
ტვინში სისხლის არასწორ მიმოქცევაზე მიგანიშნებთ სხვადასხვა დარღვევა:
- ხშირი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- თავში, ყურებში ხმაური, ყურებში შუილი;
- სისუსტე, გაფანტულობა, ყურადღების დაკარგვა, მეხსიერების პრობლემები;
- შრომისუნარიანობის შემცირება;
- ბუზები თვალების წინ;
უსიამოვნო სიმპტომებს თან ახლავს არტერიული წნევის ცვლილებები, ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლენები, ინსულტის წინა პერიოდი. მდგომარეობის დასარეგულირებლად Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნახარშებს, ნაყენებს და ჩაებს, რომლებიც ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ.
როზმარინი
როზმარინს ძლიერი ანტისკლეროზული თვისებები აქვს. ის ქოლესტერინის დონეს და არტერიულ წნევას ამცირებს, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
- როზმარინის ნაყენი. 2 ჩ/კ როზმარინის ფოთლები თერმოსში ჩაყარეთ და 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.
- როზმარინის ფოთლები მწვანე ჩაის მოდუღებისას 1:1 პროპორციით დაუმატეთ, 0,25 ლ წყალი და გემოვნებით თაფლი და ლიმონი დაუმატეთ.
სხვა ყველაფერთან ერთად, როზმარინს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, აძლიერებს და ტონუსს მატებს.
უკვდავა
უკვდავას სამკურნალო მიზნით მანამ კრეფენ, სანამ გვერდითა კალათები გაიხსნება. გრილ ადგილას აშრობენ და შემდეგ ნაყენების მოსამზადებლად იყენებენ. უკვდავაში შემავალი ნივთიერება სისხლძარღვების კედლებს წმენდს და აძლიერებს.
- ნაყენის მოსამზადებლად 2 ს/კ ყვავილებს 1 ლ ცხელი წყალი (არა მდუღარე, ტემპერატურა – დაახლოებით 60C) დაასხით. თერმოსში 3-5 საათით გააჩერეთ, გადაწურეთ. 200 მლ დღეში 3–ჯერ, ცარიელ კუჭზე დალიეთ.
- 2 ჩ/კ უკვდავა ემალის თასში ჩაყარეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 30 წუთით წყლის ორთქლზე გააჩერეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ, სითხის მოცულობა 200 მლ–მდე დაიყვანეთ. დილა–საღამოს ½ ჭიქა ნაყენი ცარიელ კუჭზე დალიეთ. ნახარში მაცივარში მაქსიმუმ 1 დღე შეინახეთ.
ბარამბო
ბარამბო სუფთა და ხმელი სახით ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, დიდი ნახევარსფეროების ქერქებში სისხლის მიწოდებას ზრდის, დამამშვიდებელ ეფექტს ფლობს.
წვრილად დაქუცმაცებული ბარამბოს ფოთლები თერმოსში ჩაყარეთ, ცხელი წყალი (60-70 C) დაასხით და 5-7 საათი გააჩერეთ.
ნაყენი ჩაის დაუმატეთ ან დამოუკიდებლად, როგორც სასმელი დალიეთ.
ბალახების ნაკრები
ეფექტის გასაძლიერებლად სამკურნალო ბალახები კომპლექსურად გამოიყენეთ.
- მშრალ ემალის ჭურჭელში თითო სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი, პიტნა, ჭაობის ბერულა, დაქუცმაცებული ოროვანდის ფესვები და არყის კვირტები ჩაყარეთ. ინგრედიენტები აურიეთ და 2 ს/კ ბალახების ნარევი თერმოსში ჩაყარეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 1-2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ, გააგრილეთ და დღის განმავლობაში 250 მლ (სამ ეტაპად გაანაწილეთ) მიიღეთ. უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- ცალკე ჭურჭელში 2–2 სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი, შავბალახა და მრავალძარღვა აურიეთ, 1 ს/კ კუნელი და ჭინჭრის ფოთლები, 3 ს/კ სააფთიაქო გვირილას ყვავილები, 2 ჩ/კ სალბი ჩაყარეთ. კარგად აურიეთ და 2 ს/კ ბალახების ნარევი თერმოსში ჩაყარეთ, 0,5 მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 100–100 მლ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- 2–2 სუფრის კოვზი კუნელის ფოთლები და ყვავილები, პიტნის ფოთლები, ცაცხვის ყვავილები და სვიის გირჩები აურიეთ. 2 ს/კ ნარევი ემალის ქვაბში ჩაყარეთ, ცხელი წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 20 წუთით თუშეთ. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და ½ ჭიქა დღეში 3–ჯერ ცარიელ კუჭზე დალიეთ.