
სახის ერთსა და იმავე მონაკვეთზე გამონაყარის გაჩენა შეიძლება ამა თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემის, არასწორი კვების ან თავის მოვლის ბრალი იყოს. ყურადღებით შეისწავლეთ და დროულად მიიღეთ ზომები სახის კანზე გამონაყარის წინააღმდეგ.
Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, სახის რომელ მონაკვეთზე გამოანაყარი ორგანიზმის რომელ პრობლემაზე მიუთითებს.
1. გამონაყარი ნიკაპზე
თუ ყველაზე ხშირად გამონაყარი სახის ქვედა ნაწილზე – ნიკაპზე ან ქვედა ყბის ზოლზე ჩნდება, ეწვიეთ ენდოკრინოლოგს. სწორედ ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებსა და ჰორმონულ დისბალანსს შეუძლია ასეთი პრობლემის გამოწვევა.
2. გამონაყარი საფეთქლებზე
ალბათ, კორექციის თვალსაზრისით, ყველაზე უწყინარი ვარიანტია. საფეთქლების არეში გამონაყარი ბანალურ გაუწყლოებაზე მეტყველებს. მიირთვით მეტი წყალი და დაინახავთ, რომ სიტუაცია სწრაფად გამოსწორდება.
3. გამონაყარი შუბლზე
შუბლზე გამონაყარი გაგიჩნდათ? გაგიკვირდებათ, თუმცა, ამას ხშირად იწვევს თმის შამპუნი და ბალზამი. კანზე მოხვედრისას, იგი აღწევს ნასვრეტებში და – მზადაა! მეორე შესაძლო მიზეზია დეკორატიული კოსმეტიკის უხარისხოდ მოშორება. დაბოლოს, მესამე – კანზე დამცავი ფენის მომსპობი სკრაბებისა და პილინგების ჭარბი გამოყენება.
4. გამონაყარი ტუჩების გარშემო
თუ დაუპატიჟებელი სტუმრები ყველაზე ხშირად ტუჩის გარშემო ჩნდება, შეამცირეთ ტკბილი და ცხიმიანი საკვების რაოდენობა რაციონში, უარი თქვით ალკოჰოლზე. სახეზე გამონაყარის მიზეზი თქვენს რაციონში მდგომარეობს. კუჭქვეშა ჯირკვალი გიგზავნით ასე SOS სიგნალს.
5. გამონაყარი ლოყებზე
დიდი ალბათობით, სახეზე ხელებით შეხება გიყვართ, როცა მაგიდასთან ზიხართ ან ტელეფონით საუბრობთ. ასე თუ ისე, შეიარაღდით ხელის ანტიბაქტერიული სპრეით და უფრო ხშირად გაიწმინდეთ ხელები, არ დაგავიწყდეთ მობილურის ეკრანის წმენდაც: ისიც მიკრობების ბუდეა.
6. გამონაყარი T-ზონაზე
აწეწილი ნერვების პირდაპირი შედეგი. სტრესი, უძილობა, ნერვიულობა – ეს ყველაფერი შუბლის შუა ნაწილზე, ცხვირის ფრთებსა და წარბებს შორის მონაკვეთზე გამონაყარს უყრის საფუძველს. როგორ მოვიშოროთ სახეზე ასეთი გამონაყარი? დაფიქრდით შვებულებაზე, დასვენებაზე. ან უფრო ადრე მაინც დაიძინეთ, მაშინაც კი, თუ ინტერნეტში ვიღაც არასწორს ბაზრობს.