ არ იცოდა, რა ეპასუხა. კაბა თითქმის ახალი იყო, რამდენიმე წლის წინ შეიძინა. მირანდა არც ისეთი მაღალი იყო, ქერათმიანი, მეტყველი თვალებით. მაშინვე ოთახების დასათვალიერებლად გაეშურა.

“სერვანტს მოვაშორებთ, ბროლის ჭურჭელსაც – რა საშინელებაა… იატაკზე ლამინატს დავაგებთ, ხალიჩებს გადავყრით. სააბაზანოც სარემონტოა, კაბინას დავდგამ. ქალბატონო ლამარა, ეს თქვენი ოთახია? დიდი, ნათელი, ჩვენს საძინებლად უფრო გამოდგება, თქვენ პატარა ოთახში შეგიძლიათ გადასვლა, ამხელა ოთახი რაში გჭირდებათ?”

ლამარას ემოციები აერია, სხეული გაუბუჟდა: “მირანდა, რის საფუძველზე განაგებ აქაურობას? ეს ბინა იყიდე ან წვლილი მაინც შეიტანე? ჩემთვის საერთო არავინ ხარ. ჩემი თანხმობის გარეშე გადაწყვიტე ყველაფერი?”

“ლევან, ხომ გითხარი, დედაშენი შეგვეწინააღმდეგება-მეთქი, ასეც ვიცოდი. როგორ ვიცხოვრებთ ამ საღორეში, რემონტი თუ არ გავაკეთეთ?”

“დედა, მირანდა ხომ მართალია, ასი წელია, რემონტი არ გაგვიკეთებია, ეს ბროლით სავსე სერვანტი დიდი ხნის წინ უნდა გადაგვეგდო. ჩვენ ლამაზ, თანამედროვე ბინაში გვინდა ცხოვრება.”

“ჯერ ერთი, ეს სერვანტი შენ არ გიყიდია, რომ გადააგდო. ლამაზი, თანამედროვე ბინა თუ გნებავთ, წადით, იმუშავეთ და იყიდეთ, გააკეთეთ იქ, რაც გენებოთ. ეს ჩემი ბინაა და მასში მბრძანებლობის საშუალებას არ მოგცემთ.”

“დედა, შენ უკვე შენი ცხოვრებით იცხოვრე, ახლა ჩვენც მოგვეცი ცხოვრების საშუალება, ბინა ხომ მაინც მე მერგება მემკვიდრეობით. რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ მასში ყველაფერი ისე, როგორც გვინდა? ჩვენ ხომ არ გაგდებთ, პატარა ოთახი მოსახერხებელი იქნება შენთვის, ყველაფერი ახლოს გექნება. სამაგიეროდ, სიბერეში წყლის მომტანი გეყოლება, მე და მირანდა არ დაგტოვებთ.”

“ჩემი დრო უკვე მოვჭამე, არა? ვინ ხართ, ჩემ ნაცვლად რომ წყვეტთ? მე ჯერ კიდევ არ ვარ ბებერი, წინ კიდევ ბევრი წელი შეიძლება მელოდებოდეს, ისე ვიცხოვრებ, როგორც მე მინდა და არა თქვენ. საუბარი დავასრულე.”

ლამარა თავის ოთახში წავიდა. წნევა აეწია და თავბრუ დაეხვა. წამალი დალია და წამოწვა. მეზობელი ოთახიდან ხმამაღლა საუბარი ესმოდა. კარის მიჯახუნებამდე გაიგონა “ბებერი ძროხა!” მირანდა დაემშვიდობა მას ასე.

ლევანი მეორე დღეს თავისი ნივთების წასაღებად მივიდა. მას უკმაყოფილო და ნაწყენი სახე ჰქონდა.

“აჰა, დედიკო, მარტო გტოვებ შენს ძვირფას ბინაში, აკეთე, რაც გენებოს. მე და მირანდა ბინას ვიქირავებთ. შეგრცხვეს!”

ლამარამ იგი კარამდე მიაცილა და ხელიც დაუქნია. არასდროს უფიქრია, რომ ერთადერთი ვაჟისგან ასეთ სიტყვებს მოისმენდა. მთელი თავისი ცხოვრება ქმარსა და ვაჟს მიუძღვნა, ახლა კი ასეთი დამოკიდებულება… კარგია, მამას რომ არ ესმის ეს ყველაფერი.

ვაჟმა დედა ქორწილში არ დაპატიჟა, ნუ, თვითონაც არ წავიდოდა. რემონტი გააკეთა, ბროლი გარეცხა და სერვანტში დააბრუნა. თუნდაც მოდიდან გადასული, დაძველებული იყოს, მას ასე მოსწონს, ეს სერვანტი მისთვის ძვირფასია და ვერავინ გაბედავს მის ბინაში მბრძანებლობას.

ნახევარ წელიწადში, ვაჟი ჩემოდნით დაბრუნდა სახლში.

“დე, მირანდამ სხვა, უფრო მდიდარი კაცი იპოვა, მითხრა, რომ მათხოვართან არაფერი ესაქმებოდა. ისე მიყვარს, არ ვიცი, რა ვქნა ახლა.”

“იცხოვრე, ლევან, საკუთარი ცხოვრებით, და არა სხვების მითითებებით. იმუშავე და დააგროვე ფული საკუთარი ბინისთვის. ეს ბინა დისშვილს (მიშას) უნდა ვაჩუქო, მას სამი შვილი ჰყავს, ჯერ არ მითქვამს ეს ამბავი. ცხოვრებას გავაგრძელებ, როგორც მესიამოვნება, ვერავინ გაბედავს აქ მბრძანებლობას.”

ლევანი მიხვდა, რომ დედას ძალიან ატკინა გული, თუმცა, ბოდიში აღარ მოუხდია. ფიქრობდა, რომ დედამ დაუნგრია ოჯახური ბედნიერება. თუმცა, ლამარას არ ადარდებდა, რას ფიქრობდა შვილი.