საყოფაცხოვრებო მაგია: რა უნდა გააკეთოთ ამ კვირაში, სიყვარული და ფული რომ მოიზიდოთ

0
1002

მართალი იყო თუ არა მამაკაცი, რომელმაც შენიშნა, რომ ნებისმიერი ქალი ცოტათი ჯადოქარია, თითოეულ ჩვენგანში ხომ გარკვეული ბუნებრივი ძალაა, რომელიც გვეხმარება განსაკუთრებული ქალურობისა და შინაგანი შუქის შეძენაში. ამ რუბრიკაში Girl.ge-ის რედაქცია არ დაკავდება საშიში რიტუალებითა და შავი მაგიით, არც იმას გასწავლით, როგორ მოხარშოთ სიყვარულის ელექსირი და თავი მოაწონოთ ლამაზ ბიჭებს, და, რაღა თქმა უნდა, არ გეტყვით, როგორ უნდა ავნოთ ვინმეს. მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ამ სამყაროს თქვენთვის ოდნავ უკეთესსა და მიმზიდველს გავხდით, ცხოვრებას – უფრო ნათელსა და ფერადს.

ამ წელმა ჩვენ არამხოლოდ ლამაზი, თოვლიანი ზამთარი, არამედ ძალიან მოსახერხებელი კალენდარიც გვაჩუქა – ზამთრის ბოლო თვის დასასრული კვირას ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გაქვთ სეზონური ცვლილებისთვის და გაზაფხულის შესახვედრად მომზადების დრო. ეს დიდებული პერიოდი უნდა დაიწყოთ განწმენდითა და წესრიგის დამყარებით.

პირველ რიგში, დაკავდით სახლის საქმეებით და ჰარმონია დაამყარეთ გარშემო სივრცეში. საყოფაცხოვრებო მაგია თქვენი ძალის წყაროს (სახლის) განწმენდით იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ბევრ რამესთან გამოთხოვება მოგიწევთ. დასაწყისისთვის, გადაარჩიეთ ქსოვილები და გარეცხეთ ფარდები. რაც უფრო მეტ შუქს შემოუშვებთ სახლში ამ პერიოდში, მით უფრო მეტი ენერგია მოგეზღვავებათ. გაღვიძებისა და აქტიური ცხოვრების დაბრუნების დროა! მშვიდობით, თბილო პლედებო და სქელო ფარდებო.

გარშემო მსუბუქი, ნათელი ქსოვილები უნდა დაალაგოთ, თანდათან მოიშორეთ უსარგებლო ბალიშები, საბნები, ხალიჩები თუ სუფრები. ყველა ფუმფულა ნივთი სიზარმაცისა და მოდუნებისკენ გიბიძგებთ, ეს კი ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ. შემდეგ, გარეცხეთ ყველაფერი, რასაც მისწვდებით, სახლში წესრიგი დაამყარეთ. შუშისა და მეტალის საგნები უნდა ბრწყინავდეს, ყველაფერი მატე და ხის კი სუფთა და შეგრძნებით სასიამოვნო უნდა იყოს. შეძლებისდაგვარად, განაახლეთ ჭურჭელი. გამოიყენეთ მეტი კერამიკა და გამჭვირვალე შუშა. ჭურჭელი, რომელსაც ზამთარში ბზარები გაუჩნდა, სინდისის ქენჯნისსა და სენტიმენტების გარეშე გადაყარეთ.

სახლში ფული რომ შემოვიდეს, ინტერიერში იმ ფერის ნივთები გაამრავლეთ, რომლებიც პასუხს აგებს კეთილდღეობის კონკრეტულ სფეროზე. აირჩიეთ რამე მეტალის, ძველი და მაქსიმალურად გაქექილი. სპილენძის ვინტაჟური ჯეზვე ან კარის ლამაზი ზარი ანტიკვარიატის მაღაზიიდან მოიზიდავს ჯანმრთელობას, ვერცხლის ჭურჭელი და ბებიისდროინდელი სამკაულები განწყობას აამაღლებს და ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, მოოქროვილი ან ფაიფურის ქანდაკებები კი სიმდიდრეს მოიზიდავს და საშუალებას მოგცემთ, სამსახურში დაწინაურდეთ. აგრეთვე, შეგიძლიათ, შესასვლელი ხალიჩის ქვეშ მონეტა დადოთ ან მაგიდაზე ყვითელი ვაშლებით სავსე ლარნაკი მოათავსოთ.

როგორც კი სახლში წესრიგს დაამყარებთ, მაშინვე დაკავდით საკუთარი თავით. გაიზმორეთ და ტონუსში მოიყვანეთ ზამთარში მოდუნებული სხეული. ყოველი დილა ერთსა და იმავე დროს დაიწყეთ, შეძლებისდაგვარად, მზის ამოსვლამდე. გაღვიძებისთანავე, ნუ იჩქარებთ საწოლიდან ადგომას, ცოტა ხანს იწექით, გონებრივად განეწყეთ კარგი დღისა და იღბლისთვის. გადევნეთ ნეგატიური აზრები და ეცადეთ, დადებითი ემოციები მოიკრიბოთ. თვალქვეშ შეშუპება და სილურჯეები რომ არ გაჩნდეს, წინასწარ მოამზადეთ სახის დასაბანი წყალი და ჩამოიბანეთ სახე მარტო ყოფნისას, სარკის წინ.

დასაბანი სამკურნალო წყლის რეცეპტი მარტივია: წინასწარ გაყინეთ გაფილტრული ან ბოთლის წყალი, შემდეგ კი აცადეთ გალღობა, მოათავსეთ მასში ხმელი გვირილის პაკეტი და რამდენიმე წვეთი ვარდის, იასამნის ან სხვა ყვავილის ნატურალური ზეთი, რომელიც განწყობას გიმაღლებთ. თუ ეფექტის გაძლიერება გსურთ, გაიგეთ თქვენი ყვავილი ჰოროსკოპის მიხედვით და ის გამოიყენეთ. დაბანისას, არ ახახუნოთ ხელები სახეზე, გონებაში აქეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა. დეტალებში წარმოიდგინეთ გლუვი, უდეფექტო კანი, იგრძენით, როგორ გლუვდება წვრილი ნაოჭები და სახე ოქროსფრად ელვარებს. დასავარცხნად გამოიყენეთ სუფთა სავარცხელი, ჩამოცვენილი თმა კი საგულდაგულოდ შეაგროვეთ – მათაც თავიანთი ენერგია გააჩნიათ, ამიტომ ნუ გადაყრით.

ამასთან, ზამთრის ბოლო კვირას აუცილებლად დააცარიელეთ მაცივარი და საყინულე, მოამზადეთ რამე იქ არსებული პროდუქტით. თუ საკვების სტრატეგიული მარაგი მშიერი ჯარისკაცების არმიას გააძღობს, მოაწყვეთ საოჯახო დღესასწაული ან დაპატიჟეთ მეგობრები. ზამთარს გულუხვად უნდა დაემშვიდობოთ და ადგილი გაუთავისუფლოთ ყველაფერ ახალსა და სასარგებლოს. განსაკუთრებით სწრაფად უნდა მოიშოროთ ხორცი და თევზი. ისინი სასარგებლოა სიცივეში, თუმცა, გაზაფხულზე არა, რამდენადაც განსაკუთრებულ ენერგიას ატარებენ. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ისინი კვირაში არაუმეტეს სამჯერ უნდა მიირთვათ, თანაც, მაქსიმალურად ახალი. მაცივრის გაცარიელების შემდეგ, შეალაგეთ იქ მხოლოდ ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი, პური და ტკბილეული. ეცადეთ, აღარ მოიმარაგოთ პროდუქტი და აირჩიოთ ინტუიციური კვება.

პირადი ცხოვრება რომ გამოასწოროთ, ზამთრის ბოლო კვირას გაამახვილეთ ყურადღება თეთრეულზე, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ. წითელი ფერი მოიზიდავს ვნებას, ვარდისფერი – სინაზეს, თეთრი – სიმშვიდეს, ხოლო შავი – მარტოობას, თუ ზედმეტი ყურადღებისგან დაიღალეთ.

თუ პირიქით, საყვარელ ადამიანში სექსუალური მადის აღძვრა გნებავთ, ცოტა ხნით უარი თქვით თეთრეულისა და ტანსაცმლის მუქ ფერებზე, აირჩიეთ რამე ფერადი და მკვეთრი. ასე არამხოლოდ გააფერადებთ ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ გაააქტიურებთ საძინებლის სფეროსაც.

ნუ გადააჭარბებთ სუნამოებისა და სამკაულების გამოყენებას. დრო მოვიდა, უფრო ახალ არომატებზე გადახვიდეთ, როგორც სახლის, ისე საკუთარი თავისთვის. ლავანდის წყალი მარტივად გაღვიძებაში დაგეხმარებათ, სიცილიური ფორთოხლის ზეთი კი მოგაშორებთ უილაჯობას და მოგცემთ ენერგიას, ნუში მოგადუნებთ და სტრესს შეამცირებს. შეძლებისდაგვარად, განათავსეთ ცოცხალი ყვავილები საძინებელსა და სამზარეულოში, სააბაზანოში და ტუალეტის მაგიდაზე კი საყვარელი სუნამოთი გაჟღენთილი ხმელი ყვავილები დაალაგეთ. კარიერისტებს მოუხდებათ ბამბა, მზრუნველ დიასახლისებს – ხორბალი, ხოლო ახალგაზრდა გოგონას, რომელიც სწავლაზეა კონცენტრირებული – ხმელი ქრიზანთემები.

სამკაული ან ზოდიაქოს ნიშნის, ან იმ მიზნის მიხედვით უნდა აირჩიოთ, რომელიც დასახული გაქვთ. გადაწყვეტილებები მარტივად რომ მიიღოთ, მოიხდინეთ წითელი და მწვანე ქვები, ოქროსთან ერთად. გამოდგება ლალი, ძოწი, ტურმალინი, ამეთვისტო, ოლივინი და ზურმუხტი. სიმშვიდისა და გაწონასწორებისთვის აირჩიეთ აკვამარინი და საფირონი თეთრ ოქროში ან ვერცხლში, რომანტიკისთვის კი გაიკეთეთ ქარვა, ციტრინი ან მარგალიტი. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ მარგალიტი და ამეთვისტო ყოველთვის ორი სამკაულისგან შემდგარ კომპლექტად უნდა მოირგოთ, მაგალითად, როგორც საყურე ან ყელსაბამი და ბეჭედი.