
ქსოვილების შეშუპებას სხვადასხვა მიზეზი იწვევს. მაგალითად, ჭარბი წონა, ცხელი ამინდი, არასწორი კვება, დაავადება, ფიზიკური დატვირთვა. უამრავი მიზეზი არსებობს, შედეგი ერთია: სიმძიმე, დისკომფორტი, მაღალი არტერიული წნევა და ზედმეტი დატვირთვა გულზე.
ამ დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა გამოკვლევების ჩატარება და შეშუპების მიზეზის გამოვლენა, ქრონიკული დაავადებები და სახიფათო მდგომარეობების გამორიცხვა და შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნა. მანამდე კი, Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით სახლის პირობებში მდგომარეობის შემსუბუქებას შეძლებთ. მიზანი – სითხის მიმოქცევის გაუმჯობესება და ქსოვილებიდან ჭარბი სითხის გამოდევნა.
შარდმდენი საშუალებები
დღეს სამკურნალო მედიკამენტებზე არ ვსაუბრობთ, საქმე ხალხური მედიცინის რეცეპტებს ეხება. ისინი უფრო ნაზად მოქმედებენ და ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვთ. ნახარშები და ჩაის მიღებით ორგანიზმი ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს იღებს.
- წითელი მოცვის ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით. 2 ს/კ ფოთლები (ან 2 მზა ფილტრ–პაკეტი) დაგჭირდებათ, 0,3 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ და 2 მიღებად (დილა–საღამოს) გაანაწილეთ.
- 2 ს/კ ასკილის ნაყოფს 0,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და 10 წუთით ხარშეთ. თერმოსში გადაასხით და კიდევ ერთი დღე გააჩერეთ. გადაწურეთ და 3-4 მიღებაზე გაანაწილეთ. შეგიძლიათ გემოვნებით ცოტა თაფლი დაუმატოთ.
- პირშუშხას ფესვი წვრილ სახეხზე გახეხეთ. 4 ჩ/კ პირშუშხას ფესვს 5 ჩ/კ თაფლი აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3–ჯერ, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.
- 1 ს/კ გახეხილი პირშუშხას ფესვი 1 ჭიქა კეფირს ან მაწონს აურიეთ, 1 ს/კ დღეში 3–ჯერ, ცარიელ კუჭზე მიიღეთ.
- 2 ს/კ დაქუცმაცებულ სიმინდის ფუჩეჩს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე დადგით და 15 წუთით ხარშეთ. 45 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და 3 მიღებაზე გაანაწილეთ.
- 2 ს/კ დაქუცმაცებულ ტყის მარწყვის ხმელ ფოთლებს და კენკრას 400 მლ წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 15 წუთით გააჩერეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და მცირე პორციებად მიიღეთ.
პროდუქტები შეშუპების შესამცირებლად
ზედმეტი სითხის მოსაშორებლად რაციონში ჩართეთ:
- ციტრუსი: ლიმონი, ლაიმა, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მანდარინი;
- საზამთრო, ყაბაყი, გოგრა;
- კენკრა: ჟოლო, მარწყვი;
- ხილი: მჟავე მწვანე ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ანანასი, ატამი, კომში;
- ბოსტნეული: პომიდორი, კიტრი, ნიახური, ჭარხალი, კომბოსტო;
- მარცვლეული: შვრია, წიწიბურა, ფეტვი.
უფრო მეტი, სუფთა, უგაზო წყალი დალიეთ. მარილიან, შებოლილ, ზედმეტად ტკბილ კერძებსა და სასმელებზე, ალკოჰოლზე, ყავასა და ჩაიზე უარი თქვით.
აბაზანები და კომპრესები
მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს და კიდურების შეშუპებას აქრობს აბაზანები ზღვის მარილით და ბალახების ნახარშით – გვირილა, სალბი, ქრისტესისხლა, კატაბალახა, პიტნა, არყის ფოთლები. ყინულიან კომპრესებს და კონტრასტულ შხაპს კარგი ეფექტი აქვს.
პროცედურის ხანგრძლივობა – 10-15 წუთი.
ვარჯიში
ფეხის შეშუპების შესამცირებლად მოსახერხებელი პოზა უნდა მიიღოთ, ფეხები თქვენი მენჯ–ბარძაყის სახსრების ზემოთ უნდა მოაქციოთ. იდეალური პოზა – ფეხები ზემოთ ასწიეთ და ამ პოზაში ცოტა ხნით გაჩერდით. ანალოგიურად მოიქეცით, თუ შეშუპება ხელებში გაქვთ.
ფეხისთვის ეფექტურია ვარჯიშები: ფეხების ქნევა, „ველოსიპედი“, „მაკრატელი“, ადგილზე სიარული. ხელებისთვის – ხელების გაშლა–დახურვა, ხელების ქნევა.
შეჯამება
შეშუპების ერთჯერადი გამოვლენა საშიში არაა, უფრო უსიამოვნო მოვლენაა, მასთან ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე თავიდან აცილება. ფეხების ხშირი შეშუპება მიზეზია, რომ ექიმს კონსულტანციისთვის მიმართოთ, მიზეზები დაადგინოთ და მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ.