
სახისა და სხეულის კანს საგულდაგულო წმენდა სჭირდება. მოუწყვეთ საკუთარ თავს პილინგის პროცედურა სახლის პირობებში, იმ სკრაბების გამოყენებით, რომელთა რეცეპტებს ახლა Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ისეთი პროდუქტი დაგჭირდებათ, რომლებიც ისედაც გქონდათ სახლში – სამზარეულოში.
სახლის პირობებში პილინგი მარტივი და ეფექტური კოსმეტოლოგიური პროცედურაა. სხვადასხვა აბრაზიული ნაწილაკი ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს, ამავდროულად, აუმჯობესებს კანში ჟანგბადის მიმოცვლას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. კანი აქტიურად ახლდება და უკეთ იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს ყოველდღიური კრემებისგან.
კოსმეტოლოგთან წასვლის დრო და ფული ყველას არ გააჩნია, მაღაზიაში იდეალური სკრაბის საპოვნელად კი 1 წელი შეიძლება დაგჭირდეთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სკრაბის მომზადებას სახლში, საკუთარი ხელით – იქნებ, ნაყიდი ვარიანტი საერთოდ აღარ დაგჭირდეთ?
შაქრის სკრაბი ტუჩებისთვის – კვირაში ერთხელ
შაქრის სკრაბი ტუჩებს გააგლუვებს, დაარბილებს და დაამშვენებს. კარგად მოვლილ ტუჩებზე მაკიაჟიც უფრო დიდხანს ძლებს და ისედაც უკეთ გამოიყურება. ერთადერთი მინუსი – მისი შეჭმა მოგინდებათ.
პატარა თასში შეურიეთ 1 ჩ.კ. სქელი თაფლი, ამდენივე ჟოჟობას ზეთი და 1 ს.კ. შაქრის წვრილი კრისტალები. ყურადღება მიაქციეთ კონსისტენციას: შაქარი თაფლსა და ზეთში არ უნდა ცურავდეს; სქელი მასა უნდა მიიღოთ. წაისვით იგი ტუჩებზე, დაიზილეთ, ჩამოიბანეთ და წაისვით ჰიგიენური ტუჩსაცხი.
რჩევა: არ აიღოთ ეს სკრაბი სველი თითებით – ქილაში მასის ნარჩენები ჩაშაქრდება და სკრაბი გამოყენებისთვის უვარგისი გახდება.
ბრინჯის სკრაბი სახისთვის – კვირაში ერთხელ
ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, ბრინჯის სკრაბი ნამდვილი პანაცეაა. ბრინჯი მძლავრი აბსორბენტია და კანიდან იწოვს მთელ ჭუჭყს, ნასვრეტებს მაქსიმალურად წმენდს.
პირველ რიგში, გარეცხეთ და კარგად გააშრეთ 100 გ ბრინჯი. რამდენიმე დღეში, როცა ბრინჯი იდეალურად მშრალი და სუფთა იქნება, დააქუცმაცეთ ბლენდერში ან ყავის საფქვავში მტვრის კონსისტენციამდე – ძალიან წვრილად. დაიტანეთ სკრაბი დაორთქლილ კანზე. წინასწარ შეურიეთ ბრინჯის ნაწილაკები უბრალო წყალს ან კიტრის ან ლიმონის წვენს.
რჩევა: თუ მშრალი კანი გაქვთ, მოერიდეთ ამ სკრაბს. წყლის ან წვენის ნაცვლად, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი ან მაწონი – რამე უფრო მკვებავი.
ყავის სკრაბი პრობლემური ზონებისთვის – კვირაში ორჯერ
კოფეინმა დიდი ხნის წინ დაუმტკიცა დიეტოლოგებსა და კოსმეტოლოგებს თავისი სარგებლიანობა. პრობლემური ზონების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, იგი ძალიან ეფექტური საშუალებაა. ყავის სკრაბი დაგეხმარებათ “ფორთოხლის ქერქის” მოშორებაში, გაამკვრივებს, გააგლუვებს და დაჭიმავს კანს.
200 გ ყავა ჩაყარეთ საფქვავში და დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ 5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი და რამდენიმე ს.კ. ზეითუნის ზეთი. კანი, რომელზეც სკრაბს წაისვამთ, წინასწარ უნდა გაიწმინდოთ, დაასველოთ და დაორთქლოთ. კარგად დაიზილეთ პრობლემური ზონები 15 წუთის განმავლობაში.
რჩევა: ასეთი სკრაბი არამხოლოდ ახლადდაფქული ყავით, არამედ ყავის ნალექითაც მზადდება.
თაფლ-მარილის სკრაბი მთელი სხეულისთვის – კვირაში ერთხელ
თაფლისა და მარილის ტანდემი დიდი ხნის წინ იქცა კლასიკად: ეს მასა იმდენად კარგად დევნის კანიდან შლაკებს, რომ კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც კი შურ მისი! შეურიეთ 200 გ მარილი 100 გ თხევად თაფლს და სულ ესაა, ამაზე მარტივი რა უნდა გააკეთოთ?
წაისვით იგი თანაბრად მთელ სხეულზე და დაიწყეთ მასაჟის კეთება. თავიდან, შეასრულეთ დიდი წრიული მოძრაობები, შემდეგ – უფრო მცირე. დაე, თაფლ-მარილის მასა ცოტა ხანს დარჩეს სხეულზე. ახლა კი დაიწყეთ ხელების რტყმა, თითქოს, სკრაბის კანიდან მოგლეჯას ლამობთ. დაკვრითი მოძრაობებით, კანიდან შლაკების გამოდევნას დაიწყებთ და ააჩქარებთ თაფლიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას.