
სახის კანის ცხიმიანი პრიალი ერთ-ერთი მთავარი ბიუთი-პრობლემაა, რომელსაც ზაფხულში ვაწყდებით ხოლმე. თავისთავად, სიტუაციას აუარესებს სიცხე და მომატებული ოფლდენა – სამწუხაროდ, პრინცესებიც კი ვერ არიდებენ თავს ამ სირთულეებს.
ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონეები ზაფხულში რთულ ბრძოლაში ერთვებიან პრიალთან, რომელიც აფუჭებს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მოდურ ლუქს. რაღა თქმა უნდა, ცხიმიან კანს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს – იგი გაცილებით ნაკლებად ექვემდებარება მიმიკური ნაოჭების გაჩენას, ვიდრე მშრალი. თუმცა, არამგონია, ეს ფაქტი გამშვიდებდეთ. ამიტომ, Girl.ge-ის რედაქცია გაგარკვევთ, როგორ უნდა მოიშოროთ ცხიმიანი პრიალი და მოიქცეთ ისე, რომ კანი იდეალურად მატე გახდეს.
როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი სახეზე
1. ყურადღება მიაქციეთ დროს
გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ თქვენი ქონის ჯირკვლები საათივით მუშაობენ. დილით, სამსახურამდე სახეს იბანთ და, თითქოს, ყველაფერი სრულ წესრიგშია, თუმცა, სულ რამდენიმე საათში, მაშინაც კი, თუ არ გაოფლიანებულხართ, ცხიმიანი პრიალი ზაფხულის მზეზე უფრო მეტად ანათებს. რეალურად, კოსმეტოლოგებმა გაარკვიეს, რომ გაღვიძებიდან 2-3 საათში და მომდევნო 4-5 საათის განმავლობაში, ჩვენი ქონის ჯირკვლები ყველაზე აქტიურია, სწორედ ამ პერიოდშია საჭირო პრობლემური მონაკვეთების გაწმენდა.
2. გამოიყენეთ ხელსახოცები
თუ სახეზე პრიალი შენიშნეთ, ნუ გადასწვდებით პუდრას – მისი ფენის ქვეშ კანი უფრო აქტიურად დაიწყებს მუშაობას, 20 წუთში კი პუდრის ხელახლა წასმა გახდება საჭირო. გაცილებით სწორი იქნებოდა ცხიმიანი მონაკვეთების გაწმენდა მატე ხელსახოცებით. სხვათა შორის, თუ ისინი არ გექნებათ, შეგიძლიათ ყავის ფილტრების გამოყენება – მათაც შეუძლიათ ცხიმის მოშორება, თანაც, დიდი ალბათობით, სახლში ან ოფისში გექნებათ. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ხელსახოცის ხახუნი სახეზე! უბრალოდ დაიდეთ პრობლემურ მონაკვეთზე და ოდნავ დააჭირეთ.
3. წაიკითხეთ ეტიკეტი
თქვენი გამწმენდი საშუალება არ უნდა იყოს ზედმეტად უხეში, მაშინაც კი, თუ ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ. ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, უარი თქვით ლოსიონებსა და ტონიკებზე, რომლებიც შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, ნატრიუმის სულფატს, ლაურეტ სულფატს ან ლაურეტ ამონიას. ეს ინგრედიენტები, როგორც წესი, აუწყლოვებს კანს და სიმშრალით “შეაშინებს” ქონის ჯირკვლებს, ეს უკანასკნელნი კი უფრო აქტიურად დაიწყებენ ქონის გამოყოფას.
4. არ გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი
ეს რჩევა სადავოდ მოგეჩვენებათ, რადგან ყველა გვიმტკიცებს, რომ წყალი სიცოცხლის წყაროა, ესე იგი, კანს სჭირდება დამატენიანებელი კრემი. დიახ, ეს სიმართლეა. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანი არ გიპრიალებთ! მოუწყვეთ T-ზონას დიეტა – წაისვით კრემი მხოლოდ იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც მართლა სჭირდება დატენიანება და არა ცხიმის ზედმეტი ფენა. თუ ცხოვრება კრემის გარეშე არ შეგიძლიათ, შეიძინეთ სპეციალური მატე საშუალება. ასეთი პროდუქტები, ჩვეულებრივ, შეიცავს თუთიას, რომელიც პრიალს ეფექტურად ებრძვის.
5. უარი თქვით ჩვეულებრივ ტონალურზე
ბოდიში, მაგრამ ცუდი ამბავი გვაქვს – ტონალური კრემის გამოყენებაც არაა რეკომენდებული პრობლემურ ზონებზე. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ტონალური შეიცავს ცხიმოვან ფუძეს, რის გამოც კანი უარესად პრიალებს. ამ შემთხვევაში ერთადერთი ვარიანტია მისაღები – თხევადი ტონალური შრატი. როგორც წესი, ეს პროდუქტები ძალიან მარტივი და “გაუცხიმოვნებულია”, ამიტომ, იდეალურია T-ზონისთვის. კიდევ ერთი ვარიანტი – ტონალური საშუალება მატე ეფექტით, რომელიც სპეციალურად პრიალის გასანეიტრალებლადაა შექმნილი.
6. არ დაიბანოთ ხშირად
დიახ, ცხიმიან კანს წმენდა სჭირდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მუდმივი წმენდა საჭიროა. დაიბანეთ დღეში არაუმეტეს სამჯერ, დანარჩენ შემთხვევებში კი მათე ხელსახოცები გამოიყენეთ. პრინციპი მარტივია – რაც უფრო ზედმეტად აშრობთ კანს სპეციალური ქაფებითა და გელებით, მით უფრო მეტ სეკრეტს გამოიმუშავებს.
7. გამოიყენეთ სალიცილის მჟავა
ეს იაფფასიანი საშუალება სასწაულებს ჩადის! სალიცილის მჟავა გააზავეთ მინერალურ წყალში – გაიწმინდეთ სახე ამ ტონიკით დილა-საღამოს. ეს მართლაც ეფექტური რამაა – გამოყენების დაწყებიდან 2-3 დღეში შენიშნავთ, რომ კანი ისე აქტიურად აღარ პრიალებს, ნასვრეტები კი შევიწროვდა და გაუფერულდა.