ვარცხნილობა ჩაფლავდა? როგორ გამოვიდეთ სალონიდან თმით კმაყოფილი – ოსტატის 5 რჩევა

0
875

“მორჩა!” – გვეუბნება დალაქი და ჯადოქრის ჟესტით გხსნით მხრებიდან პანჩოს. მსუბუქი აღელვებით იყურებით სარკეში და ახალი ლუქისგან აღტაცებას ან გაცრუებული მოლოდინისგან სიმწარეს გრძნობთ. როგორ უნდა მოემზადოს კლიენტი სალონში ვიზიტისთვის და რა უნდა განიხილოთ ოსტატთან, ვარცხნილობამ იმედი რომ არ გაგიცრუოთ? იპოვეთ პასუხი Girl.ge-ის რედაქციის სტატიაში.

ტიპური სიტუაციები

დალაქების შესახებ ფილმებში ვხედავთ ხოლმე, როგორ შედის კლიენტი სალონში და სკამზე უსიტყვოდ ჯდება. ოსტატი მაკრატლით სალტოებს ასრულებს, ბედნიერი ქალი კი შედეგით აბსოლუტურად კმაყოფილი მიდის. თუმცა, რეალურად, სტილისტს არ შეუძლია აზრების კითხვა, კლიენტს კი თავისი მოლოდინის ახსნა. დამწყები დალაქი კომედიიდან “არ ეხუმრო ზოჰანს” ამ შემთხვევაში მარტივად იქცეოდა: ყველა ქალბატონს ერთსა და იმავე ექსცენტრულ ვარცხნილობას ჭრიდა. ასეთი შედეგი რეალურ ცხოვრებაში ბევრს ვერავის გაახარებს.

ფილმის “ედვარდ მაკრატელხელბა” მთავარ გმირს თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ლამაზი ვარცხნილობების შესახებ, რომლებსაც ზედმეტი სიტყვების გარეშე ასრულებდა. შედეგი ოდნავ გიჟური გამოდიოდა და აღაფრთოვანებდა ყველა ქალს, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში კლიენტს არ მოუნდება, გახდეს მოდელი ამდენად კრეატიული სტილისტის ექსპერიმენტებისთვის.

სალონიდან საოცნებო ვარცხნილობით გამოსვლა სავსებით შესაძლებელია, თუმცა, ოსტატთან განხილვის გარეშე ამის გაკეთება მხოლოდ ზღაპარში თუ შეიძლება.

ცოტათი “მავნე რჩევები”

არსებობს ორი საშუალება იმისთვის, რომ სალონში მიიღოთ შედეგი, რომელიც არ გინდოდათ.

  • პირველი – მინიმალური კონკრეტიკა. შესთავაზეთ “მისი გემოვნებით” რამის გაკეთება ან სთხოვეთ “როგორც ნატალი პორტმანს აქვს”, დაე სტილისტმა გამოიცნოს, რა სურს კლიენტს: რთული კონსტრუქცია “ვარსკვლავური ომებიდან” თუ ულტრამოკლე ზღარბი, როგორც “V ნიშნავს ვენდეტას”.
  • მეორე – აჩვენეთ ვარცხნილობის ფოტო და მოითხოვეთ ყველა დეტალის განმეორება, მაშინაც კი, თუ სტილისტი გეუბნებათ, რომ ეს შეუძლებელია.

ორივე შემთხვევაში, ერთნაირ შედეგს მიიღებთ: კლიენტი სალონს იმედგაცრუებული დატოვებს და ეცდება, არავის აჩვენოს თავისი ახალი ლუქი, სანამ თმა არ გაიზრდება. ასე რომ არ მოხდეს, სალონში მისვლამდე უნდა მოემზადოთ.

სალონში წასვლამდე

პირველ რიგში, ჩამოყალიბდით სასურველ ფორმასა და სიგრძეზე – თუნდაც ზოგად ფორმაზე. დაფიქრდით, რა გინდათ: ყურადღების სახეზე მიქცევა თუ მისი რომელიმე ნაწილის დაფარვა, მკაცრი იმიჯის შექმნა თუ დაუდევარი შემოქმედებითი ბუნების გამოხატვა.

დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა თმის ყოველდღე დავარცხნისთვის. “მსუბუქი დაუდევრობის” შესაქმნელად არანაკლებ 1 საათი დაგჭირდებათ, ამის გაკეთება კი ყოველდღე იქნება საჭირო.

შეკრიბეთ ფოტოები, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ვარცხნილობა თქვენზე სხვანაირი გამოვა, მოდელივით ვერ გამოჩნდებით. თმის ტიპი, სახის ოვალი, დავარცხნა და შეღებვაც კი ახდენს ვარცხნილობის იერზე გავლენას. დაბოლოს, ფოტოგრაფმა, შესაძლოა, ფოტო დაამუშავა.

გაითვალისწინეთ: გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ვარცხნილობის, დავარცხნისა და შეღებვის სტილის შერჩევაში. თუ არ იცით, რა გინდათ, ან რამდენიმე ვარიანტს შორის ირჩევთ, დაეკითხეთ ოსტატს და მან შეარჩიოს ყველაზე წარმატებული ვარცხნილობა, რომელიც მოგიხდებათ.

დაიმახსოვრეთ ზოგიერთი ტერმინიც. არაა აუცილებელი მთელი პროფესიონალური ლექსიკონის გაზეპირება – რამდენიმე ძირითადი ცნებაც დაგეხმარებათ ერთ ენაზე საუბარში.

პროფესიონალური ენა

თუ ოსტატი გაუგებარ სიტყვას წარმოთქვამს, ნუ დაგეზარებათ მისი განმარტების კითხვა. ესეც რამდენიმე ტერმინი, რომლებსაც სილამაზის სალონში მოჰკრავთ ყურს:

  • მელირება – ძირებიდან ბოლოებამდე თმის თხელი ზოლების გაღიავება;
  • ომბრე – პირიქით, ფერის ჰორიზონტალური გადასვლის შექმნა თმის მთელ მასაზე;
  • ბალაიაჟი ან შატუში – შეღებვის რთული ტექნიკა, რომელიც მზეზე ფერის ბუნებრივ გამოწვას ჰგავს;
  • ბრაშინგი გამოიყენება შრობის დროს: ესაა დიდი მრგვალი ჯაგრისი, რომელსაც ფენთან ერთად გამოიყენებენ, თმის მოცულობის შესაქმნელად;
  • სლაისინგის ტექნიკაში ოსტატი თმის გასწვრივ იჭერს მაკრატელს, თმას ოდნავ ახვევს;
  • ფილირება – თმის დამუშავება სპეციალური, ჭრილებიანი მაკრატლით. ჭრილები აშორებს არა თმას, არამედ ზედმეტ მოცულობას და ქმნის მოდურ “წყვეტილ” ბოლოებს;
  • რაც შეეხება გრადუირებას – იგულისხმება თმის “საფეხურებად” შეჭრა, რის შედეგადაც თხელ თმაზეც კი ლამაზი მოცულობა იქმნება.

ურთიერთგაგების უნივერსალური საიდუმლო

საბოლოო ჯამში, ყველა რჩევა დადის ერთ დასკვნამდე: ყველა დეტალზე ისაუბრეთ მუშაობის დაწყებამდე, თუნდაც იგი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. დასვით ბევრი კითხვა, მოუსმინეთ სტილისტს. გამოცდილი პროფესიონალი არ დამალავს, რომ არჩეული ვარცხნილობა რეალობაში ულამაზო შეიძლება გამოვიდეს. იგი თავის აზრს გაამტკიცებს და აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა ვარიანტებს. აუცილებლად დააზუსტეთ შრომის საფასური სეანსის დაწყებამდე, რათა უსიამოვნო სურპრიზები აიცილოთ თავიდან.

როგორც კი დარწმუნდებით, რომ არაფერი გამოტოვეთ, უბრალოდ მოდუნდით და მიენდეთ ოსტატს. ასე სარკეში ანარეკლი წარმოდგენილზე მხოლოდ ერთი რამის გამო განსხვავდება: შედეგი თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს.